ძირს "მწეველთა უფლებები!" - კვირის პალიტრა

ძირს "მწეველთა უფლებები!"

ძირს "მწეველთა უფლებები"! - შემთხვევით არ ჩამისვამს ეს სიტყვები ბრჭყალებში. სინამდვილეში არანაირი "მწეველთა უფლებები" არ არსებობს. შეუძლებელია შენ გქონდეს უფლება სხვას ზიანი მიაყენო?! ვინც იმას ვერ ხვდება, რომ რესტორანში სხვისთვის სახეში მიბოლება მისი უფლება არ არის, მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! ვინც მზად არის თავისი რამდენიმე წუთიანი სიამოვნების გამო, რესტორნის პერსონალი მთელი დღე გაჭვარტლულ ოთახში მუშაობისთვის გაწიროს, თავად უნდა გამოკეტო გაბუღულ ოთახში და იქიდან არ გამოუშვა!

როგორც იქნა, პარლამენტმა რაღაც სასარგებლო გააკეთა და"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში; ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. აკრძალვა არ ეხება საკუთარ სახლებს და ციხეებს, სამაგიეროდ ეხება რესტორნებსა და ბარებს. ყველაზე დიდი ვნებათაღელვა სწორედ ამ აკრძალვამ გამოიწვია.

ატყდა გნიასი: ხინკალს რომ შევჭამ და ლუდს დავაყოლებ, მერე მოსაწევად ქუჩაში რატომ უნდა გავიდეო! ქალები იმაზე წუხან ბარებში ყავის დასალევად და სიგარეტის მოსაწევად შევდივართო და ა. შ. გამოსავალიც იპოვეს, ბარები და რესტორნები მწეველების და არამწეველების ზონებად დაიყოსო.

ზონებად დღესაც არის დაყოფილი, მაგრამ ეს არ მუშაობს თამბაქოს კვამლი ზონებს არ ემორჩილება, მთელ დარბაზში ვრცელდება და ვერანაირი გამომწოვი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი დარბაზში არ გაიბოლოს.

მაშინ ყველა ბარი, კაფე და რესტორანი უნდა დაავალდებულო, რომ გააკეთოს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დარბაზი მწეველებისთვის და არამწეველებისთვის.

აქ ორი პრობლემაა:

  1. კაფეების უმეტესობა ისეთი პატარაა, რომ იქ ორი დარბაზი კი არა ერთნახევარიც არ გამოვა. ტერიტორია რომც გქონდეს, რთულია ერთ სართულზე ისე გაყო დარბაზი, რომ კვამლი მეორეში არ გადავიდეს. მაშინ მინიმუმ ორი სართული უნდა გქონდეს. ამიტომ ასეთი დაშვებით კაფეების დიდ ნაწილს გასაკოტრებლად გავწირავთ, რადგან უპირატეს ვითარებში ჩავაყენებთ დიდ რესტორნებს, რომლებსაც რამდენიმე სართული აქვთ.
  2. თეორიულად რომც წარმოვიდგინოთ, ყველა კაფემ და რესტორანმა მოახერხა ორი ერთმანეთისგან იზოლირებული დარბაზის გაკეთება, რას ვუშვრებით მომსახურე პერსონალს? მწეველთა დარბაზსაც ხომ უნდა მოემსახურონ ოფიციანტები? მათზე ფიქრობს ვინმე? ესე იგი, იმისთვის რომ რამდენიმე წუთიანი სიამოვნება მივიღოთ, მზად ვართ ეს ადამიანები მთელი დღე გაბუღულ ოთახში ყოფნისთვის გავწიროთ. დილიდან საღამომდე ოფიციანტები სუნთქავენ სიგარეტის კვამლს და ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოფიციანტი თავად მწეველია, თუ არა. პირიქით, თუ მწეველია, მისი ჯანმრთელობა ორმაგად ზიანდება! დღეს ოფიცინტების სამუშაო პირობები ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშია, ვიდრე მაღაროელის პირობები. ჩვენ მათ რა არჩევანის წინაშე ვაყენებთ: ან იმუშავე და მიაყენე ზიანი შენს ჯანმრთელობას, ან იყავი ჯანმრთელი, მაგრამ უმუშევარი. ესაა მათდამი თქვენი შეთავაზება მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდათ ოდნავ შეწუხდეთ და მოსაწევად გარეთ გახვიდეთ?
ყველაფერთან ერთად დახურულ სივრცეში აკრძალვა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რესტორანში, ან კაფეში საერთოდ ვერ მოწევთ? თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მოწევა ყველა იმ რესტორანსა და კაფეში, რომელსაც ღია ტერასები აქვს ან მაგიდები აქვს გამოდგმული ქუჩაში. ღია სივრცეში მოწევა არ იკრძალება! ამაზე აყვირდნენ, ზამთარში რა ვქნათ, გარეთ როგორ დავსხდეთ, შეგვცივდებაო. დადგან რესტორნებმა გარეთ ყველა მაგიდასთან გამათბობლები, როგორც ევროპაშია და აღარ შეგცივდებათ. თან, მე ხომ არ დამიძალებია თქვენთვის სიგარეტის მოწევა?

ეს შენი არჩევანია და შენ მეუბნები, რომ, რადგან მე სიგარეტი მინდა, მაგრამ არ მინდა თავის შეწუხება, მოდი და ჩემი ბოლი ყლაპეო. ეს სამართლიანია?! მე არ დამიძალებია თქვენთვის სიგარეტის მოწევა და შენ რატომ მაძალებ? არადა, მაძალებ, როცა ჩემთან ერთად ერთ ოთახში ეწევი!

ეს პრობლემა ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია მოაგვარა და მოაგვარა სწორედ აკრძალვით. სხვანარად არ გვარდება. თუ არ კრძალავ, გაქვს ისეთი მდგომარეობა, როგორიც დღეს არის საქართველოში: საკუთარი ნებით არცერთი რესტორანი არ გადაკეთდება არამწეველების რესტორნად. დღეს თბილისში ნახავ რამდენიმე კაფეს არამწეველებისთვის, მაგრამ რესტორანს ვერ ნახავ. თუ ხინკალი გინდა, ან მწვადი აუცილებლად უნდა ყლაპო თამბაქოს კვამლი. სხვა არჩევანი არ არსებობს! ასევე ვერ ნახავ ღამის კლუბს არამწეველებისთვის. პირადად მე, უკვე აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ღამის კლუბში, სწორედ იმიტომ, რომ არ მინდა სიგარეტის კვამლით დავიხრჩო.

ახლა მთაავარია, პარლამენტმა იმის შიშით, რომ არჩევნები მოდის ამ აკრძალვების ამოქმედება დიდი ხნით არ გადაავადოს და რაც მთავარია, კანონის აღსრულება იყოს ეფექტიანი! თუ კანონი მიიღე, მაგრამ არ გააკონტროლე როგორ სრულდება, მაშინ რა აზრი აქვს მის მიღებას? არადა, ეს მარტივი საქმე არ იქნება. მთვრალი ქართველი კაცი დაემორჩილება კი რესტორინის პერსონალის მოთხოვნას?! იმედია, სიაგრეტის გამო ჩხუბს და თავპირისმტვრევას არ დავიწყებთ და ვიქნებით კანონმორჩილი მოქალაქეები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს