ვის აძლევს ხელს ქართველი სამხედროების დისკრედიტაცია? - კვირის პალიტრა

ვის აძლევს ხელს ქართველი სამხედროების დისკრედიტაცია?

სავარაუდოდ, აფრიკაში ჩადენილი ძალადობისთვის შეიძლება ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები დაისაჯონ

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის 24-ე წელი აღნიშნეს და სწორედ ამ დღეს, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ, ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, გაავრცელა სკანდალური ინფორმაცია, თითქოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები იქაურ ბავშვებზე ძალადობენ.

ზოგიერთი ქართული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვებზე ძალადობა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე ხდებოდა, ბათუმის ცალკეული ბატალიონის ასეული კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისს ჩაფრინდა და ძნელი დასაჯერებელია, ვინმე იმავე დღეს მივარდნოდა აფრიკელ მოზარდებს.

ეს საჩოთირო სიტუაცია ორიოდე დღეში გაირკვა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია  AIDS-FREE WORLD-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პაულა დონოვანმა განაცხადა, რომ ქართველი სამხედროებისგან ძალადობის ფაქტები გაეროს ანგარიშში ნახსენები არ არის. ამ დოკუმენტში ქართველები ორჯერ არიან ნახსენები - პირველად, როდესაც იქაური ბავშვი აღწერს მოძალადე ფრანგ სამხედროს და ამბობს, რომ პოსტზე ის ქართველმა სამხედრომ შეცვალა და მეორედ, როცა ამბობენ, რომ - ძალადობა მაშინ მოხდა, როდესაც ფრანგი ჯარისკაცები ქართველ სამხედროებს ტერიტორიას ათვალიერებინებდნენ.

როგორც ჩანს, ძალადობა მართლაც ხდებოდა, ოღონდ მოძალადეები, ალბათ, ფრანგი სამხედროები იყვნენ. ამას ირიბად ადასტურებს საფრანგეთის პრეზიდენტის სპეციალური განცხადებაც, რომ ის დაელოდება გამოძიების დასკვნას და თუკი დანაშაული დადასტურდა, ძალზე მკაცრად დასჯის საფრანგეთის არმიის მებრძოლებს.

არ არის გამორიცხული, რომ ამ სკანდალში ქართველი სამხედროების გარევა ვიღაცამ შეგნებულად სცადა. თუ ასეა, მაშინ უნდა გამოვიძიოთ, ვის სჭირდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია.