"რამდენიმე ქართველი დახვრეტას გადავარჩინეთ" - ქართული გენშტაბის უფროსის ექსმოადგილე უკრაინაში იბრძვის - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ქართველი დახვრეტას გადავარჩინეთ" - ქართული გენშტაბის უფროსის ექსმოადგილე უკრაინაში იბრძვის

"ზოგი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილმა დაგვავალა, რაც სიცრუეა!"

"ფულისთვის საბრძოლველად წასვლაზე ლაპარაკი სრული აბსურდია"

რამდენიმე დღის წინ დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას, კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, შალვა ბუხაიძე დაიღუპა, რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარიდან იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის სეპრატისტების მხარეს იბრძოდა. როგორც ირკვევა, უკრაინაში ქართველი მებრძოლები მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძვიან და ქართველი მეომრები სეპარატისტების რიგებშიც არიან. ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" უკრაინაში მყოფი გაერთიანებული შტაბის ყოფილი მოადგილე მერაბ კიკაბიძე გვესაუბრება, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის. მან ის მიზეზებიც განგვიმარტა, თუ რატომ გადაწყვიტეს ქართველმა ჯარისკაცებმა "სხვის ომში" ჩაბმა:

- უკრაინაში მყოფ ქართველ მეომრებს გვაქვს ინფორმაცია, რომ სეპარატისტთა რიგებში რამდენიმე ქართველი მებრძოლია. სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარეს, სხვადასხვა წარმომავლობის კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, აფხაზი და ოსი მებრძოლებიც არიან. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ აღმოჩნდნენ ისინი სეპარატისტების მხარეს...

- გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ქართველი იბრძვის უკრაინაში რუსეთის ინტერესების დასაცავად ან პირადად თუ შეხვედრიხართ?

- სამწუხაროდ, ზუსტ რაოდენობას ვერ დაგისახელებთ... გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენ მეგობარ ქვედანაყოფს ტყვედ ორი მებრძოლი ჩაუვარდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, ქართველები ვართო. უკრაინაში ჩვენი კავშირების საშუალებით რამდენიმე მათგანი დახვრეტას გადავარჩინეთ და უკრაინის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურებს გადავეცით. რა ბედი ეწიათ მათ ამის შემდეგ, ინფორმაცია არა მაქვს.

- თქვენ ვისი ინიციატივით წახვედით უკრაინაში? ალბათ, იცით, რომ საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდებით.

- უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით თუ ინიციატივით არ ჩამოვსულვართ. ზოგი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილმა დაგვავალა, რაც სიცრუეა! სააკაშვილს მხოლოდ ერთხელ, ისიც რამდენიმე თვის წინ, კიევში შევხვდით. მასთან ერთად უკრაინის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი პოლტორაკიც იყო.

- უკრაინაში არც ანაზღაურებისთვის წასულხართ?

- ფულისთვის საბრძოლველად წასვლაზე ლაპარაკი სრული აბსურდია. უკრაინაში ბევრი ქართველი იბრძვის, რომლებიც მერწმუნეთ, მხოლოდ საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდნენ. მათ სამშობლო უყვართ და ისიც კარგად იციან, რომ დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. სამწუხაროა, რომ ამ დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილისა და მასთან ერთად სხვა მებრძოლების დისკრედიტაციას ცდილობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა პოლიტიკას აწარმოებს დღეს თავდაცვის სამინისტრო.

- რას გულისხმობთ?

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ მიზეზთა გამო მხოლოდ ე. წ. დეკლარირებულ და ყველასთვის ცნობილ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამხედრო მრეწველობა შეჩერდა, აღარ მიმდინარეობს საბრძოლო მომზადება, შეამცირეს პირადი შემადგენლობა და რაც მთავარია, თავდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტმა დასავლური კურსი 180 გრადუსით შეცვალა, რაც ჩემი სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი გახდა. შეიარაღებული ძალები სწორედ საკუთარი პატაკის საფუძველზე დავტოვე.

- არადა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკის პრეზენტაცია რამდენჯერმე გაიმართა და მეტიც, უახლოეს მომავალში საქართველოში სამხედრო წვრთნებს ნატოს ინტრუქტორები ჩაატარებენ. - მართალია, ბატონი ალასანია ლამაზად ლაპარაკობდა დასავლური კურსის შესახებ და იმავე რიტორიკას ამჟამინდელი მინისტრიც აგრძელებს, მაგრამ ისინი ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს... უკრაინაში უპირველესად საქართველოს მტერს ვებრძვით. სიმართლე გითხრათ, ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს - უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების დისკრედიტაცია შეწყდეს.

- თითქმის ერთი წელია უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. როგორია დღეს უკრაინელი მებრძოლების განწყობა?

- უკრაინელები პატრიოტები არიან! უყვართ სამშობლო და მის დასაცავად სიცოცხლეს დათმობენ. რაც მთავარია, გამარჯვებისა სჯერათ და დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებენ - მტერს ერთად დავამარცხებთ!

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)