ჩაფლავებული საკონსტიტუციო რეფორმა, ანუ ქვეყნის გაწირვა კიდევ ერთი რევოლუციისთვის - კვირის პალიტრა

ჩაფლავებული საკონსტიტუციო რეფორმა, ანუ ქვეყნის გაწირვა კიდევ ერთი რევოლუციისთვის

ჩვენმა "საოცნებო" ხელისუფლებამ დიდი ზარზეიმით გამოცხადებული საკონსტიტუციო რეფორმა შეიძლება ითქვას, საბოლოოდ ჩააფლავა. არადა, თავიდან ყველაფერი რა დიდი რიხით დაიწყეს.

ჯერ საკონსტიტუციო კომისია შექმნეს, ამ კომისიამ რამდენიმე თვე იმუშავა, ბევრი ვნებათაღელვა გადაიტანა; იქნებოდა ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოიკოტი თუ ოპოზიციის პროტესტი, რის ვაი-ვაგლახით შემუშავებული პროექტი რეგიონ-რეგიონ ატარეს, უამრავი განხილვა მოაწყეს, რამდენჯერმე გაუგზავნეს ვენეციის კომისიას, მათაც არ დაიზარეს და დასკვნები წერეს, დღეს კი ვიგებთ, რომ მთავარი ცვლილება, რომელსაც ქართული დმეოკრატიის ახალ საფეხურზე გადასვლისთვის უნდა შეეწყო ხელი, აღარ განხორციელდება; უფრო სწორად, 2024 წლისთვის გადაიწევს. პირადად მე ამ სკაონსტიტუციო ცვლილებებს სწორედ ახალი საარჩევნიო სისტემის, ანუ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების გამო ვგულშემატკივრობდი, დღეს რაღა დარჩა - მხოლოდ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა?

ბევრჯერ დამიწერია და ახლაც გავიმეორებ: მოქმედი საარჩევნო სისტემა კლავს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შანსს, რადგან ხელისუფლებას უზარმაზარ ფორას აძლევს და მისი დამარცხება შეუძლებელი ხდება, თუ რევოლუციას არ მოაწყობ ან არ გამოჩნდება ისეთი ფინანსური რესურსის პატრონი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.

როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამ სისტემის შეცვლაზე ალაპარაკდა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ფორაზე და გარანტირებულ გამარჯვებაზე უარის თქმა ყველას არ შეუძლია. მართალია, სანაცლვოდ მათ ბონუსის არასამართლიანი სისტემა მოითხოვეს, მაგრამ მერე მეტ-ნაკლებად ეს სისტემაც დახვეწეს და ცვლილებებით შეიძლება არა საუკეთესოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში უკეთეს საარჩევნო გარემოს ვიღებდით, თუმცა "ოცნებაში" გამოჩნდა ხალხი, ვინც სისტემის შეცვლას შეეწინააღმდეგა.

ნუ დაიჯერებთ, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მაჟორიტარული სისტემა აუცილებლად და საჭიროდ მიაჩნიათ. თუ მაჟორიტარული სისტემა აუცილებელია, მაშინ 2024 წელს გაუქმებას რატომ თანხმდებიან? ახლა კარგია და მერე აღარ ივარგებს? მათ ერთი რამ ადარდებთ: ხელისუფლების დიდხანს შენარჩუნება! ამ გადაწყვეტილებით "ოცნებამ" პირდაპირ გვითხრა, - კიდევ შვიდი წელი მე უნდა ვიყო ხელისუფლებაში გარანტირებულადო.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ "ოცნებაში" აღმოჩნდა შედარებით პროგრესული ფრთა (ხაზს ვუსვამ, შედარებით) ირაკლი კობახიძის მეთაურობით, რომელიც ამბობდა, რომ კი, კარგია ჩვენთვის არსებული სისტემა, მაგრამ ავტოკრატიის საფრთხეს ქმნის და მოდით, ქვეყნის ინტერესებზეც ვიფიქროთ, თუმცა არც ჩვენი ინტერესები დავივიწყოთ და ბონუსის სისტემა შემოვიღოთ, მაგრამ ქვეყანასაც ნუ დავივიწყებთო. დღეს ისე ჩანს, რომ მეორე ჯგუფმა გაიმარჯვა, რომელსაც მხოლოდ პარტიული და პირადი ინტერესი ამოძრავებს და ამბობს ერთი შვიდი წელი გვაცალეთ და ქვეყნის ინტერესი და მეტი დემოკრატია მერე იყოსო. კობახიძე და მისი ჯგუფი ვერ აღმოჩნდა საკმარისად პრინციპული და საკმარისად მოტივირებული ქვეყნის ინტერესების დასაცავად. დღეს ისინი გამოდიან და ამბობენ: რა ვქნათ, კი არის ქვეყნისთვის უკეთესი ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, მარგამ გუნდის ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩვენც იძულებულები ვართ დავთანხმდეთ რეფორმის 2024 წლამდე გადაწევასო.

ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება! ეს არის ქვეყნის გაწირვა კიდევ ერთი რევოლუციისთვის, რადგან თუ მომდევნო შვიდ წელიწადში ხალხს "ოცნება" ყელში ამოუვიდა, მათი სახლში გასაშვებად სხვა გზა, გარდა ქუჩისა, არ იარსებებს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს