როგორც შეუქმნა, ისე დაუშლის... - კვირის პალიტრა

როგორც შეუქმნა, ისე დაუშლის...

თავდაპირველად  მოსკოვი სეპარატისტული სოხუმის საამაყო აფხაზურ "არმიას" გააქრობს

დღეს ბევრს აღარ ახსოვს ზუსტად 13 წლის წინ მომხდარი ინციდენტი, რომლის მსგავსს ახლა რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთში ვეღარავინ გაუბედავს. მაშინ, 2001 წლის 26 ოქტომბერს, შეიარაღებულმა აფხაზებმა ხელში ჩაიგდეს სარკინიგზო ეშელონი, რომელსაც გუდაუთიდან რუსეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბუკი" გაჰქონდა. აფხაზებმა "ბუკიანი" სარკინიგზო პლატფორმები ახალ ათონთან ძველ გვირაბში გადამალეს, თუმცა რამდენიმე დღეში იძულებული გახდნენ, ისინი რუსი სამხედროებისთვის დაებრუნებინათ, რადგან მოსკოვიდან პუტინი სეპარატისტებს არცთუ არაორაზროვნად დაემუქრა...

დღემდე ეს იყო მოსკოვისა და სოხუმის ყველაზე აშკარა დაპირისპირება, თუმცა, თუკი მათ შორის "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის" ხელშეკრულება ამოქმედდა, ეს დაპირისპირება შეიძლება მონაგონი გახდეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველები და აფხაზები ერთ მხარეს აღმოჩნდნენ და მოსკოვის აგრესიულ ჩანაფიქრს დაუპირისპირდნენ.

რუსეთმა არ იკმარა აფხაზეთის ოკუპირება და ახლა მის მიერთებას აპირებს, რაც ჩვენს სამართლიან პროტესტს იწვევს, თუმცა, მოსალოდნელია, აფხაზები ჩვენზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მათი არაერთხელ გაცხადებული "ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის" ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის რეგიონად ქცევით დასრულდეს.

"თანამშრომლობისა და ინტეგრაციის" ხელშეკრულების პროექტი 23 მუხლისგან შედგება. ექვსი მუხლი სეპარატისტების თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შეეხება და მათი ამუშავების შემთხვევაში სეპარატისტები შეიძლება დაემშვიდობონ მათთვის საამაყო "აფხაზურ არმიას".

თავდაცვის სფეროში რუსები აფხაზებს სთავაზობენ საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურების, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფებისა და მისი მართვის ორგანოების შექმნას, საოკუპაციო ზოლზე (აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებზე) ერთობლივად საზღვრის დაცვას, შინაგან საქმეთა ორგანოების საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებასა და შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარებას.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, მხარეებმა სამ წელიწადში ოპერატიული  თავსებადობის მისაღწევად უნდა განახორციელონ სამხედრო მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, საფინანსო კმაყოფისა და სამხედრო მოსამსახურეთა სოცუზრუნველყოფის სტანდარტების უნიფიკაცია.

აფხაზებს ეშინიათ, რომ მათი "სანაქებო" არმია რამდენიმე წელიწადში რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზის ერთ ან ორ ბატალიონად იქცევა  და რუს გენერლებს დაემორჩილება.

ასეთი პერსპექტივა განსაკუთრებით არ მოსწონთ იმ აფხაზ მაღალჩინოსან სამხედროებს, რომლებიც წლების განმავლობაში მეტ-ნაკლები გავლენით სარგებლობდნენ და ახლა შეიძლება უფუნქციოდ დარჩნენ.

მეორე მხრივ, მოსკოვი არც აფხაზეთის ომის დროს და არც მას შემდეგ არ ენდობოდა აფხაზების სეპარატისტულ მოძრაობასა და მის "არმიას". ამას ადასტურებს ისიც, რომ "აფხაზურ არმიაში" გენშტაბის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ყოველთვის რუსეთის არმიის ოფიცერს ეკავა.

2008 წლის აგვისტოს ომმა ჩაიარა, 2014 წელს მოსკოვმა ყირიმი "ჩაყლაპა" და ახლა უკრაინის აღმოსავლეთის დაპატრონებას ცდილობს. პრეზიდენტმა პუტინმა კარტები გახსნა და დასავლეთთან კუკუმალობანას თამაში აღარ სჭირდება. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის თემა კრემლმა უკვე მოინელა და აღარ სურს, სეპარატისტებს "დემოკრატიობანა" ეთამაშოს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ სწრაფად დაიწყო შეიარაღებული ძალების მართვის სრული ცენტრალიზაცია და აფხაზ "გენერალ-ლეიტენანტებთან" მოლაპარაკებაში ერთი წუთის დაკარგვაც არ სურს, ისევე, როგორც რუსეთის სამხედრო ბიუჯეტით ცხინვალისა და სოხუმის "არმიების" შენახვა. ამიტომაც მოსალოდნელია, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უახლოეს მომავალში "ჩაყლაპოს" ოსი და აფხაზი სეპარატისტების სამხედრო შენაერთები და ისინი მე-4 და მე-7 რუსული საოკუპაციო ბაზების დანაყოფებად აქციოს, მიუხედავად იმისა, სურთ ეს თუ არა "დამოუკიდებლობისთვის" მებრძოლ სეპარატისტებს.