კიბერუსაფრთხოების ექსპერტი: "ასეთი სახის კიბერდანაშაულის პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი: "ასეთი სახის კიბერდანაშაულის პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა" (ექსკლუზივი)

დღეს შსს-ში ჩატარებულ ბრიფინგზე, სამინიტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ სამინისტრომ გახსნა ე.წ "ჯიჰადის ვიდეოების" საქმე. გავრცლებელული ვიდეოს ავტორი ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელმაც საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, კერძოდ აფხაზეთიდან მოახერხა ამ ვიდეოს ატვირთვა. ამ თემაზე კომენტარი შეერთებულ შტატებში მოღვაწე კიბერუსაფრთხოების ექსპერტს, ქალბატონ ხათუნა მშვიდობაძეს ვთხოვეთ.

ხათუნა მშვიდობაძე:

- არ მინდა, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ დღეს მოვუსმინე ბრიფინგს, სადაც ითქვა, რომ ვიდეოში გამოყენებული მასალა დამზადდა ღია წყაროებზე დაყრდნობით, არადა, როდესაც ეს ვიდეო გავრცელდა, მაშინ გავრცელდა მოსაზრება, რომ ამ ვიდეოს დასამზადებლად, ერთ-ერთი ტელეკომპანიიის შავი მასალიდან იყო კადრები გამოყენებული. ბუნებრივად ჩნდება კითხვა – თუკი ღია წყაროებით მოხდა ამ ვიდეოს დამზადება, მაშინ ის შავი მასალა როგორ მოხვდა იქ?! რაც შეეხება ატვირთვას: ბრიფინგზე იყო საუბარი შენიღბვის რამდენიმე მექანიზმზე, როგორიცაა პროქსი სერვერების გამოყენება, სხვადასხვა დაშიფრული ქსელის გამოყენება და ა.შ. უკუსვლითი ინჟინერული მეთოდის გამოყენებით (თუკი ეს მაღალ დონეზეა შესრულებული) შესაძლებელია, რომ მიხვიდე პირდაპირ კიბერ-კრიმინალამდე, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული.

- რამდენად აქვთ ქართველ სამართალდამცავებს ასეითი ტიპის დანაშაულის გახსნის ტექნიკური შესაძლებლობა?

- როგორც ვიცი, FBI იყო ჩართული გამოძიებაში და აქტიურად ეხმარებოდა ჩვენ სამართალდამცავებს, ხოლო როცა ასეთი დონის ორგანიზაცია გეხმარება, გამოძიების შანსი ერთი-ორად იზრდება. თუ ტექნიკურ დეტალებს ჩავუღრმავდებით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა ტექნიკური შესაძლებლობები ქონდა ამ პიროვნებას, რა დონის შენიღბვის მექანიზმებით მოქმედებდა და სხვ. ნიუანსებიც, გარდა ამისა გასთვალისწინებელია ისიც, თუ რა დონეზეა გამოძიების მიერ უკუსვლითი პროცესი შესრულებული.

- მსგავსი დანაშაულის პრევენციული მეთოდები თუ არსებობს?

- ეს ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ ინტერნეტი - ესაა ღია სივრცე, რომელიც არის უკონტროლო, რომელზეც წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველას და იმის პრევენცია, რომ ვინმე მსგავს ვიდეოს კიდევ არ ატვირთავს, ფაქტობრივად შეუძლებელია. გარანტიას ვერავინ მოგვცემს, რომ ხვალ მორიგი ჩოკუტაევი არ გამოჩნდება.

- შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დამნაშავემ გამოიყენა თბილისში არსებული 2 ქართული კომპანიის აიპი მისამართი. ტექნიკურად რამდენადაა შესაძლებელი, რომ ეს ასე მომხდარიყო?

- ეს ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს აიპი მისამართები არაფერს ამბობს ამ კომპანიების შესახებ, ნებისმიერი ჩვენგანის კომპიუტერი შეიძლება იყოს გამოყენებული, არავინაა ამგვარი კრიმინალური ქმედებისგან დაზღვეული. ამ კომპანიების აიპი მისამართის გამოყენება დამნაშავის მხრიდან იყო ერთგვარი შენიღბვის მექანიზმი. ხოლო რატომ არ ასახელებს შსს ამ კომპანიებს, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა.

- ასეთი მაღალი დონის კიბერ-დანაშაული თუ მომხდარა საქართველოში?

- ამ ტიპის კიბერ-დანაშაული არა, თუმცა კიბერ თავდასხმები იყო. ერთი იყო 2008 წელს, როდესაც კიბერ-თავდასხმები განხორციელდა და შემდგომ იყო ვირუსი "ჯეობორდი", რომელიც ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა წარმატებით გამოიძიეს: დაადგინეს, თუ საიდან იყო ეს ვირუსი შემოსული. ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ კიბერ ომს ადგილი ჰქონდა 2008 წელს, კიბერ-შპიონაჟი იყო "ჯეობორდის თემა", ხოლო ასეთი სახის კიბერ-დანაშაულის პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)