ქართულმა "ჯავშანსასწრაფომ" არაბული უდაბნო წარმატებით დალაშქრა - კვირის პალიტრა

ქართულმა "ჯავშანსასწრაფომ" არაბული უდაბნო წარმატებით დალაშქრა

რას აირჩევენ არაბები - ქართულ თუ ამერიკულ ჯავშანმანქანას?

"კვირის პალიტრის" 25 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მკითხველს ვაცნობეთ, რომ "დელტაში" აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა 1-დან 19 სექტემბრის ჩათვლით რთულ გამოცდას გაივლიდა უდაბნოში, სადაც საუდის არაბეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სხვადასხვა ქვეყნის რვა ანალოგიური დანიშნულების ჯავშანმანქანას შეეჯიბრებოდა.

ამ სტატიამ მკითხველის დიდი დაინტერესება გამოიწვია და ბევრი მათგანი გულშემატკივრობდა კიდეც ქართული "ჯავშანსასწრაფოს" გამარჯვებას არაბეთის უდაბნოში.

ტენდერის საგამოცდო პროგრამა უკვე დამთავრდა და შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ "დელტას" ჯავშანმანქანა ამერიკულ "ლენკოსთან" ერთად ფინალში გავიდა!

საგამოცდო ტესტებში ცხრა ჯავშანმანქანის ნაცვლად მხოლოდ ექვსმა მიიღო მონაწილეობა. ქართულის გარდა არაბულ უდაბნოს სამი ამერიკული და თითო-თითო საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯავშანმანქანა "შეეჭიდა".

გამოცდის პირველივე ეტაპზე ფარ-ხმალი ოთხმა მონაწილემ, მათ შორის - ცნობილმა ამერიკულმა "ოშკოშმაც", დაყარა და ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ ქართული და ამერიკული ჯავშანმანქანები დარჩნენ.

საგამოცდო ტესტები საკმაოდ რთული გახლდათ - მაღალი ტემპერატურის პირობებში საჭირო იყო არა მარტო უდაბნოს, არამედ მთაგორიანი ტრასის რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით გადალახვა. "დელტას" "ჯავშანსასწრაფომ" 300 კმ-იანი ჩქაროსნული მონაკვეთი 120 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გადალახა, ზოგიერთ უბნებში კი 155 კმ/სთ-მდე სიჩქარეც განავითარა.

ერთადერთი ეტაპი, რომელიც ვერც ერთმა ჯავშანმანქანამ ვერ დასძლია, 61-გრადუსიანი აღმართი იყო, თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ დაუბრკოლებლად მოახერხა პანდუსზე დაშვება, გაჩერება და უკანა სვლით მაღლა ასვლა, ჩვენს ძირითად მოწინააღმდეგეს, ამერიკულ "ლენკოს" კი პანდუსზე ასვლის მცდელობისას წინა ხიდი დაუზიანდა.

აღსანიშნავია, რომ "დელტას", ისევე, როგორც "ლენკოს" ჯავშანმანქანები ერთი და იმავე - Fორდ F550 ტიპის პიკაპის შასის ბაზაზეა აწყობილი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელი მანქანის ჯავშანკორპუსი უფრო რაციონალურად არის კონსტრუირებული.

"დელტას" სპეციალისტებს არ ეშინიათ, თუკი საუდის არაბეთი ფინალში გასული ჯავშანმანქანების ტყვიამედეგობასა და აფეთქებაზე გამოცდას მოინდომებს. არაბული მხარის მოთხოვნით, ჯავშანმანქანის კორპუსმა 30 მ-იდან ნასროლ 7,62 მმ კალიბრის "კალაშნიკოვის" ავტომატის ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენ ტყვიას უნდა გაუძლოს, ქართული ჯავშანმანქანა კი იმავე ტყვიის მოხვედრას 10 მ-იდანაც "იტანს".

"დელტამ" არაბულ მხარეს იმ ჯავშანფურცლების ბალისტიკური გამოცდა შესთავაზა, რომლითაც მანქანის კორპუსია დამზადებული.

რაც შეეხება ნაღმზე აფეთქებაზე გამოცდას, აქ ქართველი სპეციალისტები თავს კიდევ უფრო იმედიანად გრძნობენ, რადგან ტენდერში მონაწილეთა შორის მხოლოდ ჩვენს ჯავშანმანქანას აქვს ორმაგი ფსკერი.

საუდის არაბეთში გამართულ ტენდერში გამოცდებს ადგილობრივი სპეციალისტები ატარებდნენ და მძღოლებიც არაბი სამხედროები იყვნენ. თითოეული საგამოცდო ეტაპის გავლა ქულებით ფასდებოდა, თუმცა, საბოლოო შედეგი მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს იქნება ცნობილი.

ტექნიკურ მხარესთან ერთად, საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნაკეთობების ღირებულებასაც. ჩვენი ინფორმაციით, ქართული "ჯავშანსასწრაფოს" გასაყიდი ფასი ამერიკული "ლენკოს" ფასზე ნაკლებია, თუმცა, სრულიად მისაღებია "დელტას" კოლექტივისათვის. თუკი არაბულ ტენდერში გამარჯვებული ობიექტურად გამოვლინდება და სხვადასხვა არაჯანსაღი მეთოდი გამოყენებული არ იქნება (რაც საიარაღო ბიზნესში ძალზე გავრცელებულია), მაშინ "დელტას" სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას დიდი შანსი აქვს, შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე გავიდეს.

პ.ს. კარგი იქნებოდა, თუკი თბილისში აწყობილ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანას არაბეთის გარდა, აქვე, თბილისშივე მყოფი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობაც მიაქცევდა ყურადღებას. იმედია, ქართველ გენერლებს ახსოვთ, როგორ გაჭირდა დაჭრილების უსაფრთხო გამოყვანა 2004 წლის ცხინვალის ომის დროს წითელი მიწებიდან და თლიაყანიდან, რადგან ჯავშნით დაცული საევაკუაციო მანქანა არ გვქონდა. ასეთივე პრობლემამ 2008 წლის ომის დროსაც იჩინა თავი, როდესაც ცხინვალის ქუჩებში დაჭრილთა ნაწილის გადარჩენა მხოლოდ ჯავშნიანი "კობრების" ეკიპაჟებმა მოახერხეს. თუმცა, ერთია "კობრას" უკანა სადესანტო კარიდან დაჭრილის შეყვანა და როგორღაც, გაჭირვებით სკამზე დასმა ან ძირს დაწვენა და სულ სხვა - "დელტას" "ჯავშანსასწრაფოს" სპეციალურად გადიდებულ უკანა კარში დაჭრილების შეყვანა და საკაცეზე დაწვენა.