ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები - კვირის პალიტრა

ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები

საქართველოში, უკრაინასა და თვით რუსეთშიც კი სოციალური ქსელების საშუალებით პოპულარული გახდა უკრაინის ერთიანობისათვის მებრძოლი ორი ქართველი მეომარი. ორივე ბატალიონ ”დონბასში” მსახურობს. ერთ-ერთი საზოგადოებამ ”დობერმანის” მეტსახელითა და ნახევრად ფილოსოფიური ინტერვიუებით გაიცნო. ვიდეოკამერების წინ სწორედ მან მოუწოდა უკრაინელებს, არ შეუშინდნენ კადიროვის წარგზავნილების სისასტიკეს და დასტურად აჩვენა რამდენიმე დატყვევებული ჩეჩენიც, რომელთა წვერის გაპარსვასაც შეჰპირდა უკრაინელებს.

”დობერმანის” ამ სიტყვებს სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ზოგი მას სიფრთხილეს ურჩევს, რადგან სახის ჩვენების შემდეგ მასზე რუსული სპეცსამსახურები ინადირებენ.

”დობერმანზე” დაწყებულ რუსულ ნადირობაზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა და პროპაგანდისტულმა მასმედიამ უკვე აიტაცეს ეს თემა - უკრაინელ მებრძოლთა რიგებში დაქირავებული ქართველი მებრძოლებიც არიანო, არადა, ”დობერმანი” ვიდეოფირებში არაერთხელ ამბობს, რომ მოხალისეა, უკრაინელების სიძე, და არა დაქირავებული მებრძოლი.

ბატალიონ ”დონბასის” მეორე ქართველს სახე არასოდეს დაუმალავს - ის ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანია, რომელიც ”დონბასის” შტაბშია და უკრაინელ სამხედროებს სამხედრო გამოცდილებას უზიარებს. ირაკლი ქურასბედიანს, რომელიც დღეს აღარ მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ქართული არმიის რიგებში არაერთი დღე გაუტარებია, რამდენიმე შეიარაღებულ კონფლიქტშიც მონაწილეობდა და ნამდვილად აქვს ის საბრძოლო გამოცდილება, რაც უკრაინელ კოლეგებს გამოადგებოდათ, განსაკუთრებით ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების პირველ ეტაპზე. სხვა თუ არაფერი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსი იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე. 8 აგვისტოს შუადღისას ამ სტატიის ავტორმა ირაკლი ქურასბედიანი ერედვის ცენტრში ნახა, ხესთან ჩათვლემილი. ეტყობოდა, საბრძოლო ოპერაციიდან დაბრუნებული ძალზე დაღლილი იყო. მაშინ ცოტა კი გამიკვირდა, რა უნდოდა სამხედრო დაზვერვის უფროსს ავტომატით ერედვთან, როცა მისი ადგილი მთავარ შტაბში იყო, მაგრამ როგორც მერე გავიგე, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ. ისე, როგორც ამბობენ, მის ადგილზე დანიშნული სამხედრო დაზვერვის ახალი უფროსი აგვისტოს ომის დაწყებისას უკრაინაში, კონფერენციაზე ყოფილა.

რა თქმა უნდა, ”დობერმანისა” და ქურასბედიანის გარდა უკრაინელების მხარდამხარ სხვა ქართველი გამოცდილი ყოფილი სამხედროებიც იბრძვიან, თუმცა, მიზეზთა გამო ამას არ ახმაურებენ.