"ქმარი - პარლამენტის თავმჯდომარე, ცოლი - თავდაცვის მინისტრი... მონარქიული ქვეყანა ხომ არ გვაქვს?!" - კვირის პალიტრა

"ქმარი - პარლამენტის თავმჯდომარე, ცოლი - თავდაცვის მინისტრი... მონარქიული ქვეყანა ხომ არ გვაქვს?!"

"ხიდაშელი უკვე შეხვდა იმას, ვისთანაც საერთო ენის პოვნა სურს, ვგულისხმობ, ირაკლი ალასანიას..."

"ჩემი აზრით, აღლუმის არჩატარება, კარგი ტენდენცია სულაც არ არის. როგორც ჩანს, საჩვენებელი არაფერია და იმიტომ არ ატარებენ."

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წინამორბედების ქებისა თუ კრიტიკის ობიექტი უკვე გახდა. ერთი მხრივ, ჯარის წინაშე წარდგომის ფორმას უწუნებენ, მეორე მხრივ, გამბედაობას უქებენ. თავად ხიდაშელი თავდაცვის ყოფილი მინისტრების კლუბის შექმნას გეგმავს, სადაც მათთან ერთად ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ აპირებს საუბარს. "კვირის პალიტრასთან" საუბარში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ხიდაშელის ამ განცხადებას პიარს უწოდებს და აღნიშნავს: "ხიდაშელი უკვე შეხვდა იმას, ვისთანაც საერთო ენის პოვნა სურს, ვგულისხმობ, ირაკლი ალასანიას..."

რას ურჩევს თევზაძე ხიდაშელს დაროგორ აფასებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმის გამართვის ტრადიციის დარღვევას? - ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" დავით თევზაძე ესაუბრება.

- ბატონო დავით, უპირველესად თქვენი ორგანიზაციის "საქართველო მშვიდობისთვის" საქმიანობის შესახებ გკითხავთ, რა ეტაპზე ხართ?

- ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც შევიმუშავეთ. რამდენიმე მიმართულებით კვლევა ჩავატარეთ, ახლო მომავალში შედეგებს საინფორმაციო ბუკლეტების სახით გამოვცემთ. კვლევები, ძირითად, უმაღლეს განათლებასა და სამხედრო თემატიკას შეეხება.. სამხედრო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი დავაფუძნეთ, რომელსაც სათავეში თადარიგის გენერალ-მაიორი შუბლაძე ჩაუდგა. ამავე დროს, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებსაც გავდივართ. ჯერჯერობით მათ ვინაობას ვერ დაგიკონკრეტებთ. თუმცა, გეტყვით, ისინი პარლამენტს მიღმა მყოფი ჯგუფებია.

- რას იტყვით თავდაცვის ახალ მინისტრზე, რომელიც ცოტა ხნის წინ თქვენი კრიტიკის ობიექტიც გახდა...

- შორს ვარ იმისგან, რომ ვინმე შევაქო ან დავიწუნო, შორს ვარ. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ხიდაშელი ქალი და პოლიტიკოსია, არა, პირდაპირ ვიტყვი, ის პირველი სერიოზული პოლიტიკოსია ამ პოსტზე, რომელსაც ჩვენს სინამდვილეში გარკვეული პოლიტიკური წარსული აქვს. პრობლემა სხვა ასპექტებში იკვეთება - მის უახლოეს გარემოცვაში სამხედრო პროფესიონალები არ ჩანს. რაც მომავალში პრობლემებს შეუქმნის. სახელმწიფო პრობლემად მიმაჩნია ასევე მისი მეუღლის პოსტიც. "ქმარი - პარლამენტის თავმჯდომარე, ცოლი - თავდაცვის მინისტრი... რა არის, მონარქიული ქვეყანა ხომ არ გვაქვს?! ოჯახის წევრებით მთავრობის სხვადასხვა შტოს დაკომპლექტება, უხერხულია. გარდა ამისა, მან პოსტზე დანიშვნიდან მოკლე ხანში სპონტანური გადაწვეტილებები მიიღო, რაც მისი მოღვაწეობის შეფასებისას ოპტიმიზმის საფუძვლად ვერ გამოდგება.

- კერძოდ?

- თუნდაც ის, რომ ჯარის ინსპექტირება სპონტანურად მოინდომა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ჯარის წინაშე სათანადოდ არ წარსდგა - იდგე მინისტრი "ბუშლატამოხურული," დაცვის თანხლებით, ცოტა არასერიოზულია. ასევე, ნაჩქარევი მიმაჩნია მისი გადაწყვეტილება ახალი დეპარტამენტის შექმნის თაობაზე, რომელიც დაანონსა. ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც დასახიჩრებულ მეომრებს შეხვდა. შეიძლება რაღაც გადაწყვიტო, შემდეგ საკითხი შეისწავლო და აღმოჩნდეს, რომ ეს არ გჭირდება. ვთვლი, რომ იჩქარა.

- როგორც ყოფილი მინისტრი, კოლეგას რას ურჩევდით?

- არა მგონია ჩემთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდეს. ის მიიჩნევს, რომ მისი დანიშვნა სწორად არ მიმაჩნია, ამიტომ, მისდამი მტრულად განწყობილ სუბიექტად აღმიქვამს. სინამდვილეში ასე არ არის. პირიქით, ქალბატონნ ხიდაშელს მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ამ პოსტზე კიდევ ერთი წარუმატებელი მინისტრი შეუძლებელს გახდის სამხედრო ძალების შემდგომ განვითარებას.

- ვაზიანში გამართულ ქართულ- ამერიკულ სამხედრო წვრთნებს როგორ შეაფასებთ და რას ფქრობთ ნატო-საქართევლოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაზე?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ცენტრის შექმნაზეა ლაპარაკი. არა მგონია, ამაზე ინფორმაცია საჯარო გახდეს. ცუდია, როცა შენი ხელისუფლება ვერ გეუბნება და არ გიხსნის საქმე რასთან გვაქვს. ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლება უნდა ითვალისწინებდეს. ზოგადად, სამხედრო წვრთნებს დადებითად უნდა შევხედოთ, რადგან ეს ხელს უწყობს მასში მონაწილე პირთა პროფესიულ დახელოვნებას.

- დაბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წელსაც არ გაიმართა სამხედრო აღლუმი, სწორია ეს გადაწყვეტილება?

- ჩემი აზრით, აღლუმის არჩატარება, კარგი ტენდენცია სულაც არ არის. როგორც ჩანს, საჩვენებელი არაფერია და იმიტომ არ ატარებენ. მე არ ვიცი ახლა რა მდგომარეობაშია ჯარი, ბევრი ნიუანსია გასათვალისიწნებელი - ტექნიკისა და საფრენი აპარატების მდგომარეობა, ჯარისკაცების მომზადების დონე, ლამაზი მწყობრის გაკეთება... საკითხავია ასევე, მათი მომზადების დონე, ვინც ეს უნდა გამართოს. ამასაც სერიოზული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ვფიქრობ პრობლემა ამაშია და არა სხვა რამეში. გაცილებით ადვილია რაღაც გამოაგორო, სანახაობად დააყენო და ბავშვები გაახარო...

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)