ემუქრება თუ არა ებოლა ქართველ სამხედროებს აფრიკაში - კვირის პალიტრა

ემუქრება თუ არა ებოლა ქართველ სამხედროებს აფრიკაში

დასავლეთი აფრიკა დღეს ყველაზე საშიში რეგიონია. მართალია, იქ უკრაინისგან განსხვავებით, არც "გრადები" ისვრიან და არც ტანკები გადადიან შეტევაზე, მაგრამ ათასზე მეტი კაცი უკვე დაიღუპა და, სამწუხაროდ, ეს ციფრი იზრდება.

ლიბერიაში, სიერა-ლეონესა და გვინეაში ებოლას ვირუსი მძვინვარებს, რასაც გასული წლის დეკემბრიდან 1 145 კაცი შეეწირა, 2 127 კი დაინფიცირებულია.

ეს ვირუსი 1976 წელს აღმოაჩინეს აფრიკაში, ზაირში, მდინარე ებოლას რაიონში, პრიმატებში და აქედან მიიღო დასახელება. მიჩნეული იყო, რომ ებოლას ვირუსი ინფიცირებული ადამიანის მხოლოდ სისხლით და გამონაყოფებით გადადის, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ახლა ებოლას ვირუსი შეიძლება ჰაერწვეთოვანი გზითაც ვრცელდება, რაც ბევრად სახიფათოს ხდის ამ პანდემიას.

ებოლას ვირუსით ინფიცირებული პირები, რომლებიც აფრიკაში იმყოფებოდნენ, უკვე არიან ევროპაშიც და ჩრდილო ამერიკის კონტინენტზეც და არ არის გამორიცხული, კარანტინიც გამოცხადდეს მისი შესაძლო გავრცელების შესაჩერებლად.

ჩვენ საქართველოში სხვა პრობლემაც თავზე საყრელად გვაქვს, თითქოს ებოლასთვის არავის სცხელა, მაგრამ რეალობა დამაფიქრებელია.

აფრიკის კონტინენტის შუაგულში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, თვეზე მეტია მსახურობს ქართული სამშვიდობო კონტინგენტი, დაახლოებით 170 სამხედრო პირი, რომლებსაც ჩეკ-პოინტებზე უშუალო კონტაქტი აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, ზრდის იმის რისკს, რომ რომელიმე დაინფიცირებულ აფრიკელთან კონტაქტის გამო ქართველი სამხედროები, რომლებიც რამდენიმე თვეში სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, დაავადდნენ.

ებოლას ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 21 დღემდეა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით მისიის დასრულებამდე დარჩენილ პერიოდსა და საქართველოში დაბრუნების წინ.

სანუგეშო კი ის გარემოებაა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა არანაკლებ 2600 კმ-ითაა დაშორებული ებოლას პანდემიის ეპიცენტრის ქვეყნებიდან - ლიბერიიდან და გვინეიდან და ვირუსის გავრცელებას დრო სჭირდება.

მეორე მხრივ, ქართული სამშვიდობო ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში აეროპორტის ტერიტორიაზეც პატრულირებს, რაც ზრდის რისკის დონეს, რადგან ებოლას ვირუსის ყველაზე სწრაფი პოტენციური გადამტანები სწორედ სამგზავრო თვითმფრინავების მგზავრები არიან.

იმედია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროპული ძალების EUFOR RCA-ს სარდლობა, რომელსაც ქართული სამშვიდობო კონტინგენტიც ექვემდებარება, ყველა ღონეს იხმარს, რომ ყველა ქვეყნისა და მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებიც ზედმიწევნით იყვნენ დაცული ებოლას ვირუსისგან.