აშშ-ში კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე დაიღუპნენ - კვირის პალიტრა

აშშ-ში კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე დაიღუპნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო კურსანტების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნა.

ოფიციალური ინფორმაციით, რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძე კი საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.

"რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა." - აცხადებენ სამინისტროში.

ნიუჯერსში ავარია გუშინ, გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი - ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ.

ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული. მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ელჩი ნორლანდი და შეერთებული შტატების მთელი საელჩო საშინლად დაამწუხრა ქართველი სამხედრო კადეტების, ბესარიონ გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ავტოკატასტროფაში, რომელიც გუშინ, ნიუ ჯერსის შტატის მოყინულ სამანქანო გზაზე მოხდა. "კადეტები, გორჯოლაძე და მაკარიძე, კონექტიკუტის შტატში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლობდნენ. ისინი სამშობლოს უსაფრთხოების დამცველი პატრიოტები იყვნენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად მიავლინა. შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს კადეტების, გორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და სამხედრო კოლეგებს ამ მძიმე წუთებში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

"ინეტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

პ.ს. როგორც ახლობელები ამბობენ, ორივე კურსანტი განასკუთრებული ნიჭითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, ისინი სამშობლოს საიმედო ჯარისკაცები იყვნენ. "კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.