კობა კობალაძე: თალიბებმა სააკაშვილის ყოყლოჩინობასა და გულში მჯიღის ცემას უპასუხეს - კვირის პალიტრა

კობა კობალაძე: თალიბებმა სააკაშვილის ყოყლოჩინობასა და გულში მჯიღის ცემას უპასუხეს

ქვეყანაში გლოვის დღეებია. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამშვიდობო მისიაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. ჰელმანდის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჰელმანდში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა. ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულება დაიწყო. ბოლო თავდასხმის შემდეგ ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29-მდე გაიზარდა. გვსაუბრება საქართველოს გენერალთა კლუბის პრეზიდენტი, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე:

- რაც დღეს ხდება, ეს მოსალოდნელი იყო, მას მერე, რაც გაიზარდა ამ მისიაში მონაწილე ქართული კონტიგენტი. როდესაც გაცილებით მეტი ჯარისკაცი გყავს ისეთ რთულ ზონაში, როგორიც ჰელმანდის პროვინციაა, სამწუხაროდ, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. რაც შეეხება ავღანელთა მხრიდან ჩვენს პირად შემადგენლობაზე ფოკუსირებას, ეს ალბათ ლოგიკური გაგრძელებაა იმ უაზრო კვეხნის, ყოყლოჩინობისა და გულში მჯიღის ცემისა, რაც ვიხილეთ, როდესაც ქვეყნის "მთავარსარდალი" საკუთარი თავის პიარით იყო დაკავებული, იმაზე კი არც უფიქრია, თუ რა მტკივნეული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამას მთელი მსოფლიო უყურებს, თალიბიც იწყებს გულში მჯიღის ცემას და გვინდა, არ გვინდა, ფოკუსირება ხდება ქართულ ჯარებზე. ხომ ყველამ ვნახეთ, რა გენიალური დიალოგი გამართა სააკაშვილმა ტელეკამერის წინ ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურესთან. რომ არ ვიცოდე, რაც არის, არც დავიჯერებდი.

წინა შემთხვევაში ოცეულზე მეტი დაგვიზარალდა, ბოლო ფაქტისას მთლიანად ოცეული გამოვიდა მწყობრიდან, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ეს ფაქტები. არ უნდა ვიაროთ ავღანეთში იმისთვის, რომ ვიპოზიოროთ სამხედრო ობიექტების წინ. ცოტა სპეციალისტებსაც უნდა მივცეთ საქმე, ჩატარდეს თეორიული თუ პრაქტიკული კურსები… მოხდა ერთი უბედურება, ცოტა დრო გავიდა და ანალოგიური განმეორდა, ისმის კითხვა - შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? ბატონი კობა ლიკლიკაძის აზრს გავიზიარებ და ვიტყვი, რომ რომ ამ ქვეყნაში არსებობს სამხედრო გამოცდილება, რომელის გამოყენებაცაა საჭირო. პირტიტველა ბალღები გამოუცდელობის გამო ეწირებიან რაღაც სიტუაციებს, როდესაც გამოცდილი შემადგენლობა განზეა გაწეული. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის გენერალური შტაბის დღევანდელი უფროსის ლუღლუღი, რომელიც სუფლიორის გარეშე ხუთ წინადადებიან ბრიფინგსაც ვერ მართავს. და ასეთი უნიათო ხელმძღვანელობა შეძლებს სწორად მართოს ის კონტინგენტი, რომელიც რისკის ზონაშია? ამ არაპროფესიონალიზმის და ამპარტავნების შედეგი უკვე ვიწვნიეთ 2008 წელს, დღეს არის 2013 წელი, რა შეიცვალა მას მერე პოზიტიურად სამხედრო სფეროში? არაფერი, ნებისმიერ განაცხადს, რომელშიც პროფესიონალი სამხედროების ჯარში დაბრუნების სურვილია გამოთქმული, გენერალური შტაბი გადაულახავ ბარიერად ხვდება.

- რითი ახსნით ამას, ქვეყანაში ხელისუფლება ხომ შეიცვალა?

- ამას ავხსნი იმით, რომ ფეთებით და კანკალით არიან გადაფარებული თავიაანთ სავარძლებს, პასუხისმგებლობა კი სრულ ნულზე აქვთ. დღეს ქვეყანას ყავს არაკომპეტენტური გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც ხელისბიჭად ყავთ დაყენებული, არ ვაპირებ ხმამაღალი განცხადებებისგან თავის შეკავებას, მეყო, შვიდი თვეა ვუყურებ ამათ უუნარობას.

- ბატონო კობა, ჩვენს ჯარიკაცებზე თავდასხმამდე ინტერნეტით გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომლის მიხედვითაც თალიბანი ჯიჰადს უცხადებს საქართველოს…

- კი, ვნახე ეგ კლიპი, მაგ კლიპში არის რამდენიმე აშკარა გადაცდომა, არის შეუსაბამობები, მაგალითად, თალიბების ლექსიკიგან სრულიად განსხვავებული ლექსიკაა გამოყენებული, მაგრამ ჯობია ეს მივანდოთ უფრო კომპეტენტურ ხალხს, ვინც ამაზე რეალურ დასკვნას დადებს. ეს რომც იყოს რელური მიმართვა, ეს არ ნიშნავს, რომ მგლის შიშით ცხვარი უნდა გავწყვიტოთ. ჩვენ ვართ საპირისპირო მხარე, რომელსაც აქვს თავისი სიმართლე, თავისი ხედვა და ჩვენ არ უნდა დაგვეწყოს შიში და ფეთება. რადგან ვიტვირთეთ რაღაც მისიის შესრულება, უნდა შევასრულოთ კიდეც ღირსეულად, ოღონდ ეს ღირსება არ უნდა იყოს პირდაპირპროპორციული დაღუპული ბიჭების რაოდენობისა, პირიქით, უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რაც შეამცირებს მსხვერპლის რაოდენობას და დაიყვანს მას მინიმუმამდე. ყველამ კარგად იცის, რომ იქ ისვრიან და სახიფათოა, მაგრამ განა ნაკლებ საფრთხეში ცხოვრობს თუნდაც ის მოსახლეობა, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტეროტორიაზე ან მის მიმდებარედ სახლობს? რატომღაც გაჩნდა ტენდენცია, რომ რაღაც სიტუაცია გავაზვიადოთ და დამნაშავეებად მივიჩნიოთ ყველა საკუთარი თავის გარდა. კიდევ ერთი, პოლიტიკოსებმა აკეთონ თავისი საქმე, ხოლო როდესაც ასპარეზზე გამოდიან სამხედროები, უნდა იმოქმედონ სამხედროებმა და იმოქმედონ მაქსიმალურად კომპეტენტურად.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)