ავღანეთი თავს კიდევ შეგვახსენებს... - კვირის პალიტრა

ავღანეთი თავს კიდევ შეგვახსენებს...

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ახალდანიშნულმა მინდია ჯანელიძემ, ალბათ, უკვე იგრძნო თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, როდესაც შორეული ავღანეთიდან სამი სამხედრო მოსამსახურის დაჭრის შეტყობინება მიიღო.

ამჯერად გაგვიმართლა - 14 ნოემბერს ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის სამხედრო ბაზის სიახლოვეს თვითმკვლელმა ადგილობრივმა მებრძოლმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ქართული არმიის 51-ე ქვეითი ბატალიონის რიგითი გიორგი ტუსიაშვილი და კაპიტანი მიხეილ ლიპარტელიანი მსუბუქად დაშავდნენ, ხოლო მაიორი ზაზა თურმანიძე ფეხში დაიჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავღანეთში ISAF-ის მისიაში საქართველო აქტიურად ხუთი წლის წინ ჩაერთო. 2009 წლის შემოდგომიდან დღემდე  ISAF-ის მისიაში მონაწილეობდა 11 ათასამდე ჩვენი სამხედრო მოსამსახურე. სამწუხაროდ, 29 მათგანი დაიღუპა, სამასამდე კი დაიჭრა.

51-ე ქვეითი ბატალიონი, რომლის სამი სამხედროც წინა კვირას დაიჭრა, ახალი ჩასულია ბაგრამში, აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ბაზაზე.

მიუხედავად ამ ინციდენტისა, ბაგრამის სამხედრო ბაზა უფრო უსაფრთხოდ ითვლება, ვიდრე ჰილმენდის პროვინცია. სწორედ აქ დაიღუპნენ და დაიჭრნენ ჩვენი მებრძოლები.

დღეისათვის ავღანეთში ISAF-ის მისიის მონაწილე 3500-მდე მებრძოლია დაღუპული და ყველაზე მეტი - 952 - სწორედ ჰილმენდის პროვინციაში, ფარვანის პროვინციაში (სადაც დღეს 51-ე ქვეითი ბატალიონი იმყოფება) კი დღემდე ISAF-ის 78 სამხედროა დაღუპული.

რა თქმა უნდა, დღეს ავღანეთში არ არსებობს სრულიად უსაფრთხო ადგილი, თუმცა, ჰილმენდის პროვინციიდან ქართველი სამხედროების გამოსვლა მაინც მისასალმებელია.

რას წარმოადგენს ბაგრამის სამხედრო ბაზა

ქ. ბაგრამი ქაბულიდან ჩრდილო-დასავლეთით, 60 კმ-ის მოშორებით, ფარვანის პროვინციაში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება იმ აეროდრომის გამო, რომლის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3 კმ-მდეა და თითქმის ყველა მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისა და სტრატეგიული ბომბდამშენების მიღება შეუძლია.

1980-იან წლებში საბჭოთა ჯარებს ბაგრამის აეროდრომზე განთავსებული ჰყავდათ 378-ე მოიერიშე საავიაციო პოლკი, რომლისთვისაც Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები თბილისის საავიაციო ქარხნიდან იგზავნებოდა, შესაბამისად, ბაგრამის აეროდრომზე ჯერ კიდევ 30 წლის წინ არაერთი ქართველი საავიაციო სპეციალისტი იმყოფებოდა.

ამჟამად ბაგრამის აეროდრომზე გაათავსებულია ავღანეთში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა, საიდანაც შესაძლებელია როგორც ISAF-ის მისიის მომარაგება, ისე ავღანეთის სხვა პროვინციებში მყოფი ISAF-ის ძალების მხარდაჭერა საჰაერო დარტყმების საშუალებით.