მცურავი ხე და გაცურებული აქცენტები - კვირის პალიტრა

მცურავი ხე და გაცურებული აქცენტები

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ფარული ჩანაწერების სახით "ქართულ ოცნებას" ბომბი დაუტოვა და მასაც, თავისი ბედოვლათობით, ეს ბომბი ხელში აუფეთქდა!

სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებს ბრიუსელში მომხდარი საზარელი ტერაქტიც კი დაავიწყა ასი წლის ხემ, რომელიც ზღვით გააცურეს ციხისძირიდან შეკვეთილისკენ. დიდი გასაქანი მისცა ამ ფაქტმა ქართველთა იუმორს და ბევრი კარგი ხუმრობაც შეიქმნა, მაგრამ ვერაფერი გავუგე ამ ფაქტით აღშფოთებულებს. ისე გამოჰყავთ, თითქოს ამაზე დიდი დანაშაული არ მომხდარა. ზოგი წერს, უმწეობის განცდა დაგვეუფლა, რადგან ამ ფაქტით გამოჩნდა, რომ ივანიშვილისთვის საქართველო საკუთარი ეზოა და რასაც უნდა, იმას გააკეთებსო.

ივანიშვილის ხესთან დაკავშირებით მე მხოლოდ ერთ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი: სხვა რომელიმე მდიდარ ადამიანს რომ მოენდომებინა იმავეს გაკეთება, ამის უფლებას მასაც მისცემდნენ? თუ კი, მაშინ რა პრობლემაა? ანუ, თუ კანონი არ დარღვეულა, ვისი რა საქმეა, თავის ფულს ადამიანი რისთვის დახარჯავს? განსაკუთრებით სასაცილოა წინა ხელისუფლების მომხრეთა აღშფოთება: ეს რომ მიშას ექნა, წარმოგვიდგენია, რა ამბავი ატყდებოდა და რას უზამდით სააკაშვილსო. ეს შედარება აბსურდულია, რადგან სააკაშვილი ამას ბიუჯეტის ფულით გააკეთებდა, რაც ნამდვილად აღმაშფოთებელი იქნებოდა! თუმცა, სააკაშვილის მომხრეთა ლოგიკას თუ მაინც მივყვებით, პირიქითაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: რას იტყოდნენ ისინი, ეს რომ სააკაშვილს ექნა, თუნდაც ბიუჯეტის ფულით? დაიწყებოდა: "პირველად მსოფლიოში"... "მიშამ მოახერხა ის, რაც ჯერ არავის უქნია"... ჩამოიყვანდნენ "დისკავერის" გადამღებ ჯუფს და ამაზე ფილმს გადააღებინებდნენ.

რა უფრო ამორალურია - როდესაც მილიარდერი საკუთარ მილიონებს ხის გადარგვაში ხარჯავს, თუ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს ომის შემდეგ, ერთ თვეში, ბიუჯეტის ფულით საპრეზიდენტო თვითმფრინავით გერმანიიდან სექსუალური მასაჟისტი ჩამოჰყავს?!

მიშისტებს ხმა არ ამოეღებათ, თორემ მესმის, რომ როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია, ერთი ხის გადატანაში მილიონების დახარჯვა უხერხულია! მესმის, რომ ამ საყვედურში არის ლოგიკაც, მაგრამ ამ ლოგიკით, მაშინ საქართველოს ყველა მდიდარ ადამიანს უნდა მოვთხოვოთ თავისი ქონების გაჭირვებულთათვის დარიგება.

ივანიშვილი პრემიერი იყო და ხალხს უკეთეს მეოთხე წელიწადს ჰპირდებოდაო. ჰოდა, მაგაზე მოვთხოვოთ პასუხი, "ოცნებამ" ხალხი პირში ჩალაგამოვლებული რომ დატოვა და არა იმაზე, საკუთარ ფულს რაში დახარჯავს! პასუხი იმაზე მოვთხოვოთ, რომ პოლიტიკიდან დაპირებების შესრულებამდე წავიდა და თან - არც წავიდა. აი, ეს არის დღეს პრობლემა და არა - ხეების გადარგვა. ისე, მე ძალიანაც მომწონს, რომ ასეთი უნიკალური ოპერაცია - ამხელა ხის ტრანსპორტირება - ჩვენთან განხორციელდა!

ივანიშვილთან საპრეტენზიოს კი რა დალევს: ერთ-ერთი საკადრო პოლიტიკაა. რა ხალხი მოაბრუნა ქართულ პოლიტიკაში, რომ უყურებ, გული გისკდება! კვირა არ გავა, რომელიმემ რაღაც საოცრება არ ქნას. ახლა დავით ლორთქიფანიძემ გამოიჩინა თავი. იმის მაგივრად, რომ ინგა გრიგოლიასთვის, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან, მხარდაჭერა გამოეხატა, პირდაპირ ეთერში ღადავი დაუწყო - მოგესალმები, შეყვარებულო ინგაო. მეჭიაურმა კიდევ, ვისზეც ფარული ჩანაწერები არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონო, ანუ ფაქტობრივად, შანტაჟისტებს სურვილი უნდა ავუსრულოთო.

რეზიუმე ასეთია: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფარული ჩანაწერების სახით "ქართულ ოცნებას" ბომბი დაუტოვა და მასაც, თავისი ბედოვლათობით, ეს ბომბი ხელში აუფეთქდა!