რუსული მილიტარიზმის "დეფილე" - კვირის პალიტრა

რუსული მილიტარიზმის "დეფილე"

ამ სამხედრო აღლუმით კრემლი პირველ რიგში NATO-ს დაშინებას ეცდება, რადგან ასეთი გრანდიოზული მასშტაბის მილიტარისტული ჩვენება დასავლეთს არც კი დასიზმრებია

2015 წლის 9 მაისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარდება გრანდიოზული სამხედრო აღლუმი, რომელიც გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავს ეძღვნება. აღლუმებით და მით უფრო - რუსეთში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ წელს ეს აღლუმი მართლაც გამორჩეული იქნება, რადგან პირველად გამოჩნდება ულტრათანამედროვე რუსული ჯავშანტექნიკის რამდენიმე ნიმუში, რომლებიც დღემდე არავის უნახავს.

განსაკუთრებული ყურადღება ზესაიდუმლო რუსულ ტანკ Т-14-ს მიექცევა, რომელიც მძიმემუხლუხებიანი უნიფიცირებული პლატფორმის Армата-ს ბაზაზეა შექმნილი. ეს ტანკი იმით გამოირჩევა, რომ მისი ეკიპაჟი ცალკე იზოლირებულ კაფსულაში ზის, ხოლო კოშკურაში დამონტაჟებული შეიარაღება დისტანციურად იმართება, რაც საბრძოლო საჭურვლის დეტონაციის შემთხვევაში ეკიპაჟის წევრებს გადარჩენის შანსს აძლევს. საბჭოთა წარმოების Т-72-ების ათტონიან კოშკურას ასეთი დეტონაცია რამდენიმე ათეულ მეტრზე აგდებდა (ასეთი ბევრი შემთხვევა მოხდა როგორც გროზნოს, ისე ცხინვალის ქუჩებში ბრძოლების დროს) და ეკიპაჟის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

ამავე Армата-ს ბაზაზე შექმნილია მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა Т-15, რომელიც, ფაქტობრივად, Т-14 ტანკის შებრუნებული ვარიანტია, ანუ ძრავა წინ აქვს დამონტაჟებული და უფრო უკეთ არის დაცული. დამატებით წინა და გვერდითი ჯავშანი მას კუმულაციურქობინიანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის მოხვედრისგანაც კი იცავს, რაც დღემდე არსებული БМП-2-ებისგანაც განასხვავებს.

აღლუმზე ასევე ნაჩვენები იქნება სამი, აქამდე საიდუმლო ჯავშანტექნიკა - საშუალო ქვეითთა საბრძოლო მანქანა Курганец-25, ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორი Бумеранг-ი და თვითმავალი, საარტილერიო დანადგარი 2С35 Коалиция-СВ, რომელსაც 152 მმ კალიბრის ჭურვის სროლა 60 კმ-მდე შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ ეს საცდელი ნიმუშებია, სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა, რადგან მათი გამოცდა აუცილებელია.

9 მაისის აღლუმში 15 ათასზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მათგან 1,3 ათასი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო იქნება (მათ შორის - სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, ჩინეთისა და სხვა). წითელ მოედანზე 194 ერთეული საბრძოლო ტექნიკა ჩაივლის, ხოლო 200 მ სიმაღლეზე 143 თვითმფრინავი და შვეულმფრენი გადაიფრენს. თუმცა, მათ შორის არ იქნება მე-5 თაობის რუსული გამანადგურებელი Т-50, რომლის უსაფრთხო გადაფრენაზე პასუხისმგებლობა რუსმა გენერლებმა ვერ აიღეს.

9 მაისს გრანდიოზული აღლუმის ჩატარებით რუსეთის ხელისუფლება ეცდება, დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინოს დასავლეთზე და აჩვენოს მას, რომ რუსეთის არმიის შეიარაღება ვითარდება და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისას არ ჩამოუვარდება, თუმცა, აღლუმზე ნაჩვენები თითზე ჩამოსათვლელი საცდელი ტანკები ჯერ კიდევ არ ნიშნავს არმიის თანამედროვე დონეზე შეიარაღებას.