უკრაინის "სოხუმი" შეიძლება მარიუპოლი გახდეს... - კვირის პალიტრა

უკრაინის "სოხუმი" შეიძლება მარიუპოლი გახდეს...

არტილერიის გარეშე უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ მოულოდნელ შეტევაზე გადასული მოწინააღმდეგის მოგერიება

მინსკის მეორე ხელშეკრულების თანახმად, დონბასში დაიწყო დაპირისპირებული ძალების არტილერიისა და ჯავშანტექნიკის დაშორიშორება ფრონტის ხაზიდან 50-70 კმ-ით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას.

რამდენ ხანს გასტანს შეთანხმების მოქმედება, ძნელი სათქმელია, თუმცა, არც ისე, რადგან კრემლის მართული პრორუსი სეპარატისტები, შესაძლოა, დასახული ამოცანების მისაღწევად გაზაფხულზე ახალი შეტევების წამოწყებას გეგმავდნენ.

მოსკოვში შედგენილი გეგმა-მინიმუმი, სავარაუდოდ, ითვალისწინებს პრორუსი სეპარატისტების მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისვლას. საშუალო გეგმით გათვალისწინებული იქნება სახმელეთო გზის გაჭრა ტაგანროგიდან მარიუპოლის, ბერდიანსკისა და  მელიტოპოლის გავლით ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულამდე.

გეგმა-მაქსიმუმის შესრულებისას პრორუსული ძალები შეეცდებიან, უკრაინა მთლიანად მოსწყვიტონ აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებს, დაიპყრონ ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა და შეუერთდნენ მოლდავეთის ტერიტორიაზე დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას.

გარდა ამისა, მოსალოდნელია სიტუაციის დაძაბვა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც, კერძოდ, ხარკოვსა და სუმის ოლქში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას.

დონბასში დაპირისპირებული მხარეების საბრძოლო ტექნიკის დაშორიშორების პროცესი ძალიან ჰგავს 1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც დაპირისპირებული მხარეების არტილერიისა და ჯავშანტექნიკის გუმისთის ფრონტის ხაზიდან გაყვანას ითვალისწინებდა. მაშინ ქართულმა მხარემ რუსული დიდი სადესანტო ხომალდი დაიქირავა და რამდენიმე რეისით საბრძოლო ტექნიკა ფოთში ჩამოიტანა, აფხაზებმა კი ჰაუბიცებისა და ჯავშანმანქანების დიდი ნაწილი ეშერის მიდამოებსა და ახალ ათონში გადამალეს.

16 სექტემბერს, როდესაც აფხაზებმა კვლავ დაარღვიეს შეთანხმება და ოჩამჩირესა და სოხუმთან შემოგვიტიეს, ჩვენ სოხუმში, ფაქტობრივად, ბლოკადაში ჩარჩენილები, სიმწრით ტუჩებს ვიკვნეტდით და ველოდით, ფოთიდან როდის ჩამოგვიტანდნენ არტილერიას...

აფხაზეთის ომში სოხუმზე მოწინააღმდეგის რამდენიმე სერიოზული შეტევა (განსაკუთრებით - 1993 წლის მარტის შუა რიცხვებში) სწორედ ქართველი არტილერისტების თავგანწირული ბრძოლით მოვიგერიეთ, 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების თანახმად კი, სოხუმის თავდაცვის ძირითადი იმედი - ქართული არტილერია - ფრონტის ხაზიდან ასეულ კმ-ის იქით, ფოთში გაიტანეს.

1993 წლის სექტემბერში ქართული არტილერია თავის პოზიციებზე რომ ყოფილიყო, სოხუმისთვის ბრძოლა გაგრძელდებოდა და შეიძლება ეს შემოტევაც მოგვეგერიებინა.

დღეს, მინსკის მეორე ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეებმა ჯავშანტექნიკა და არტილერია 50-70 კმ-ით უნდა დააშორონ ფრონტის ხაზს, რათა ვერც "სმერჩისა" და ვერც "ურაგანის" რაკეტები მეორე მხარეს ვერ მისწვდნენ.

ფურცელზე ეს შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი ჩანს, მაგრამ რა მოხდება სინამდვილეში?

დონბასში ბრძოლისას არტილერიის მასობრივად და ინტენსიურად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის არმიისთვის, რადგან მისი არტილერისტები დიდ ზიანს აყენებენ მოწინააღმდეგეს.

სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებით, ანალიზით, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების დონით უკრაინელებს, სამწუხაროდ, მთელი თავით სჯობს რუსეთის გენშტაბი. ამასთან, უკრაინელი გენერლები თითქმის აღარ იყენებენ ერთ-ერთ კოზირს - საბრძოლო ავიაციას, რადგან მოსკოვმა დონბასი აავსო როგორც მოძველებული, ისე ულტრათანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებითა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, რაც უკრაინელების შვეულმფრენებისა და მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებას ართულებს.

ასეთ დროს ერთადერთ, ყველაზე ეფექტურ საშუალებად სწორედ შორსმსროლელი საარტილერიო დანადგარები რჩება, რომელთა ფრონტის ხაზიდან 50-70 კმ-ით უკან დაწევა უკრაინის არმიას დაასუსტებს.

ამასთან, არსებობს ეჭვი, რომ პრორუსი სეპარატისტები, ძირითადად, ფრონტის ხაზის სიახლოვეს გადამალავენ თავიანთ საარტილერიო დანადგარებსა და ჯავშანტექნიკას, რათა ხელსაყრელ მომენტში შეტევაზე გადავიდნენ, ანუ გამეორდება სოხუმის ტრაგედია, უკრაინის "სოხუმი" შეიძლება მარიუპოლი გახდეს...