"აგვისტოს ომს გადაურჩა და ავღანეთში მიღებულმა ჭრილობამ იმსხვერპლა... სიკვდილთანაც გმირულად იბრძოლა" - კვირის პალიტრა

"აგვისტოს ომს გადაურჩა და ავღანეთში მიღებულმა ჭრილობამ იმსხვერპლა... სიკვდილთანაც გმირულად იბრძოლა"

"რამაზი და მისი ერთი მეგობარი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. რაღაც დროის მერე დამირეკა, - მარინა დეიდა, გვიშველე რამე, მე არმიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენიაო... ჩემი შვილის განუყრელი მეგობრები იყვნენ და მათ გამო უკან არაფერზე დავიხევდი. ძალიან ბევრი ვიწვალე და დავაბრუნე. ნეტავ არ დამებრუნებინა..."

8 ივნისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია გარდაიცვალა. ის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას "ნიუ ჰოსპიტალში" და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე, თუმცა... "რამაზ დავითაიას სიცოცხლე დასრულდა, თუმცა კიდევ ერთი ქართველი გმირი დაიბადა ჩვენს თვალწინ. გმირი რომელზეც დიდ ხანს ისაუბრებენ, დიდ ხანს ვიამაყებთ, დიდ ხანს გავიხსენებთ. ის ერთგულად ემსახურა ჩვენს სამშობლოს და ლამაზი ფურცელი დაუტოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიას." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

მარინა გზირიშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულდ დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა:

- რამაზი და ვახო ერთად მსახურობდნენ, მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონში იყვნენ. 2008 წლის ცხინვალის ომში ერთად მოუწიათ წასვლა. ჩემი შვილის თანამებრძოლი იყო... იმ საბედისწერო ომამდე, აჩაბეთის სამშვიდობო მისიაშიც ერთად იყვნენ... რამაზი ძალიან მორიდებული, მშვიდი და თავმდაბალი ბიჭი იყო. ვახოს დაღუპვის შემდეგ, სახლში მოვიდა ჩემთან, მასთან ერთად ვახოს კიდევ ერთი მეგობარი, შოთა აწკურუნაშვილი იყო, - ისეთ თბილად იხსენებდა ჩემს შვილს, მის იუომორს... ბედნიერი დედა ხართ, ასეთი შვილი რომ გყავდათო... მეც იგივე შემიძლია ვუთხრა მის მშობლებს, კარგი შვილი გაუზარდეს ქვეყანას, კარგი მებრძოლი...

- 2012 წელს დაიჭრა , ხომ?

- დიახ, მანამდე რამაზი და მისი ერთი მეგობარი შეირაღებული ძალებიდან დაითხოვეს. რაღაც დროის მერე დამირეკა, - მარინა დეიდა, გვიშველე რამე, მე არმიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენიაო... ჩემი შვილის განუყრელი მეგობრები იყვნენ და მათ გამო უკან არაფერზე დავიხევდი. ძალიან ბევრი ვიწვალე და დავაბრუნე. ნეტავ არ დამებრუნებინა, მაგრამ მაშინ რას ვიფიქრებდი თუ ასე მოხდებოდა. ბედისწერა იყო ალბათ, - აგვისტოს ომს გადაურჩა და ავღანეთში მიღებული ჭრილობის შედეგად, 3-წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილთანაც გმირულად იბრძოლა... შეიარაღებულ ძალებში დაბრუნების შემდეგ, კარგა ხანს არაფერი ვიცოდი მათზე. მერე მათი მეგობარი ვნახე და ვკითხე ამ ბიჭების ამბავი. შოთა შეიარაღებული ძალებიდან წავიდა, რამაზი კი ავღანეთში დაიჭრა, პატრულირების დროს, სნაიპერის ტყვია მოხვდა და ხერხემალი დაუზიანაო... მისგანვე გავიგე, რომ გერმანიაში მკურნალობდა. ახლახან, მითხრეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალშია და მკურნალობსო. გული მეწვის, რომ ვერ გავაღიწე მის სანახავად, ჩემი შვილისა და მისი თანამებრძოლების სულის საოხად ტაძარს ვაშენებთ და ამ საქმეებში ისე ვიყავი ჩაფლული... ეტლით გადაადგილდებოდა, ბოლო დროს თითქოს უკეთესად იყო, მარჯვენა ხელი აამოძრავა... ორი წელი მედგრად ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ დაიღალა ჩვენი მორიდებული და თავმდაბალი ბიჭი. გული მიდუღს მისი თბილი და გულიანი ლაპარაკი რომ მახსენდება.

- ოჯახი ჰყავდა?

- დედ-მამა და ძმა ჰყავს. ახლა, 15 ივნისს, 29 წელი შეუსრულდებოდა. 16 ივნისს კი დაკრძალვაა, მხედრული პატივით მიაბარებენ მიწას.  არ ვიცი, რა ვთქვა, - ის და ჩემი შვილი ძმებივით სულ ერთად იყვნენ და უფალს შევთხოვ, ზეციურ საქართველოში შეახვედროს ერთმანეთს მათი სულები. ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ, ჩემი სინათლე მისი მეგობრები იყვნენ და ეს ერთი სინათლეც ჩამიქრა...

პ.ს. რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".

მარიამ რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)