სულისშემძვრელი ისტორია ქალისა, რომელმაც აფხაზთა ტყვეობაში 25 ჯოჯოხეთური დღე გაატარა - კვირის პალიტრა

სულისშემძვრელი ისტორია ქალისა, რომელმაც აფხაზთა ტყვეობაში 25 ჯოჯოხეთური დღე გაატარა

"ტყვეთა ბანაკში ჯალათი ჰყავდათ, მეტსახელად, ხაშამბათი, მისი ნაკბენი მაჯაზე დღემდე მამჩნევია."

"პირველად როცა მოვკალი ადამიანი, შოკიდან ორი საათი ვერ გამოვედი"

სხეულზე არაერთი ნაიარევი მისი ურთულესი, ტკივილით სავსე ცხოვრების დასტურია. როცა თავს გადახდენილ ამბებს გიყვება, რთულიც კია დაიჯერო, რომ ამ ერთი შეხედვით სუსტმა ქალბატონმა ამდენი რამ გამოიარა, ამდენ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს გაუძლო.

"ჩემმა შვილმა ტელევიზორში დამინახა თურმე და კივილი ატეხა, დედა, დედაო...ოჯახს მოსკოვში ვეგონე და ამ დროს ტელევიზიით მხედავენ ტანკზე შემომჯდარს იარაღით ხელში, ბენდენაწაკრული, ჩემს ოჯახს ბოდიშს ვუხდიდი, რომ მოვატყუე და ომში წავედი. ტანკი მიდიოდა და ჩემს შვილს ხელს ვუქნევდი, ნუკა, დედიკო, მალე დავბრუნდები-მეთქი.... მას განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი, თუმცა, ყველაფერს ისევ თავიდან, რომ ვიწყებდა იგივეს გავიმეორებდი, 25 - დღიან ტყვეობაში ყოფნას და ტანჯვა-წამებასაც ავიტანდი..."- ეს სიტყვები 57 წლის მედეა იმნაიშვილს ეკუთვნის, კიდევ ერთ-ერთი მეომარ ქალს, რომელმაც აფხაზეთის ომის ჯოჯოხეთი საკუთარ თავზე იწვნია. თუმცა, მის შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. – "პირველი ჟურნალისტი ხარ, ვისაც ინტერვიუ მივეცი, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საკუთარი პერსონის წინ წამოწევითაა დაინტერესებული, " - მითხრა საუბრის დასასრულს.

აფხაზეთის ომი

ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქვე დავამთავრე. შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავშირგაბმულობაზე ჩავაბარე. მოგვიანებით ბათუმში, თურქეთის საკონსულოში ატაშედ მუშაობა დავიწყე. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში 1989 წლის აპრილის ცნობილი მოვლენები დაიწყო. მეუღლე და ვაჟიშვილი იმ პერიოდში დავკარგე, ნუკა კი 3 წლის მყავდა... ინტელიგენტ ოჯახში გავიზარდე, მამა ბათუმის სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის მსახიობი იყო, დედა ბათუმის სახელმწიფო ბანკში ბუღალტრად მუშაობდა, ძმა მერაბ იმნაიშვილი აჭარის მშენებლობის მინისტრი იყო. ბათუმში პირველი თუ არა, მეორე ოჯახი მაინც ვიყავით. ამდენ კულტურულ ხალხში ერთი "გიჟი"მე გამოვერიე. იარაღი ყოველთვის მაინტერესებდა. 1989 წლის საპროტესტო გამოსვლებისას, თბილისში მოშიმშილეებს ბათუმელებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციები ბათუმის თეატრის წინ მიმდინარეობდა, მოშიმშილეებს შორის მეც ვიყავი. დედა და ნუკა მიტინგზე მაკითხავდნენ. ნუკას სამლიტრიანით წყალი მოჰქონდა და მოშიმშილეებს თავისი პატარა ხელებით წყალს ასმევდა...აქციაზე გავიცანი აწ გარდაცვლილი ნუგზარ ყელბერაშვილი, მეტსახელად "გიჟი".

მოგვიანებით აფაზეთში ვითარება რომ დაიძაბა, ომში წასვლის სურვილი სწორედ მას გავუმხილე. არ გეშინიაო? - მკითხა, - არა-მეთქი. მაშინ თქვენს გვერდით გვიგულეთ, თქვენისთანა ხალხი გვჭირდებაო... ამ საუბრიდან ერთ თვეში ბათუმი დავტოვე. ოჯახს წერილი დავუტოვე, მოსკოვში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კურსებზე მივდივარ-მეთქი. სინამდვილეში კოჯრის ბატალიონში ამოვყავი თავი, სადაც "თეთრი გიორგის" ბატალიონის ბაზა იყო. მყავდა მასწავლებელი გია ბოძიაშვილი, რომელიც კლდეზე ცოცვას და იარაღის სროლას მასწავლიდა. ბატალიონის მეთაური გენერალი გია კრიალაშვილი იყო. კოჯრის ბატალიონში 6 თვე დავყავი... ჩვენი სპეცრაზმის მეთაური გენერალი გია კრიალაშვილი იყო, უკარგესი ადამიანი. აფხაზეთში არ მივყავდი, რამე რომ მოგივიდეს, შენს ოჯახს რა ვუთხრათო. ერთხელაც ბატალიონის ნაკადი "იკარუსებით" აფხაზეთში წაიყვანეს, იარაღებს შორის დავიმალე, როცა სოხუმში შევედით და ავტობუსი დაცალეს, სწორედ მაშინ გადმოვძვერი. ჩემს დანახვაზე გია კრიალაშვილი ლამის გაგიჟდა, ეს რა გამიკეთეო, მაგრამ რაღას იზამდა? პირველად როცა ტყვიების წვიმაში მოვხვდი, შემეშინდა... საშინელბაა, როცა შენ თვალწინ შენი თანამებრძოლები, ვისთანაც ერთად რამდენიმე წუთის წინ ლაპარაკობდი, ძირს ეცემიან... პირველად როცა მოვკალი ადამიანი, შოკიდან ორი საათი ვერ გამოვედი, ბოდიში და ჩავისველე... მაგრამ სული ტკბილია, თავის გადასარჩენად ადამიანი ყველაფერს იზამს. ომში დასწრებაზეა ყველაფერი, თუ დაგასწრეს, მკვდარი ხარ... სხვათა შორის, კელასურიდან კურსელი მყავდა ნოდარ კოპალიანი. სამწუხაროდ, ის ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. პირველად როცა მივხვდი რომ მოწიააღმდეგ მოვკალი, გავიფიქრე, ნეტავ ნოდარი ხომ არ იყო-მეთქი? ამიტომ, ორმაგად განვიცადე...

ტყვედ ყოფნისას

ომში ყოფნიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, აეროპორტში მძიმედ დამჭრეს. ტყვია ნაღვლის ბუშტში მომხვდა. სასწრაფოდ თბილისში გადამაფრინეს. საავადმყოფოში ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მომინახულა, გადარჩენა მომილოცა და მერე თავისებური კილოთი - კი მარა ვინ გითხრა ,რო წაი საბრძოლველად, გეხვეწებოდა ვინმეო? - განა ის მითხრა, გმადლობთ,სამშობლოსთვის თავი გაწირეთო... ცოტა მოვღონიერდი თუ არა, ისევ ომში წავედი... გუმისთაზე ვიყავით, ველური მარწყვის მოსაკრეფად გადავედი, ჩამუხლული ვკრეფდი, როცა კეფაზე კონდახი მომხვდა და გავითიშე. როცა გონზე მოვედი ტყვეობაში ვიყავი. ჩემთან ერთად ბევრი ქართველი მეომარი იყო. მათ შორის, პირველი არხის ოპერატორი, გიორგი ჩხეიძე. ეტყობა აფხაზებმა იფიქრეს, რადგან ქალია სუსტია და რაღაცას გვეტყვისო, მაგრამ ვერ ეღირსნენ... 25 დღე თოკზე ხელებით ვეკიდე და ცხელ შამფურებით მაწამებდნენ. ერთი ზონდერი ჰყავდათ, ოსი, მეტსახელად ხაშამბათი. მისი ნაკბენი მაჯაზე დღემდე მამჩნევია. რკინის კბილები ჰქონდა და წამების მისებურ მეთოდებში ესეც შედიოდა. როცა მცემდნენ, მეზობელი ოთახიდან ქართველი ბიჭების ყვირილი მესმოდა, ქალს ნუ სცემთ, ჩვენ გვაწამეთო. მაშინდელი დამღები "სამახსოვროდ" დამრჩა (ამის თქმაზე ჩვენმა რესპოდენტმა ნაიარევები გვაჩვენა). ეს 25-დღიანი წამება იცით რამ გადამატანინა? - მუდმივად თვალწინ მედგმა ნუკა, დედა და უფალი... ტყვეობაში ყოფნისას ბევრი დახვრიტეს. მე გადავრჩია. ტყვეების გაცვლა შედგა და აფხაზ სამხედროზე გამცვალეს. ტყვეობაში ყოფნისას აფხაზურად გინება ვისწავლე და მწვალებელს ვაგინებდი.

გია ყარყარაშვილი, "მხედრიონი" და...

ჩვენ თავდაცვის სამინისტრო გვამარაგებდა ტყვია-წამლით. მინისტრი გია ყარყარაშვილი თითქმის სულ აფხაზეთში იყო, გვაკითხავდა, გვეკითხებოდა რა გჭირდებათ, რა გამოგიგზავნოთ და ა.შ. მას რამდენჯერ შევხედრივარ, თუმცა, ახლო ურთიერთობა არ მქონდა. ძალიან კარგი პიროვნებაა. რომ იტყვიან გაჭირვების ტალკვესი იყო... "მხედრიონზე" რას გეტყვით? - მთელმა საქართველომ იცის, რომ ბევრი ცოდვა ჩაიდინეს. თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ "მხედრიონშიც" იყვნენ ღირსეული ადამიანები... რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილს, მასზე სათქმელი არაფერი მაქვს. მასზე საუბარიც კი არ მსიამოვნებს. უბრალოდ, მე ომში ძირგავარდნილი ფეხსაცმლით დავდიოდა, სადაც მიღამდებოდა იქ მითენდებოდა. ომში წითელი პომადით სიარული არ გამიგია მე...

თავიდან რომ ვიწყებდე...

რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლო, აფხაზეთი არ დამავიწყდება. უკვე სოხუმში შესულები ვიყავით, როცა ბრძანება მივიღეთ სოხუმის დატოვებაზე... ცივი ხმით ვკიოდი, როგორ უნდა დავტოვოთ-მეთქი. ევრი ტანჯვა გამოვიარე, ამ ამბების გახსენება ძალიან მიჭირს, მაგრამ თავიდან რომ ვიწყებდე, დღესაც იგივე გზას გავივლიდი. "თეთრი გიორგიში" მართლა ისეთი ხალხი ვიყავით, რომლებსაც სამშობლო გვიყვარდა...

ცხოვრება ნაქირავებ ბინაში

დღესდღეობით მედიკო იმნაიშვილი, შვილთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ უბანში ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველის და ინვალიდობის პენსიის ამარაა. შვილი არ მუშაობს, რადგან დედას მისი დახმარება სჭრიდება. ეროვნული გვარდიის სამმართველოს შენობის დაწვისას ყველა დოკუმენტი, მათ შორის მედიკო იმნაიშვილის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთები, ომისდროინდელი ფოტოები განადგურდა. ვეტერანის სტატუსისა და პენსიის მიღება არ უცდია: "ნუგზარ ყელბერაშვილს ცალი ხელი და ფეხი არ ჰქონდა, მაგრამ პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი არ მისცეს, ამის მერე ხელი ჩავიქნია, აღარ მიღირდა ნერვების მოშლა... დღეს მე და ჩემს შვილს დროებითი თავშესაფარი გვაქვს, ნაძალადევის გამგეობის დამსახურებაა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გამგებელს ზაზა გაბუნიას, აპარატის უფროსს გიორგი ჩაკვეტაძეს, გვერდში გვიდგანან როგორც მორალურად, ისე მატერიალურად... ომმა თავისი კვალი დატოვა, ჯანმრთელობა შემერყა...  ქუჩაში ვიდექი, როცა წნევამ დამარტყა, წავიქეცი და ბორდიურს სახით დავენარცხე, რა დროსაც თვალი დამიზიანდა. მარჯვენა თვალში მხედველობის 70% დავკარგე, მარცხენათი ვერაფერს ვხედავ. ოპერაცია მჭირდება, ღმერთს მადლობა, საყოველთაო დაზღვევა მიფინანსებს, აბა, მე მკურნალობის ფული სად მექნებოდა... როცა თავზე ტომოგრაფია გადამიღეს, ექიმი გაოცდა, ცოცხალი როგორ ხარ ან როგორ დადიხარო?.."

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)