"დავეწიოთ და გავუსწროთ "ნაციონალურ მოძრაობას" - კულტურის მინისტრი თუ იმპრესარიო?! - კვირის პალიტრა

"დავეწიოთ და გავუსწროთ "ნაციონალურ მოძრაობას" - კულტურის მინისტრი თუ იმპრესარიო?!

წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" ახალი ლოზუნგი აქვს: "დავეწიოთ და გავუსწროთ "ნაციონალურ მოძრაობას" ბიუჯეტის ხარჯზე მომღერლების ჩამოყვანაში!" ვიცი, ბევრს გაუხარდა, მთავრობამ ძალიან კარგი უცხოელი მომღერლების ჩამოყვანა რომ გადაწყვიტა. ზოგმა ისიც კი თქვა, როგორც იქნა, ესენიც ამოძრავდნენო. ვის არ მოუნდება რობი უილიამსის კონცერტზე წასვლა, თან თუკი ბილეთის ფასი 20 ლარიდან იწყება?! ეს გადაწყვეტილება "ოცნების" მხარდამჭერებსაც მოეწონათ და "ნაციონალებისაც", მაგრამ "ნაციონალებმა" ერთზე მაინც დაიჩივლეს: მიშას დროს რატომ ეწინააღმდეგებოდით ბიუჯეტის ფულით იმავეს კეთებას, რა, ტოტო კუტუნიო და კრის დე ბურგი არ მოგწონდათ მაინცდამაინცო? რობი უილიამსი და "მარონ ფაივი" ორივეს ასი თავით სჯობია, მაგრამ მაინც, ეს ის შემთხვევაა, როცა "ნაცებს" ვეთანხმები. რა, მაშინ გაჭირვებული ქვეყანა ვიყავით და ახლა გავმდიდრდით?

მიშაც ზუსტად ისე ამართლებდა კონცერტებში გადაყრილ მილიონებს, როგორც ესენი: ამით ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდებაო, ტურიზმი განვითარდებაო და ა. შ.

ამ კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებში 29 მილიონს დავხარჯავთო, გვახარეს და დააყოლეს - უცხოელები რომ გაიგებენ, საქართველოში ასეთი მომღერლები ჩამოდიან, იტყვიან, ვა, რა უსაფრთხო და მაგარი ქვეყანა ყოფილაო და მოგვაწყდებიანო; კონცერტებზე მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოვლენო; მოკლედ, კონცერტები აგვაშენებსო.

ამ ამბებისადმი მოსახლეობის ნაწილის დამოკიდებულება ასეთია: ამ 29 მილიონს ჩვენ მაინც არ დაგვირიგებდნენ და ისევ ჯობია, იაფი კონცერტებით ვისიამოვნოთო, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ გაჭირვებულ ქვეყანაში კონცერტებზე ამდენი არ უნდა იხარჯებოდეს. "ნაცები" იმასაც დარდობენ, თუ ბიუჯეტი იხდის ფულს, ბილეთში ჩვენ რაღას გვახდევინებთ, მიშას უფასო ჰქონდა ეგეთებიო. არადა, მე სწორედ ის მადარდებს, რობი უილიამსის კონცერტზე ბილეთი 20 ლარი რომ ღირს და არა მეტი. თუ ტურისტების მოზიდვაა მთავარი, ბილეთს სოციალური ფასი რატომ ადევს? ტურისტების ჯიბეს ვუფრთხილდებით? აქედანაც კარგად ჩანს, რომ მთავარი სამიზნე ჩვენი მოსახლეობაა და თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ ოთხი წელი ამ ხელისუფლებას ასეთი მომღერლების ჩამოყვანაზე არც უფიქრია და წელს არჩევნებია, ვის დააჯერებ, რომ ამას ტურიზმის განვითარებისთვის აკეთებს? ჩემთვის მიუღებელი ბიუჯეტის ხარჯზე მომღერლების ჩამოყვანაა, რადგან ეს კერძო კომპანიების საქმეა და შეიძლება, კომერციული პროექტი იყოს. ბიუჯეტის ხარჯზე ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მათთვის სანახაობის შეთავაზება მორალურად ყველაზე იაფფასიანი, ფინანსურად კი ყველაზე ძვირად ღირებული გზაა, თორემ განა მე არ მომწონს, კარგი მომღერლები! როცა ბიუჯეტის ფულით მომღერლები ჩამოგყავს, რამზან კადიროვი ხარ, ან - თურქმენბაში. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთ საქმეს კომერციული სტრუქტურები აკეთებენ, მთავრობა კი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

კულტურის მინისტრი ამბობს, ჩვენნაირ ქვეყანაში ვერც ერთი კომერციული სტრუქტურა ასეთი დონის მომღერლის ჩამოყვანას ვერ შეძლებსო. ამიტომ ბიუჯეტით უნდა გაკეთდეს? მიხეილ გიორგაძე კულტურის მინისტრია თუ იმპრესარიო?! ხომ შეიძლება, მთავრობა კერძო ფირმებს დაეხმაროს და თვითონ არ იკისროს საპროდიუსერო კომპანიის როლი?! ამის კარგი მაგალითია სტინგი. მიშას დროს ის ბიუჯეტის ხარჯზე ჩამოიყვანეს, რამდენიმე თვის წინ კი კერძო კომპანიამ მოიწვია. ესე იგი, ყოფილა შესაძლებელი!