კოსმოსიდან დანახული რუსული აგრესიის კვალი - კვირის პალიტრა

კოსმოსიდან დანახული რუსული აგრესიის კვალი

საქართველოს ტერიტორიაზე Google-მა რამდენიმე მონაკვეთი განაახლა, მათ შორის ქუთაისსა და სამტრედიას შორის, კოპიტნარის აეროდრომის ტერიტორიაც.

სიმართლე გითხრათ, ერთი დახედვით უნებლიეთ მთვარის ზედაპირის კრატერების ასოციაცია გექმნება, თუმცა მთვარეზე ეს კრატერები მეტეორიტების დაცემამ წარმოქმნა, კოპიტნარში კი ნახევარტონიანმა რუსულმა საავიაციო ბომბებმა.

აგვისტოს ომში კოპიტნარის აეროდრომი რამდენჯერმე დაიბომბა. რუსი აგრესორების ბომბდამშენთა ეკიპაჟები აშკარად იმ ქართული Cy-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების განადგურებას ცდილობდნენ, რომლებმაც 8 აგვისტოს, დილაუთენია, ერთადერთი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს და ჯავა-ცხინვალის გზაზე რუსული ჯავშანკოლონა დაბომბეს.

საბედნიეროდ, კოპიტნარის აეროდრომზე რუსული ავიაციის დაბომბვას გადამალული ქართული მოიერიშეები უვნებლად გადაურჩნენ.

საერთო ჯამში, კოპიტნარის აეროდრომთან და მის მახლობლად, სოფელ ბაშთან რუსულმა ბომბდამშენებმა არანაკლებ 50 ცალი 500 კგ-იანი საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. მათ შორის რამდენიმე შეიძლება 1,5-ტონიანიც კი იყო.

კოსმოსიდან გადაღებულ სურათზე კარგად ჩანს საავიაციო ბომბების ჩამოყრის ორი პარალელური კვალი.

პირველი ბომბები ცენტრალური საავტომობილო გზის პირასაა ჩამოყრილი და მერე კვალი კოპიტნარის აეროდრომისკენ მიდის.

უშუალოდ ბეტონის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 8 ბომბი მაინც მოხვდა, მაგრამ მისი მარტო აღმოსავლეთი ნაწილი დაზიანდა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მთელ სიგრძეზე 2500 მ-მდეა. დაზიანების ადგილიდან მარცხნივ, დასავლეთისკენ, 1470 მ-იანი მონაკვეთი დაუზიანებელი დარჩა, რაც სრულიად საკმარისი იყო ქართული მოიერიშეების ასაფრენ-დასაფრენად, ანუ კოპიტნარის აეროდრომის რამდენჯერმე დაბომბვის მიუხედავად, რუსულმა ავიაციამ მთავარი საბრძოლო დავალება ვერ შეასრულა.

საგულისხმოა, რომ ჩამოყრილი რუსული საავიაციო ბომბების უდიდესი ნაწილი არ აფეთქდა. ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - ან ბომბების ამფეთქებლები მოძველებული და მწყობრიდან გამოსული იყო, ან ჰქონდათ სპეციალური შენელებული მოქმედების ამფეთქებლები, რომლებიც აუფეთქებელი ბომბების განძრევისთანავე დეტონირდებოდნენ.

აუფეთქებელი ნახევარტონიანი და მით უმეტეს, ტონანახევრიანი რუსული საავიაციო ბომბები მიწაში 2-5 მ-ზე აღმოჩნდა, მათი გაუვნებლება მეტად სარისკო გახლდათ - ამოღება და პოლიგონზე ასაფეთქებლად გადატანა გამორიცხული იყო.

ამიტომაც ქართველ სამხედრო მენაღმეთა 11-კაციანმა ჯგუფმა, მაიორ გენადი ჩადუნელის ხელმძღვანელობით, აუფეთქებელი რუსული ბომბები მეტად სარისკო მეთოდით გააუვნებლა - მენაღმე მიწაში ჩასული ბომბის ბოლოზე 70 კგ ტროტილს ამონტაჟებდა. დისტანციური აფეთქებების შემდეგ კი მოზრდილი კრატერი წარმოიქმნებოდა. მაიორ ჩადუნელის ჯგუფმა ამ ხერხით დასავლეთ საქართველოში (აღმოსავლეთ საქართველოში სხვა ჯგუფები მუშაობდნენ) 96 აუფეთქებელი ბომბი გააუვნებლა, 46 - კოპიტნარის აეროდრომზე, დანარჩენი კი სენაკში.

სენაკის აეროდრომზე მათ ასევე განაღმეს რუსი მედესანტეების მიერ ბეტონის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე დამონტაჟებული დიდი ძალის ასაფეთქებელი მოწყობილობა - დეტონირებადი სადენით დაკავშირებული 30 ცალი ТМ-57 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

კოპიტნარის აეროდრომის დაბომბვის კვალი უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ დაბომბვას მაღალი სიმაღლიდან რუსული შორი მოქმედების ТУ-22М3 ტიპის ოთხი ბომბდამშენი ახორციელებდა. თითოეულ ასეთ ბომბდამშენს 13 კმ სიმაღლეზე მაქსიმალური 2300 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 24 ტონა საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების წაღება შეუძლია 1500 კგ-იანი მასის ბომბების ჩათვლით.

კოპიტნარის აეროდრომზე დარჩენილი რუსული საჰაერო დაბომბვის კვალი ძალიან წააგავს იმ "ხალიჩისებურ", დაუნდობელ დაბომბვებს, რომლებსაც 15-20 წლის წინ იგივე ТУ-22М3-ები (ოღონდ საბჭოთა დროშით) ავღანეთში ახორციელებდნენ...