რუსეთმა სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოყრა სოხუმთან დაიწყო - კვირის პალიტრა

რუსეთმა სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოყრა სოხუმთან დაიწყო

მალაიზიური "ბოინგი" პირველი სამგზავრო თვითმფრინავი არ არის, რომელიც საბრძოლო მოქმედების ზონაში საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს.

21 წლით ადრე, 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, აფხაზმა სეპარატისტებმა რუსული საზენიტო საშუალებებით სოხუმთან ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სამი კი ბაბუშერის აეროპორტში საარტილერიო ცეცხლით გაანადგურეს.

ამ სტატიის ავტორი უკვე ალყაშემორტყმულ სოხუმში 1993 წლის 19 სექტემბერს ჩაფრინდა და აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი სამხედროების ორგანიზებული საჰაერო ტერორიზმის ფაქტების თვითმხილველი გახდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 1993 წლის 20-დან 28 სექტემბრის ჩათვლით აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხუთი სამგზავრო თვითმფრინავი გაანადგურეს, მათგან ორი - ჰაერში.

20 სექტემბერს აფხაზებმა ბაბუშერის სამოქალაქო აეროპორტს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიწვა ავიაკომპანია "ორბის" კუთვნილი NE-134F ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, თუმცა იმის გამო, რომ უკვე ჩამოწერილი იყო და მასში არავინ იჯდა, მსხვერპლი არ ყოფილა.

21 სექტემბერს საჰაერო ტერორიზმის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ფაქტი მოხდა - ავიაკომპანია "ტრანსაირ ჯორჯიას" კუთვნილი NE-134F ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი სოჭიდან ბაბუშერის აეროპორტში ბრუნდებოდა. აეროპორტთან დაშვებისას, დაახლოებით 300 მ სიმაღლეზე, სამგზავრო თვითმფრინავს ძრავაში მოხვდა სითბური დამიზნების "სტრელას" საზენიტო რაკეტა, რომელიც ზღვაში მოდრეიფე კატარღიდან აფხაზმა თორიმ აჩბამ გაუშვა. დაზიანებული თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრი და 21 მგზავრი დაიღუპა.

დღესაც მახსოვს - ცხედრები ზღვაში ტივტივებდა, ყველა სოხუმელი თავის ნაცნობს ეძებდა (დაღუპულთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ)...

მეორე დღეს, 22 სექტემბერს, თურმე უფრო დიდი ტრაგედია გველოდა - "ტრანსაირ ჯორჯიას" კუთვნილ NE-154< ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომელსაც თბილისიდან სოხუმში დასახმარებლად 120 მგზავრი (მათ შორის მაშინდელი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მებრძოლები) მოჰყავდა, ისევ ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომის წინ ზღვაში მოდრეიფე კატარღიდან საზენიტო რაკეტა ესროლეს და ძრავაში მოარტყეს. პილოტებმა შეძლეს თვითმფრინავის დასაფრენ ზოლამდე მიყვანა, მაგრამ უხეში დაჯდომის შედეგად თვითმფრინავმა დაშლა დაიწყო და ხანძარი გაუჩნდა. ლაინერის ავზები საავიაციო ნავთით თბილისში ბოლომდე აავსეს, რომ სოხუმიდან უკან გამოსაფრენადაც საკმარისი ყოფილიყო და ხანძრის მძლავრი კერების გაჩენას საწვავის დიდმა მარაგმაც შეუწყო ხელი. ამ ტრაგედიის შედეგად ლაინერის ეკიპაჟის 8 წევრი და 100 მგზავრი დაიღუპა.

23 ოქტომბერს ბაბუშერის აეროდრომიდან დევნილების გამოსაყვანად ემზადებოდა "ტრანსაირის" NE-134 და აფხაზებმა აეროპორტის ტერიტორია "გრადიდან" სწორედ ამ დროს დაბომბეს. თვითმფრინავს რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა. ეკიპაჟმა ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან 24 მგზავრის გამოყვანა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.

ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ამავე დაბომბვის დროს "გრადის" ერთი ჭურვი აეროპორტში მდგარ "ორბის" ერთ NE-154-ს მოხვდა და სამგზავრო თვითმფრინავი გაანადგურა, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა. სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილ საჰაერო ტერორიზმის მაგალითებს მაშინ სათანადო გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც ევროპას და არც აშშ-ს რუსეთი აფხაზი სეპარატისტების დახმარებაში არ დაუდანაშაულებია. მაშინ საჰაერო ტერორიზმის ფაქტები სათანადოდ რომ შეეფასებინათ, იქნებ დღეს მალაიზიური "ბოინგის" მგზავრები ცოცხლები ყოფილიყვნენ...

სხვათა შორის, პირველად 1993 წლის ივლისში აღმოვაჩინეთ, რომ აფხაზ სეპარატისტებს შეეძლოთ, საზენიტო "სტრელები" და "იგლები" ქართული სამგზავრო თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მაშინ ამ სტატიის ავტორმა ბაბუშერის აეროპორტში დაათვალიერა ის ქართული სამგზავრო NE-154, რომელსაც აფხაზებმა კატარღიდან მარჯვენა ძრავაში საზენიტო "სტრელა" მოარტყეს, თუმცა, ეკიპაჟმა შეძლო ლაინერის მშვიდობიანად დასმა.

სეპარატისტებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადაცემას სოხუმის ტრაგედიიდან ნახევარი წლის შემდეგ სხვა საშინელება მოჰყვა, ამჯერად - მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

1994 წლის 17 მარტს სომეხმა სამხედროებმა რუსეთის გადაცემული "ოსას" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული ორი საზენიტო რაკეტით (არ არის გამორიცხული, გასროლები სომხების მიერ დაქირავებულმა რუსმა მეზენიტეებმაც განახორციელეს) მთიანი ყარაბაღის თავზე ჩამოაგდეს ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ჩ-130 "ჰერკულესის" ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ირანის საელჩოს თანამშრომლების ოჯახები რუსეთიდან თეირანში მიჰყავდა. ამ შემთხვევას შეეწირა "ჰერკულესის" ეპიკაჟის 13 წევრი და 19 მგზავრი, მათ შორის - 9 ბავშვი.

როგორც შემდგომ აზერბაიჯანის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, მათ სომეხი სამხედროების რადიოსაუბარი მოისმინეს. "ჩვენ ახლახან აზერბაიჯანული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ!" - დარწმუნებული იყვნენ სომხები.

ისე, 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდების შემდეგ პრორუსი ტერორისტებიც წერდნენ, რომ მათ უკრაინული Fყ-26 ჩამოაგდეს.