"მეომრის ცხოვრების წესზე ვოცნებობდი და არა ტუალეტების ხეხვაზე"
კახეთში, 70-მდე რეკრუტის მიერ პალდოს საველე ბანაკის დატოვებამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მათი წამოსვლის მიზეზი სამხედრო ხელღმძღვანელობის მხრიდან ღირსების შემლახველი დავალებები გახდა. ამის გამო, მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. ჩვენ რამდენიმე მათგანთან დაკავშირება შევძელით და მათი გადაწყვეტილების მიზეზებზე ვკითხეთ... რესპონდენტების თხოვნით, მათ ვინაობას ვერ დავაკონკრეტებთ.
გიორგი, 23 წლის:
- მეთაური ახალაია კატეგორიულად მოითხოვდა ჩვენგან საპირფარეშოების დასუფთავებას. მე ამაზე არ მომიწერია ხელი. მეგონა, ჯარში საბრძოლო ხელოვნებას ვისწავლიდი, მეომრის ცხოვრების წესზე ვოცნებობდი და არა ტუალეტების ხეხვაზე. მამაჩემისგან ვიცი, რომ რუსეთის ჯარში, კბილის ჯაგრისით ახეხვინებდნენ ჯარისკაცებს საპირფარეშოს. მე ამას ვერ შევეგუები.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მიუღებლად მიმაჩნია...
- სანამ საკონტრაქტო სამსახურს აირჩევდით, საველე პირობებსა და ყაზარმულ ცხოვრებაზე იცოდით რამე?
- კი, ჩემი მეგობრები სამხედროები არიან და მათგან ბევრი რამ ვიცი. თავზე ხელს რომ არავინ გადამისვამდა, ვიცოდი, მაგრამ სიმკაცრესა და ჯარისკაცის შეურაცხყოფას შორის არის განსხვავება. ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს ჯარში შემოიღეს დასუფთავების სამსახური, რაც ახალაიამ გააუქმა და ამას ჯარისკაცებს აკეთებინებდა, ამიტომაც მოიშორეს და თუ იგივეს დავუბრუნდებოდით, რა აზრი ჰქონდა შეცვლას... მეთაური გვეუბნებოდა, სახლში მარტო რომ იყოთ, იქაურობას არ დაალაგებდით და ნაგავში ისხდებოდითო? - სახლში ყოფნა სხვა რამეა და ამაზეც მიფიქრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ თავში ხელი უნდა წამოგარტყას.
- სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერდით, მის შინაარსს გაეცანით?
- დიახ, მეთაურის ბრძანება სიტყვის შეუბრუნებლად, ზუსტად და დროულად უნდა შეასრულო, მაგრამ როდესაც ვიღაც "ნაგლი" სახით გიბრძანებს, ეს უნდა გააკეთო და ამას "ხუშტურის" გამო აკეთებს, უბრალოდ თავმოყვარეობა არ მოგცემს უფლებას, სიტყვის შეუბრუნებლად გააკეთო.
ირაკლი, 25 წლის:
- ირაკლი, სისუფთავის დაცვას ყველა ჯარისკაცს ერთნაირად გთხოვდნენ, თუ ზოგი რაიმე პრივილეგიით სარგებლობდა?
- არა, ჩემ გარშემო ყველას ერთნაირად სთხოვდნენ...
- კონკრეტულად რა იყო თქვენთვის მიუღებელი?
- დამოკიდებულება. მუდმივი მუქარა, რომელიც ბოლო დროს მართლაც აუტანელი გახდა. გვეუბნებოდნენ, ახლა ამას თუ არ გააკეთებ, ყურებს აგახევ. შენ გამო "ატჟიმანია" სხვებსაც გავაკეთებინე და ვნახოთ, აწი როგორ შეინარჩუნებთ ერთიანობასო. მაინც შევძელით და ერთიანად წამოვედით. ზოგმა იმიტომ გაგვაკრიტიკა, რომ ტუალეტის ხეხვა არ ვიკადრეთ. მაგრამ იმაზე რატომ არავინ დაფიქრდა, რომ როდესაც 70-მდე ადამიანი ერთდროულად ტოვებს საველე ბანაკს, რაღაცაშია საქმე... ერთს იმიტომ მოხვდა, რომ დამლაგებელი არ ვარო, - თქვა, მას ყველას წინაშე სილა გააწნეს და გვითხრეს, დანარჩენებსაც ასე დაგემართებათ, თუ ნამეტანი "კაიბიჭურს" მიაწვებითო. იმ დღეს ყველას ჩამოგვართვეს მობილურები და სამი დღე არ მოუციათ. მერე ბიჭები ერთმანეთს ავყევით და წამოსვლა გადავწყვიტეთ.
მიშა, 22 წლის:
- წინა ხელმძღვანელობის პირობებში ამის გაპროტესტებას ვერავინ შეძლებდა, ამიტომაც დაისაჯა ის მინისტრი... არაადამიანური პირობები იყო, მთელი დღე დაძაბული ვარჯიშის შემდეგ, ხვეტა-დალაგება გვიწევდა. თან ეს ყველაფერი ტემპში უნდა გაგვეკეთებინა.
- კანონის თანახმად, ფულადი ჯარიმის გადახდა გიწევთ და სამხედრო სამსახურში დაბრუნების უფლება არ გაქვთ?
- დიახ, ვიცი, მართლა ძალიან მაწუხებს ის, რომ სამხედრო სამსახურს ვერ გავაგრძელებ, მაგრამ იმედი მაქვს, ამ საქმით ვინმე დაინტერესდება და ერთხელ და სამუდამოდ ქართულ არმიაში ჯარისკაცი თავის ღირსებას დაიბრუნებს. რამდენიმე ხნის წინაც მოხდა რეკრუტების გაქცევა ნაწილიდან, მაშინაც "დედოვშჩინის" გამო. ბიჭებმა თქვეს, ძველი კადრები არიან დარჩენილი და ისინი ურევენო, ანუ სამხედროებს აგრესიულად ექცევიან, რათა ჯარში უკმაყოფილება მოხდესო. იმედია, აწი მაინც მიხედავენ ამ საქმეს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეთაურ ფრიდონ ახალაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს...
- არა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. არა მგონია, ეს სიმართლე იყოს, ის არ ეკუთვნის იმ კატეგორიას, ასე ადვილად მიეყენოს ვინმემ შეურაცხყოფა.
- ახლა რას აპირებთ?
- ჯერჯერობით არ ვიცი...
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რეკრუტების მხრიდან პალდოს საბრძოლო ბაზის დატოვებაში საგანგაშო არაფერია. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მათ ვერ გაუძლეს საველე პირობების ცხოვრების წესს.
"პალდოს საბრძოლო ბაზა პირველადი საბრძოლო მომზადების ბაზაა, სადაც ხვდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მომავალში საკონტრაქტო სამსახურში იმსახურებენ. ისინი გადიოდნენ პირველად წვრთნას და ეს არის საველე პირობები. საველე პირობებში, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ხდება თავად ჯარისკაცების მიერ. განაწესში რამდენიმე ადამიანს დაევალა შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ უარი განაცხადეს და სხვებიც აჰყვნენ. მე ვესაუბრე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას. უმრავლესობამ ვერ გაუძლო იმ სამხედრო სამსახურის ცხოვრების წესს და მიიღეს წასვლის გადაწყვეტილება. ეს ჩვეულებრივი პროცესია, საგანგაშო აქ არაფერია".
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)