რა პრინციპით გასცეს თავდაცვის სამინისტროში პრემიები?! - კვირის პალიტრა

რა პრინციპით გასცეს თავდაცვის სამინისტროში პრემიები?!

"რად ვუღირვართ სახელმწიფოს, რომელსაც სიცოცხლით ვემსახურებით?!"

"ისე მიდის, საქმე, დავფიქრდები სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე. ალბათ უფრო უსაფრთხო სამსახურზე დავიწყებ ფიქრს"

თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმღვანელობა ახალ წელს ახალი წესებით შეხვდა, - როგორც აღმოჩნდა, ჯანელიძის უწყებამ ახალი სამუშაო წლის ხელმომჭირნედ დაწყება გადაწყვიტა, ოღონდ ქამრის მოჭერა ამორჩევით მოხდა... შევეცადეთ, გაგვერკვია, ვინ რა დამსახურებისთვის და რატომ მიიღო წინასაახალწლოდ 300-ლარიანი პრემია.

მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში მუდმივად ლაპარაკობდნენ ჯარისკაცის შელახულ ღირსებაზე, ახალი ხელისუფლება არმიის მშენებლობას სწორედ დაბალი წოდების სამხედროებისთვის ღირსების აღდგენით დაიწყო, თუმცა, როგორც ეტყობა, სამინისტროს ახალი ხელისუფლება არმიის მშენებელობისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს...

გიორგი, 28 წლის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი:

- თავდაცვის სამინისტროს მესამე კონტრაქტზე ვარ. ეს პირველი წელია, როდესაც რიგითებს საახალწლო პრემიები არ მიგვიღია. 30 იანვარს, სენაკის მეორე II ქვეით ბრიგადაში დარიგდა პრემიები, მაგრამ ამორჩევით, ასეთი რამ პირველად მოხდა. პრემია კარგია, მაგრამ დიფერენცირება, - ცუდი. საახალწლო პრემია მიიღეს, უმცროსმა სერჟანტებმა და უფრო ზემოთ წოდების სამხედრო პირებმა, ანუ კაპრალებსა და რიგითებს არ მიუღიათ. საახალწლო პრემიის გარეშე დარჩნენ ასევე, სერჟანტის შტატს ქვემოთ მყოფი სამოქალაქო პირებიც. ამორჩევის პრინციპით პრემიის დარიგება კარგი ნამდვილად არ არის...

- რამდენია წინასაახალწლო პრემია? - 300 ლარია, მაგრამ თანხაზე არ არის ლაპარაკი, ასეთი რამებში ჯარისკაცის მიმართ დამოკიდებულება იგრძნობა. რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, მისალოცი ბარათიც რომ ყოფილიყო, ხელმძღვანელობის მხრიდან გამოხატული ყურადღება სტიმულია ჯარისკაცისთვის, რომ ახსოვხართ, გაფასებენ და მნიშვნელოვანი ხარ ქვეყნისთვის და ბოლო ბოლო იმ უწყებისთვის, სადაც მსახურობ, რომელიც შენი სახლი გგონია... ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც ასე შერჩევით მოხდა მოსამსხურეების "დაფასება". მიზეზი რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, საქმე ჩვენზე გადადისო. აქამდე გვეგონა, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებდა, თურმე, ზოგი წახალისებას იმსახურებს, ზოგი - არა...

- წინასაახალწლო პრემიები ყოველწლიურად რიგდებოდა?.. - ხან - როგორ, ხან - როგორ, - მაგალითად, შარშან, ქვედანაყოფის მეთაურობამ დამსახურების მიხედვით შეარჩია ყველანაირი წოდების მქონე სამხედოები, კონკრეტულად, ისინი, ვისაც საყვედური არ მიუღია, ასევე, მადლობა ვისაც ჰქონდა გამოცხადებული, მათ სრული ხელფასი დაერიცხათ, ანუ მე-13 ხელფასი. 2012 წლის მიწურულს, მთლიანად მეორე ქვეითი ბრიგადას, ხელფასის 50% დაგვირიგდა.

გიორგი, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი:

- პრემია, აქამდე, ან ყველას ჰქონდა, ან - არავის. ამ ახალ წელს, პირველად იყო წოდებრივი წახალისება. კაპრალებსა და რიგითებს არ გვერგო. ეტყობა, ჩვენთვის არ იყო ახალი წელი, სერჟანტებსა და ოფიცრებს დაურიცხეს. ვიცი, ზოგი "ბანკომატის ჯარისკაცებს" მოიშველიებს ჩვენზე ლაპარაკისას, ამიტომ გეტყვით, რომ 300 ლარზე არ არის საქმე, საქმე ის არის, რად ვუღირვართ სახელმწიფოს, რომელსაც სიცოხლით ვემსახურებით. მე ორჯერ ვიყავით ავღანეთში. მანამდე 2008 წლის ომი გამოვიარე. კიდევ ერთი კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებდი, რომლის ფარგლებშიც აფრიკაში ან ავღანეთში ვაპირებდი წასვლას. ისე მიდის, საქმე, დავფიქრდები სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე. ალბათ უფრო უსაფრთხო სამსახურზე დავიწყებ ფიქრს.

როგორც გავარკვიეთ, სამხედრო ნაწილებში დარიგებული წინასაახალწლო პრემია არც მაღალი წოდების სამხედრო პირებს მიუღიათ თანაბრად. "შერჩევის პრინციპით" დაჯილდოებას არც მათთვის აუვლია გვერდი. მაგალითად, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში პრემია სულ 373 პირმა მიიღო, თუმცა, მათ შორის სარდლობა არ ყოფილა. აღნიშნული ინფორმაციას ნაწილობრივ უარყოფს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. მათი განცხადებით, როგორც სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადაში, ხელმძღვანელობამ სრულად მიიღო 300-ლარიანი პრემია. "თავდაცვის უწყებაში რიგითებისა და კაპრალების გარდა, პრემია მიიღო ყველამ - სამოქალაქო და სამხედრო პირმა. არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით, ფინანსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გადანაწილდა" - ასეთია თავდაცვის სამინისტროს განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჩვენს კითხვას, თუ რატომ მოხდა ასეთი დიფერენცირება, რატომ დარჩნენ რიგითები და კაპრალები ფინანსური წახალისების გარეშე, უწყების პასუხი ასეთია? -

"მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თანამშრომლებზე პრემია გაიცა მათი თანამდებობრივი სარგოს გარკვეული პროცენტის ოდენობით.

არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით, ფინანსები მაქსიმალურად ოპტიმალურად განაწილდა".

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)