"ალ-ქაიდამ" საქართველო გააფრთხილა" - რა გეგმები ჰქონდა ბინ ლადენს საქართველოსთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"ალ-ქაიდამ" საქართველო გააფრთხილა" - რა გეგმები ჰქონდა ბინ ლადენს საქართველოსთან დაკავშირებით

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი:

- ორი კვირის წინ ავღანეთში მოხდა სერიოზული თავდასხმა ჩვენს გარნიზონზე. ფაქტობრი-ვად, ეს იყო საქართველოსთვის გაფრთხილება არა მარტო ავღანელი ტერორისტების, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია `ალ-ქაიდას" მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სერიოზულად ხარ მიზანში ამოღებული და ხვალ შეიძლება თავდასხმა მოხდეს არა მარტო ავღანეთის ტერიტორიაზე, არამედ უკვე თბილისში, მცხეთასა და ქუთაისში. ამის საშიშროება, რა თქმა უნდა, არის, ვინაიდან საქართველო არის ტრანზიტული ქვეყანა, აქ ცხოვრობს დიდი რაოდე-ნობით მაჰმადიანური მოსახლეობა, როგორც შიიტები, ასევე - სუნიტები, არის საკმაოდ ბევრი ემიგრანტი სირია-ლიბანი-ირანიდან და არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მომენტში მსოფლიოს ტერორისტულმა ორგანიზაციებმა დასაყრდენი ძალა აქ იპოვონ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

- საქართველოში თავმოყრილია ყველა ის გარემოება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ტერორიზმის საფუძვლად. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რამდენიმე მსხვილი მოთამაშის ინტერესების ჭიდილი ერთ პატარა სივრცეში - თურქეთის, რუსეთის და ირანის. გარდა ამისა, არის ისეთი სუპერმოთამაშე, როგორიცაა აშშ და სხვ. შემდეგი საკითხი არის რელიგიური თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში და მიმაჩნია, რომ ეს მიმართულება საერთოდ უპატრონოდ არის მიტოვებული. ეს განსაკუთრებით ეხება ისლამს, რომლის რამდენიმე მიმდინარეობაა საქართველოში - სუნიზმი, შიიზმი და ვაჰაბიზმი. გარდა ამისა, საქართველოში არსებობს საკანონმდებლო სივრცის დაუხვეწაობა, საზღვრების დემარკაციის უქონლობა სამეზობლოსთან, დაუსახლებელი ტერიტორიები (მთიან რეგიონებს ვგულისხმობ) და სხვ.

ჩვენს მეზობლებს პრინციპულად არ უნდათ ჩვენთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია. ჩემთვის სომხეთის პოზიცია ასე იშიფრება, რომ ისინი ასრულებენ რუსეთის დაკვეთას, ვინაიდან უარს ამბობენ საზღვრის დემარკაციაზე და აჭიანურებენ ამ საკითხს.

ზაალ კასრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე:

- მოგეხსენებათ, საქართველო ისლამური ქვეყნების გარემოცვაში ცხოვრობს. ისინი, ძირითადად, საერო ცნობიერების მუსლიმანური ქვეყნებია, მაგრამ როგორც ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში, იქაც არიან რადიკალები, იქაც არის ვაჰაბიზმი და არიან სალაფიტები, რომლებიც პირველ რიგში თავიანთ ხალხსა და ქვეყნებს უქმნიან საფრთხეს. რელიგიური თუ პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც თავის ხალხს არ ინდობს, ჩვენ დაგვინდობს? ტერორიზმის საფრთხე არსებობს საქართველოში და ამას უფრო მეტად აძლიერებს კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და ის საფრთხეები, რომლებიც ჯერ კონფლიქტებში არ გადაზრდილა. ყველა იმ კონფლიქტს, რომელიც კავკასიაში არსებობს - ყარაბაღი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთსა და ოსეთს შორის კონფლიქტი, ამას პლუს რადიკალური ისლამის აქტივობა - ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენზე აისახოს.

იოსებ ზაალიშვილი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში:

"..სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მრავალი კავკასიელი მოჯაჰედი მონაწილეობს. სირიაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება და როდესაც მოჯაჰედები უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, ისინი კვლავ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას მოინდომებენ. ჩვენი ქვეყნისათვის პრობლემა სწორედ ამ დროს შეიძლება დაიწყოს. ერთი მხრივ რუსეთი, რომლის ინტერესებშიც იყო საქართველოს გამოყენებით მოჯაჰედების ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩრდილოეთ აფრიკაში გადაადგილება, მოითხოვს ჩვენგან მებრძოლთა კავკასიაში დაბრუნების პროცესის აღკვეთას. საქართველოს ხელისუფლება სცილასა და ქარიბდას შორის აღმოჩნდება - ერთი მხრივ ისლამელი მებრძოლები, მეორე მხრივ რუსეთი. ამას ემატება თურქეთისა და ირანის ფაქტორიც, რომელიც უახლოვდება ბირთვული იარაღის შექმნას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ისლამური ქვეყნების, სხვადასხვა დაჯგუფების ინტერესთა სფეროში აქტიურადაა მოხვედრილი.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.