"სიკვდილზე ყველას გვაქვს ნაფიქრი" - რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი - კვირის პალიტრა

"სიკვდილზე ყველას გვაქვს ნაფიქრი" - რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი

"ალეკოს მეუღლე და ორი პატარა შვილი დარჩა"

"პროფესიით სამხედრო - მე-3 ბრიგადის G2 სერჯანტი იყო. მერე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წამოვიდა და უკრაინაში ჩამოვიდა, სადაც სამხედროებს წვრთნიდა"

უკრაინაში უკვე არაერთი ქართველი იბრძვის. სამწუხაროა, რომ ჩვენს ომებში დაღუპულ ბიჭებთან ერთად, უკვე უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების დატირებაც გვიწევს, თუმცა ისინი, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ამბობენ, რომ ეს საქრათველოსთვის ბრძოლაც არის. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებების დროს, კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ალეკო გრიგოლაშვილი, ლუგანსკის ოლქში, ტერორისტებთან შეტაკებაში მაშინ მოჰყვა, როდესაც ისინი საავადმყოფოს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს მოხალისეები იცავდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში მისი ქართველი თანამებრძოლი აცხადებს, ალეკო ქალაქ სჩასტეში იყო და ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს უტარებდა. შეტაკება, რომლის დროსაც ალეკოსთან ერთად კიდევ ერთი უკრაინელი დაიღუპა, ლამის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა...

ირაკლი, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო:

- ალეკო ახალი ჩამოსული იყო. ადგილობრივებს თავის გამოცდილებას უზიარებდა. პროფესიით სამხედრო - მე-3 ბრიგადის G2 სერჯანტი იყო. მერე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წამოვიდა და უკრაინაში ჩამოვიდა, სადაც სამხედროებს წვრთნიდა. აქაურებისთვის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს... უკრაინული ბატალიონის "აიდარის" წევრი იყო... ძალიან დამწყდა გული, როდესაც ადამიანი ომში მიდის, თანაც ბრძოლის წინა ხაზზეა, იმაზეც ფიქრობს, რომ შეიძლება ტყვია მასაც მოხვდეს. სიკვდილზე ყველას გვაქვს ნაფიქრი. თუმცა, მაინც ძნელია, როდესაც მეგობარს კარგავ.

მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ასეთ თემებზე სამხედროები არ ვლაპარაკობთ, მით უფრო, რომ ალეკო ახალი ჩამოსული იყო, ალბათ ორი თვე იქნება რაც უკრაინაშია, მაგრამ ბიჭებისგან ვიცი, რომ მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა, მისი ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობდა... თავის საქმეში პროფესიონალი იყო, ცუდია, რომ ასეთი ტოვებენ საქართველოს, თუმცა ალეკო, აქ ჩვენს გვერდით, საქართველოსაც იცავდა.

- ლუგანსკის ოლქის იმ ქალაქში, სადაც ალეკო დაიღუპა, ომის წინა ხაზი გადის?

- ახლა აქ ყველგან ლამის წინა ხაზია... ძალიან მძიმე ღამე გვქონდა და საერთოდ, მძიმე დღეები გვაქვს, რადგან მთელი ფრონტის ხაზზე სადაზვერვო დივერსიულ ჯგუფებთან შეტაკებები მუდმივად ხდება. რუსეთი ისევ განაგრძობს სეპარატისტების შეიარაღებასა და დახმარებას.

- ვიცი, რომ "ჩუჟოის" ეძახდნენ...

- იცით, როგორ არის, აქ ყველას მეტსახელს ეძახიან. ყველას რაღაც სახელი მოუფიქრეს, ზოგს რა, ზოგს - რა. მე ალბათ ერთადერთი გამონაკლისი ვარ, მაინც ყველა მცნობს და თან პრინციპულად არ ვმალავ სახელს, ამიტომ ყველა ირაკლის მეძახის. - ამას წინათ ერთმა უკრაინულმა საიტმა გამოაქვეყნა იმათი გვარები, ვის ტერორისტებს ტყვედ ჰყავთ, სულ 65-მდე ადამიანი იყო, მათ შორის ერთი ქართველიცაა, გვარად, ჯოჯუა...

- დიახ, მეც მსმენია ეს ამბავი და ეს გვარიც, თუმცა, მეტი არაფერი ვიცი. აქ დროის ფუფუნება არ გვაქვს. თანდათან სულ უფრო და უფრო იძაბება ვითარება...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)