დააბრუნებენ თუ არა ქართველ სამხედროებს ერაყში საომრად? - კვირის პალიტრა

დააბრუნებენ თუ არა ქართველ სამხედროებს ერაყში საომრად?

იქმნება საერთაშორისო სამხედრო კოალიცია ერაყსა და სირიაში ტერორისტული "ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად, რომლის წევრიც, შეიძლება, საქართველოც გახდეს...

ერთმანეთს დაპირისპირებული აშშ და ირანი "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების საერთო იდეამ შეიძლება მოკავშირეებად აქციოს...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გადაფარა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულმა მოვლენებმა - ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყსა და სირიაში ხალიფატის შექმნა გამოაცხადა.

დღეს ჩრდილოეთ ერაყში წარმოუდგენელი რამ ხდება, წარმოუდგენელი, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბარაქ ობამასთვისაც კი, რადგან პენტაგონის გაგზავნილი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები ტიკრიკთან, მოსულთან და ბაღდადიდან 70კმ-ში წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით ანადგურებენ... ასევე ამერიკულ შეჯავშნულ "ჰამერებს", 155მმ-იან ჰაუბიცებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ანუ სწორედ იმ შეიარაღებას, რაც ამერიკელებმა ერაყის არმიას 2011 წელს ქვეყნიდან გასვლის შემდეგ დაუტოვეს.

ცხადია, პენტაგონის მიერ წლების განმავლობაში მომზადებულმა ერაყის ახალმა არმიამ ვერ შეძლო "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული დანაყოფების შეჩერება, რომლებიც ერაყის ჩრდილოეთში სირიის სამხრეთიდან შეიჭრნენ.

თეთრ სახლში არც იმის აღიარება ესიამოვნებოდათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ის სპეცსამსახურები და სამხედროები ნახევრად ფარულად აიარაღებდნენ სირიაში ოპოზიციას, რომელიც სამი წელია, ამაოდ ცდილობს პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას. სირიის ოპოზიციისთვის დასავლეთისგან გადაცემული შეიარაღების ნაწილი ადრე თუ გვიან მოხვდებოდა იმ რადიკალური ისლამისტების ხელში, ვინც 2013 წლის აპრილში შექმნეს დაჯგუფება "ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო".

2014 წლის ივნისში ამ დაჯგუფებამ სირიის სამხრეთიდან შეუტია მეზობელი ერაყის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს და მალე წარმატებასაც მიაღწია, რადგან მას ერაყული და ქურთული ქალაქების აღებაში დაეხმარნენ ერაყელი სუნიტები, სადამ ჰუსეინის ყოფილი არმიის ოფიცრები და ამერიკელების მიერ შექმნილი ერაყის ახალი არმიის ჯარისკაცების ნაწილიც კი.

ერაყში მიღწეული სამხედრო წარმატებისა და გაზრდილი ამბიციების შემდეგ დაჯგუფებამ სახელი შეიცვალა, "ისლამური სახელმწიფო" დაირქვა და მსოფლიოში ყველაზე შეძლებულ ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა, რადგან ერაყის დაპყრობილი ქალაქების ბანკებიდან მათ დაახლოებით 2 მლრდ დოლარი ჩაიგდეს ხელში.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეალური გახდა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ერაყის დედაქალაქ ბაღდადის დაპყრობის საშიშროება, აშშ-მა ამ ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებზე საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო.

15 სექტემბერს პარიზში გამართულ კონფერენციაზე 26 ქვეყნის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, სამხედრო ძალებით დაეხმარონ ერაყის ხელისუფლებას "ისლამური სახელმწიფოს" შეტევის მოსაგერიებლად და უკვე 19 სექტემბერს ფრანგულმა "რაფალებმა" ამერიკული "ჰორნეტების" კვალდაკვალ დაბომბეს ისლამისტების იარაღის საწყობები, რამაც ერაყის არმიასა და ქურთ მოლაშქრეებს საშუალება მისცა, კვლავ ეკონტროლებინათ მოსულის კაშხალი, რომლის აფეთქებით ისლამისტები დიდ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებდნენ ერაყს.

ერაყში ისლამისტების საჰაერო დაბომბვები ყოველდღიურად გრძელდება, რაც მათი შეიარაღებული კოლონების გადაადგილებას ძალზე ართულებს, ამიტომ ისინი უკვე არა შეტევაზე, არამედ დამალვაზე ფიქრობენ. თუმცა, რაც უნდა ეფექტური იყოს წერტილოვანი საჰაერო დაბომბვა, ქალაქებს მაინც ქვეითები ათავისუფლებენ და არა - პილოტები.

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას თავის ყველაზე დიდ მიღწევად 2011 წელს ერაყიდან ამერიკული ჯარის გამოყვანა მიაჩნია და იგი ჯერჯერობთ ერაყში სახმელეთო დანაყოფების გაგზავნის წინააღმდეგია, თუმცა პენტაგონში გენერლები უკვე ალაპარაკდნენ სახმელეთო ბრძოლებში ჩართვის აუცილებლობაზე.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისთვის წერტილოვანი ზუსტი საჰაერო დაბომბვების ქვეშ მოყოლა სიახლეა, რადგან სირიაში ბაშარ ასადის ავიაციის იშვიათი დარტყმები ძალზე არაზუსტი გახლდათ, თუმცა, როგორც ჩანს,  რადიკალი ისლამისტები მალე შეძლებენ ამერიკული საჰაერო დაზვერვის მოტყუებას და დასავლეთის საჰაერო ოპერაციების ეფექტურობა შემცირდება (ზუსტად ისე, როგორც თალიბები ემალებიან ამერიკულ "ჰორნეტებსა" თუ "აპაჩებს" ავღანეთში უკვე მე-13 წელია). ამის შემდეგ უფრო აქტუალური გახდება სახმელეთო კონტრიერიშის გაგრძელება "ისლამური სახელმწიფოს" ერაყის ტერიტორიიდან განსადევნად და სირიის ტერიტორიაზე საბოლოოდ გასანადგურებლად.

ახალშექმნილ სამხედრო კოალიციაში არ არის გამორიცხული საქართველოს ჩართვაც, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2003 წელს, რის შემდეგ, 2008 წლამდე, ერაყის უდაბნო რამდენიმე ათასმა ქართველმა სამხედრომ გაიარა.

საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს უკვე წამოსცდა, რომ შეიძლება ქართული არმია ერაყში მოქმედების დასაწყებად მზადმყოფი კოალიციური ძალების ნაწილი გახდეს. თუმცა ქართულ არმიას არ ჰყავს ერაყის ცაში გასაგზავნი თვითმფრინავები და შვეულმფრენები (სხვათა შორის, "ისლამური სახელმწიფოს" შესაჩერებლად ერაყის მთავრობამ რუსეთისგან სასწრაფოდ შეიძინა ათამდე ნახმარი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი) და ამიტომ მოსალოდნელია, ეს მონაწილეობა სწორედ სახმელეთო ოპერაციაში ჩართვით გამოიხატოს, თუკი, რა თქმა უნდა, თეთრმა სახლმა ერაყში ამერიკული ჯარების დაბრუნება გადაწყვიტა.