"ვაიმე, შვილო, რა ძნელია შენზე წარსულში ლაპარაკი" - აშშ-ში დაღუპული კურსანტები სამშობლოში ჩამოასვენეს - კვირის პალიტრა

"ვაიმე, შვილო, რა ძნელია შენზე წარსულში ლაპარაკი" - აშშ-ში დაღუპული კურსანტები სამშობლოში ჩამოასვენეს

"სოსო ადგილზე დაიღუპა, რადგან მძღოლის გვერდით მჯდარა, ბესომ კი, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში დალია სული... მე ყოფილი სამხედრო ვარ, 20 წელია, ტრავმა მაქვს. სოსოს არჩევანი ძალიან მეამაყებოდა. არ ვიცი, რაღა აზრი აქვს ჩემი ცხოვრების გაგრძელებას? ალბათ შვილის ხსოვნისთვის ვიცოცხლებ..."

"განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც განგებას მიჰყავს ადამიანი, ვისაც შეეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი ეთამაშა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეში." - განაცხადა ქაშუეთის ტაძარში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის ორი ქართველი კურსანტის სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული სატატიიდან:

"განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ალბათ ამიტომაც წაიყვანა უფალმა ერთად..."

ცხოვრების ძალიან მოკლე გზა საინტერესოდ და წარმატებით გაიარეს. თავდაუზოგავად სწავლობდნენ და მუშაობდნენ. ამბობდნენ, რომ უცხოეთში მიღებულ გამოცდილებას სამშობლოს მოახმარდნენ, - საქართველოს სამხედრო ავიაციაში სამსახური მათი ოცნება იყო, რომლის ახდენაც ვერ მოასწრეს...

7 მარტს, ნიუ-ჯერსიში მომხდარ ავტოავარიას ორი ქართველი სამხედრო კურსანტის, ბესო გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კახა გორჯოლაძე, ბესოს მამა:

- უბედური მამა ვარ. ოჯახი გამიუბედურდა... ჩემი შვილი მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს კი არა, საქართველოს დააკლდა და ეს კიდევ უფრო მიკლავს გულს... ბესოს ოჯახი არ ჰყავდა, ჯერ სხვა გეგმები ჰქონდა. 28 მარტს, 23 წელი შეუსრულდებოდა. რა გითხრათ, ცოცხალ-მკვდრები ვართ. ერთი გოგონა გვყავს, თამუნა. ის ბესოზე ერთი წლით უფროსია. ხმას ვეღარ იღებს, ისეთ დღეშია ძმის გამო. იცით, როგორი შვილი მყავდა?.. გამორჩეული. იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასე იყო. მაშინ გამომეცალა ხელიდან, როდესაც მეგონა, რომ ფეხზე დავაყენე შვილი. სწორ გზას ადგა, ქვეყანას რომ გამოადგებოდა, ისეთ გზას. ვაიმე, შვილო, რა ძნელია შენზე წარსულში ლაპარაკი... ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, II კურსიდან, ამერიკის უშიშროების აკადემიაში ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო. აკადემია 4-წლიანი იყო და ამიტომაც, აქ, სახელმწიფო უნივერსიტეტში კი 5-წლიანი აკადემიური აიღო და სწავლა ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში გააგრძელა. ამერიკაში გადასვლამდეც ძალიან აქტიურობდა, სწავლობდა და თან საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. იმავდროულად, "წითელი ჯვრის" ორგანიზაციაში მუშაობდა. 2010-11 წლებში, ვიცე-პრემიერის თანაშემწე იყო. უნივერსიტეტიდან სტაჟირებით იყო წასული და მაშინ აარჩიეს, როგორც წარმატებული სტუდენტი. ძალიან ბევრს სწავლობდა, მაგრამ მარტო ამით არ შემოიფარგლებოდა, - გამოგონებებზეც მუშაობდა, - სამი გამოგონების ავტორი იყო. მისმა პროექტმა გამოგონებათა ახალგაზრდულ კონფერენციაზე პირველი ადგილი აიღო და ლისაბონში გაგზავნეს. სპეფიციფიკური ბაქტერია შექმნა. "ალიანტეს" (საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე) სამგზის გამარჯვებული იყო... ერთი სიტყვით, ამ 23-წლიანი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოასწრო…

ალექსანდრე მაკარიძე, სოსოს მამა:

- სოსო კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობდა, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ძალიან უყვარდა სკოლა და როგორც მასწავლებლები ამბობდნენ, ყველა საგანი ერთნაირად კარგად იცოდა... სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებდა, კითხულობდა, სწავლობდა. პარასკევს, წინადღეს ვესაუბრეთ. მე და ჩემი მეუღლე გამგზავრების დეტალებზე ველაპარაკეთ. ძალიან ბედნიერი იყო. რამე რომ უხაროდა, პატარა ბავშვივით თვალები უციმციმებდა...

- წელს ამთავრებდა სწავლას?

- დიახ. უკვე დაგეგმილი ჰქონდა მომავალი, - საქართველოში 13 მაისს ჩამოდიოდა. შემდეგ კი, მაგისტრატურის გაგრძელებას ბრიტანეთში აპირებდა, მაგრამ მანამდე მაისში, დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე დასასწრებად ვემზადებოდით, რომელიც ჩემი შვილისთვის ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას უნდა გადაეცა. ვიზები და ყველანაირი დოკუმენტაცია უკვე გამზადებული გვქონდა. როდესაც ჩემი შვილის წარმატებებზე ვფიქრობდი, - ჩემს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია-მეთქი, ვამბობდი. სოსო ჩვენი ერთადერთი შვილი იყო. სწავლასა და საქმეზე გადართული, - ქვეყანას უნდა გამოვადგეთო, ამბობდა... მარტში, ერთკვირიანი არდადეგები ჰქონდათ. სოსო ადგილზე დაიღუპა, რადგან მძღოლის გვერდით მჯდარა, ბესომ კი, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში დალია სული... მე ყოფილი სამხედრო ვარ, 20 წელია, ტრავმა მაქვს. სოსოს არჩევანი ძალიან მეამაყებოდა. არ ვიცი, რაღა აზრი აქვს ჩემი ცხოვრების გაგრძელებას? ალბათ შვილის ხსოვნისთვის ვიცოცხლებ...

- ის ბიჭი, ამერიკელი მძღოლი, სოსოს მეგობარი იყო, ხომ?

- დიახ, შარშან აგვისტოს, საქართველოში ჰყავდათ ჩამოყვანილი. სოსოს კურსელი იყო და მეგობრობდა ბესოსთანაც. თბილისი, მცხეთა, სიღნაღი მოატარეს... ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ...

იხილეთ სრულად