გავიმეორებთ საბედისწერო შეცდომას, თუ დავაბრუნებთ სამშობლოს დასაცავად... - კვირის პალიტრა

გავიმეორებთ საბედისწერო შეცდომას, თუ დავაბრუნებთ სამშობლოს დასაცავად...

მაშინ, როდესაც რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის წინ ქუდზე კაცია გამოსაყვანი, ქართული არმიის ქვეითების 10% სამშობლოდან ისევ ათასობით კმ-ის დაშორებით იმყოფება...

2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოში რუსული სამხედრო შენაერთების შემოჭრისას, ქართული არმიის ორი ათასი მებრძოლი ერაყში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა. მართალია, მათი უმრავლესობა ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით 11 აგვისტოს დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ მათ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა თითქმის აღარ მიუღიათ...

რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ აგვისტოს ომამდე, სიტუაციის დაძაბვის გამო, ქართული სამხედრო კონტინგენტის საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან შეიძლებოდა, დასავლელ პარტნიორებს მისი ეს ნაბიჯი არასწორად შეეფასებინათ...

იმ დღეებში სენაკიდან ცხინვალისკენ გადმოისროლეს მე-2 ქვეითი ბრიგადა, რამაც თითქმის მთლიანად გააშიშვლა დასავლეთის მიმართულება (ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადაც ცხინვალთან იდგა). ამით ისარგებლა მოწინააღმდეგემ - სენაკის სამხედრო ბაზაში უპრობლემოდ შეიჭრა და გაძარცვა.

მას შემდეგ თითქმის ექვსი წელი გავიდა და სამწუხაროდ, კვლავ არის მოსალოდნელი, მაშინდელი სიტუაცია გამეორდეს. რუსეთის სამხედრო აგრესია შეიძლება განახლდეს, 1600 ქართველი მებრძოლი  კი ამჯერად უფრო შორს - ავღანეთის სამხრეთით, ISAF-ის მისიაში მონაწილეობს.

რატომ გაიზარდა ქართული სამხედრო კონტინგენტი 173 სამხედროდან (2009 წელი) 1561-მდე (2013 წლის დასაწყისი), ცალკე საუბრის თემაა, თუმცა იმედი გვაქვს, ის ქართველი დიპლომატები, რომლებიც ბრიუსელში,  NATO-ს შტაბბინაში, ესწრებოდნენ სხდომას, სადაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტნიორებს ავღანეთში ქართველი სამხედროების რაოდენობის გაზრდა შესთავაზა, ადრე თუ გვიან იტყვიან, როგორ გააოგნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა ამ მოულოდნელმა ინიციატივამ, რადგან საქართველოს ამას არავინ სთხოვდა.

მეორე მხრივ, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას შეეძლო შეეცვალა პრეზიდენტ სააკაშვილის დაუსაბუთებელი და შეიძლება ითქვას, პირადი პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მათ რატომღაც თავი შეიკავეს.

შედეგად დღეს შეიქმნა თითქმის ექვსი წლის წინანდელის მსგავსი ვითარება - რუსეთმა შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს, 1600-მდე ქართველი ქვეითი კი ისევ საქართველოდან შორს არის და ვერ შეძლებს სამშობლოს დაცვას. სამწუხაროდ, ავღანეთიდან ქართველ მებრძოლებს ისევე სწრაფად ვერ ჩამოიყვანენ, როგორც ეს 2008 წელს შეძლეს, რადგან ერაყიდან საქართველომდე ამერიკულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი თურქეთის საჰაერო სივრცის გადმოჭრა დასჭირდათ, ავღანეთიდან ქართველი მებრძოლების სამშობლოში სასწრაფოდ დასაბრუნებლად კი საჭიროა თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეების გადმოლახვა და კასპიის ზღვაზე გადმოფრენა. არ არის გამორიცხული, რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად თურქმენეთმა შეაფერხოს ან დროებით აკრძალოს ამერიკული თვითმფრინავების ფრენა მათ საჰაერო სივრცეში. შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას კასპიის ზღვაზე ფრენისასაც.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი დაბრკოლება წამოიქმნება, თუკი რუსეთის საბრძოლო ავიაციამ ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე და დაიკეტა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ისევე, როგორც ქუთაისისა და ბათუმის (თუმცა ბათუმს ისედაც არ შეუძლია მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება) აეროპორტები. მარნეულის აეროდრომი საჰაერო თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდება (როგორც მოხდა 2008 წლის აგვისტოში) და ავღანეთიდან 1600-მდე ქართველი სამხედროს სამშობლოში სწრაფი დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდება.

ამ მოსაზრებას ოპონენტებმა შეიძლება დაუპირისპირონ არგუმენტი, თითქოს ახლა, როდესაც ახლოვდება NATO-ს სექტემბრის სამიტი უელსში, სადაც საქართველოს შეიძლება ასე ნანატრი MAP-ი (ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა) მისცენ, დიდი შეცდომა იქნება ავღანეთის მისიიდან ქართველი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა.

ამ ადამიანებს ვუპასუხებთ: არ არის საჭირო, მთელი კონტინგენტი გამოვიყვანოთ, დავტოვოთ ISAF-ში სიმბოლური წარმომადგენლობა, შტაბის ოფიცრები, ან მაქსიმუმ - ოცეული, რათა დავრჩეთ NATO-ს ამ ოპერაციის მონაწილეებად ISAF-ის მისიის დასრულებამდე.

ძალზე საეჭვოა, NATO-ს ხელმძღვანელობას ან დასავლეთის რომელიმე ლიდერს ენა მოუბრუნდეს ჩვენზე რაიმე ცუდის სათქმელად, რადგან ნაწილობრივ ოკუპირებულმა საქართველომ 2009 წლის შემოდგომიდან დღემდე ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, როტაციის პრინციპით 10 ათასზე მეტი სამხედრო გაგზავნა, რომელთაგან, სამწუხაროდ, 29 დაიღუპა, 250 კი დაიჭრა!

არ გვინდა, ამ ხელისუფლებამაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბედისწერო შეცდომა გაიმეოროს, რადგან დღეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად თითოეული მებრძოლი მნიშვნელოვანია.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შტატით 37 ათასი მებრძოლია, მაგრამ რამდენია სინამდვილეში, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა, თუმცა სპეციალისტებმა დიდი ხანია იციან, რომ დაკომპლექტება არასრულია.

რეალურად ქართულმა არმიამ ბრძოლაში შეიძლება 17-18 ათასი ავტომატიანი ქვეითი გამოიყვანოს (ამ რაოდენობაში არ შედიან არტილერისტები, ტანკისტები, მენაღმეები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები, ლოგისტიკის თანამშრომლები).

ავღანეთში გაგზავნილ 1600-მდე სამხედროს თუ დავამატებთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მაისში გასაგზავნ 150 კაცს, გამოდის, რომ ქვეყნის გარეთ ბრძოლისუნარიანი ქვეითი დანაყოფების 10% გვეყოლება გაგზავნილი, რასაც არც ერთი იმ ქვეყნის ხელისუფლება არ გააკეთებს, რომელსაც ყოველ წუთს ელის აგრესიული, ძლიერი მეზობლის სამხედრო შემოტევა...

P.S. გასულ კვირას  ISAF-ის მისიაში ქართული არმიის სამთო-სადაზვერვო ბატალიონი გაიგზავნა, რომელიც ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში 6 თვე დარჩება. არადა, სამთო მზვერავები უნდა ყოფილიყვნენ ის ეფექტური ძალა, რომელსაც 2008 წლის 8 აგვისტოს როკის გვირაბიდან ჯავამდე ხევში გამავალი ვიწრო გზის რამდენიმე ადგილას ბლოკირება შეეძლო და ახლაც ბევრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ისინი სამშობლოდან ორი ათასი კმ-ის დაშორებით სხვა ქვეყნის სიმშვიდეს იცავენ...