"წასვლისას იტირა...” - რას ნანობდა და რაზე ოცნებობდა ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი - კვირის პალიტრა

"წასვლისას იტირა...” - რას ნანობდა და რაზე ოცნებობდა ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი

სამი ვაჟკაცი, რომლებიც ქვეყანასა და ოჯახს ერთნაირად დააკლდებიან

კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა - ეს ბიჭები ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტების იერიშს შეეწირნენ. როგორც ცნობილი გახდა, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზა ”შირგაზზე” აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის შედეგად გარდაცვლილია სამი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი.

”... მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა, სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ აგვაცილა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია”, -აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

როგორც გაირკვა, დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო სამსახურში ყოფნის საკმაო გამოცდილება ჰქონდათ და სამხედრო ჯილდოებიც არ აკლდათ, თუმცა მათი, რიგითი ქართველების პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერია ცნობილი...

კაპრალი ალექსანდრე კვინიწაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან იყო. მის შესახებ მისი სიძე ირაკლი მანაგაძე გვიამბობს.

ირაკლი მანაგაძე:

- ალექსანდრე ჩემი სიძე იყო, მაგრამ როგორც სისხლის ნათესავივით მიყვარდა. ძალიან თბილი და თავმდაბალი პიროვნება იყო. ისეთი კეთილი და უწყინარი გახლდათ, იფიქრებდით, რომ ჭიანჭველასაც კი ვერ დაადგამდა ფეხს. თუმცა ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბიჭი იყო. ფიზიკურ ძალასთან ერთად იუმორის საოცარი გძნობითაც გამოირჩეოდა. სუფრასთან მასთან ერთად ჯდომას არაფერი სჯობდა. პატარა იყო, მაგრამ უკვე სოფლის კოლორიტი იყო. ჩემი ბიძაშვილი, ჯუნა ედილაშვილი ცოლად ორი წლის წინ გაჰყვა. საოცარი სიყვარული აკავშირებდათ. ერთი ბიჭი, წლინახევრის გიორგი ჰყავთ... მახსოვს გიორგი რომ დაიბადა ძალიან ბედნიერი იყო, თვალები უბრწყინავდა. იმდენად უნდოდა ცოლ-შვილთან ახლოს ყოფნა, რომ სამხედრო სამსხურს თავიც კი დაანება. ამბობდა, ყოველი წუთი მენანება, რომელსაც ჯუნასა და გიორგის გარეშე ვატარებო. ისეთ სამსახურს ეძებდა, ცოლ-შვილთან ახლოს ყოფნის საშუალება რომ ჰქონოდა, მაგრამ ვერაფერი ნახა. ბოლოს ისევ არმიაში დაბრუნდა. თქვა, ჩემს ბიჭს მიხედვა უნდა, მის მომავალზე უნდა ვიზრუნოო.

- ამ ტრაგედიის შემდეგ მეუღლეს თუ ესაუბრეთ?

- ის ახლა საშინელ მდგომარეობაშია. მტერს არ ვუსურვებ მის დღეში ყოფნას. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მითხრა, ალექსანდრე ისე მენატრება შეიძლება გავგიჟდე, თითებზე ვითვლი დღეებს, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვაო. აი, ჩამოუყვანეს...

- ოჯახისთვის თუ არის ცნობილი, ალექსანდრე როგორ დაიღუპა?

- ჯერ ეს არავის აინტერესებთ, საშინელ დღეში არიან...

ვლადიმერ შანავა წალენჯიხაში დაიბადა და გაიზარდა. მის შესახებ უფროსი ძმა ბაჩანა შანავა გვესაუბრება.

ბაჩანა შანავა:

- თავზარი დამეცა, როდესაც თავდაცვის სამინისტროდან დამირეკეს და ეს საშინელი ამბავი მაცნობეს. ჩემი ძმა ნამდვილი მებრძოლი იყო. ვლადიმერი ერქვა, ზედმეტსახელად ბაკას ვეძახდით. სამი ძმები ვართ. ის შუათანა იყო. 18 წლიდან ჯარში იყო, იქ ფულის გამო არ წასულა, თავისი საქმე ძალიან უყვარდა. 2008 წელს აგვისტოს ომშიც იბრძოდა. მე გავაცილე. წასვლისას ძალიან ამაყი იყო, იქიდან კი გულნატკენი ჩამოვიდა, წაგებას ძალიან განიცდიდა. ავღანეთში 1 აპრილს, თავის დაბადების დღეზე გაფრინდა. იქაც მე გავაცილე. ასეთი რამ ადრე არ სჩვეოდა, წასვლისას იტირა. ბაბუაზე თქვა, არამგონია ცოცხალს ჩამოვუსწროო...

- დაქორწინებული თუ იყო?

- არა, მაგრამ აპირებდა, შეყვარებული ჰყავდა.

- ბოლოს როდის ელაპარაკეთ?

- ბოლოს 11 მაისს ველაპარაკეთ. ოჯახის ყველა წევრს გვესაუბრა, კარგ განწყობაზე იყო. ალბათ რაღაცას გძნობდა, სოფელში ყველა ნაცნობი მოიკითხა, გარდაცვლილებიც კი გაიხსენა. ერთი უცნაური ფრაზაც კი თქვა, რა ხდება სოფელში, ჩვენი გვარი ამოწყდაო?

ზვიად დავითაძე ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ცხოვრობდა. მის შესახებ მისი მეგობარი გია აბაშიძე გვესაუბრება.

გია აბაშიძე:

- სოფელში კაცს ვერ ნახავთ, ზვიადს ცუდად რომ ახასიათებდეს. ძალიან გვატკინა გული, საძმაკაცოს საიმედო საყრდენი გამოგვეცალა. ის და მისი ძმა ზაზა ობლობაში გაიზარდნენ. ძალიან პატარები იყვნენ, მამა რომ გარდაეცვალათ. დედამისმა ძალიან ბევრი იწვალა, ცდილობდა არაფერი მოეკლო... მერე გაიზარდნენ და ორივემ სამხედრო გზა აირჩია. სხვათა შორის, ზაზა ერაყი ჰქონდა მოვლილი. თავიდან ორივემ სიღარიბის გამო გადაწყვიტა არმიაში წასვლა, მაგრამ ზვიადს ისე მოეწონა ეს სისტემა, რომ ოფიცრის კურსებიც გაიარა. მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი დატოვა... გული მწყდება, რომ ზვიადის ქალიშვილმაც მამის ბედი გაიზიარა, ახლა ისიც ობლობაში უნდა გაიზარდოს... არ ვიცი, ეს ოჯახი ვინ დაწყევლა, ზვიადის ძმა, ზაზა ერაყიდან კი დაბრუნდა მშვიდობით, მაგრამ მერე აქ 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ შეიძლება დედამისი ვანუგეშოთ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)