"გვირაბის გახსნა ხომ არაა, ლენტი მეორედ რომ გაიჭრას" - რას ამბობს გენერალთა კლუბის ხელმძღვანელი? - კვირის პალიტრა

"გვირაბის გახსნა ხომ არაა, ლენტი მეორედ რომ გაიჭრას" - რას ამბობს გენერალთა კლუბის ხელმძღვანელი?

"სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს დაღუპულების ოჯახებს. თურმე მაშინ აქცევდა, როდესაც გმირთა მოედანზე, მეომორიალთან ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დაარბიეს."

2 აპრილს, აგვისტოს ომიდან შვიდი წლის შემდეგ, იდენტიფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების ცხედართა ფრაგმენტები მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე დაკრძალეს. სულ იდენტიფიცირებულია 42 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. დაკრძალვას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე არ დასწრებია, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მან შემდეგ კომენტარი გააკეთა: "ვერ მივიღებთ პრეტენზიას, რომ ჯარისკაცებს რამე დავაკელით. გუშინ მუხათგვერდში არ იყო დაკრძალვის ცერემონია,არ იყო პომპეზური ღონისძიება. ცხედრები ადრე დაკრძალეს, ეს იყო მხოლოდ ფრაგმენტები. ამ ბიჭების ოჯახის წევრებიდანაც ბევრი არ დაესწრო. მე დაკავებული ვიყავი, ჩემი მოადგილე იყო". მინისტრის ამ გნცხადებას საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რის საპასუხოდაც თავდაცვის უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა: "თავდაცვის მინისტრი, ფაქტიურად, პირადად იცნობს გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახების წარმომადგენლებს და ამიტომაც, უწყებისთვის მიუღებელია გაჟღერებული ბრალდებები უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით".

ამ საკითხზე კომენტარი თბილისის საკრებულოს წვერს, "ქართული ოცნების" დეპუტატს და გენერალთა კლუბის ხელმძღვანელს გენერალ კობა კობალაძეს ვთხოვეთ:

- მუხათგვერდის სასაფალოზე თავის დროზე 42 მებრძოლი ჩამოასვენეს და სამხედრო წესით დაკრძალეს. ჩატარდა ცერემონიალი და ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ამ გმირ ბიჭებს შეეფერებოდათ. ამ ბიჭების გარდაცვალება მთელი ქვეყნისათვის ტრაგედია იყო და ამ თემის სპეკულაციის საგნად გახდა დანაშაულია. მოგეხსენებათ, სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნილი იყო ამ ორმოცდაორი გარდაცვლილის სხეულის ფრაგმენტები, რათა მომხადრიყო მათი იდენტიფიცირება. პროცესი დასრულდა... ამის შემდეგ რომ არ მოხდარიყო ამ ნაწილების განადგურება, გადაწყდა, ფრაგმენტები მიწისთვის მიებარებინათ. შეატყობინეს ოჯახის წევრებს და ეს ყველაფერი ვიწრო წრეში ჩატარდა. ნამდვილად არაა ეს თემა ასეთი სააჟიოტაჟო. გვირაბის გახსნა ხომ არაა, ლენტი მეორედ რომ გაიჭრას. სხვათა შორის, იქ სამხედრო წარმომადგენლებიც იყვნენ, გენერალური შტაბის შემადგენლობა და სხვ. სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს დაღუპულების ოჯახებს. თურმე მაშინ აქცევდა, როდესაც გმირთა მოედანზე, მეომორიალთან ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დაარბიეს. დავიჯერო ეგ იყო ყურადღება და დღეს, როცა მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სახელმწიფო ყველანაირად გვერდში უდგას, ეგაა უყურადღებობა?! ეს ბიჭები ჩუმად არავის ჩამოუსვენებია, როგორც წლების წინ ხდებოდა...

- ანუ თავდაცვის მინისტრის დასწრება სავალდებულო არ იყო?

- ვიმეორებ, რომ ეს იყო ფრაგმენტების ნაწილი, რომელიც შეეძლოთ საერთოდ გაენადგურებინათ, რადგან მათი იდენტიფიკაცია უკვე მოხდა, მაგრამ ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ მათი მიწისთვის მიბარება გადაწყვიტეს...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)