მაპ-ის ზღაპარს "მთავარი მოკავშირეობა" გვერჩივნოს... - კვირის პალიტრა

მაპ-ის ზღაპარს "მთავარი მოკავშირეობა" გვერჩივნოს...

აშშ-ში მსჯელობენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთისთვის მთავარი მოკავშირის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ...

5 მაისის "კვირის პალიტრაში," სტატიაში - "ვინ და რა დაგვიცავს ჰაერიდან და ხმელეთიდან" - გამოვთქვით მოსაზრება, რომ  ერთადერთი გზა საქართველოს გასაძლიერებლად არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის - აშშ-ის სწრაფი დახმარება და საბედნიეროდ, მას არ დასჭირდება NATO-ს დანარჩენ 27 წევრ ქვეყანასთან შეთანხმების ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა.

ჩვენ მაშინ ნამდვილად არ ვიცოდით, რომ ამერიკელი სენატორები ამზადებდნენ კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტს სთავაზობს, საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად გამოაცხადოს, რაც ამ ქვეყნების სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას გააიოლებს.

სპეციალური სტატუსი - "NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირე" - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 1987 წლიდან დღემდე, 15 ქვეყანას მიანიჭა. მათ შორის არის: ავღანეთი, ავსტრალია, არგენტინა, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იორდანია, ქუვეითი, მაროკო, ახალი ზელანდია, პაკისტანი, ტაილანდი, სამხრეთი კორეა, ფილიპინები, იაპონია და რა თქმა უნდა - ისრაელი.

მნნა (major non-nato ally)-ს სტატუსი გულისხმობს ორმხრივ ურთიერთობას - ერთობლივი თავდაცვითი ღონისძიებების გამართვას, სამხედრო კვლევების ჩატარებას, შეზღუდულ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობასა და რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია - გარკვეული სახეობის იარაღისა და აღჭურვილობის მოწოდებას.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ  MNNA-ს სტატუსი არ ითვალისწინებს  NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავს ვალდებულებას, აუცილებლად დაიცვას ალიანსის წევრი, რომელსაც თავს დაესხნენ.

ალბათ, ყველა ხვდება, რომ საქართველოს უელსის სამიტზე არ მისცემენ MAP-ს (ალიანსში გაწევრების გეგმას) და სამწუხაროდ, ეს სიტყვა ტკბილ ზღაპარს დაემსგავსება, რადგან  NAთO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს (პირველ რიგში კი - საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის) ლიდერს არ ჰყოფნის არც პოლიტიკური გამბედაობა და არც გამჭრიახობა, რომ რუსეთის შიში დასძლიოს.

სიმართლე რომ ითქვას, სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დახმარების იმედი NAთO-ს წევრი ევროპული ქვეყნებისგან მაინც არ უნდა გვქონდეს, რადგან მათ ფინანსური პრობლემები აქვთ სამხედრო ბიუჯეტის მუდმივი შემცირების გამო, რაც ლიბიის ომშიც კარგად გამოჩნდა.

ამიტომ ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიანი სწორედ "NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსის მონიჭება ჩანს, რაც გვაძლევს შანსს, მივიღოთ რეალური სამხედრო-პოლიტიკური დახმარება.