თინას "ვერა" გააცნეს - კვირის პალიტრა

თინას "ვერა" გააცნეს

10 წლის წინ "ვერას" შესყიდვა ჩეხეთში7 მლნ დოლარად შეგვეძლო, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ რატომღაც 16,5 მლნ დოლარად უკრაინაში "კოლჩუგა" იყიდა...

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის დელეგაციის სტუმრობისას მასპინძლებმა ქართველ მაღალჩინოსან სტუმრებს სამხედრო დანიშნულების რამდენიმე სახეობის პროდუქცია წარუდგინეს.

მათ შორის იყო ახალი თაობის სიმულაციური ცენტრები (რომლებიც ასე საჭიროა ქართული არმიის დანაყოფების პროფესიონალურ დონეზე მოსამზადებლად და თანაც - ნაკლები დანახარჯით), რადიოტექნიკური დაზვერვის პასიური სისტემა Vera-NG და მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი L-159.

ეს პრეზენტაცია არ ნიშნავს, რომ ქართული მხარე ჩეხეთში სწორედ ამ შეიარაღებას შეიძენს (ან საერთოდ შეიძენს კი?), მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით ძალაუნებურად გვახსენდება უახლესი ისტორია, რადგან თითქოს ყველაფერი წრეზე მოძრაობს.

ამ 11 წლის წინ ჩეხეთი სთავაზობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოხსენებული რადარისა და თვითმფრინავის შეძენას. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე იხსენებდა, 2004 წელს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განიხილავდნენ L-159 ტიპის მსუბუქი დამრტყმელი თვითმფრინავის ყიდვის შესაძლებლობას. ჩეხები ერთ თვითმფრინავს 5 მლნ აშშ დოლარად გვთავაზობდნენ, თანაც შეიარაღების ხუთ საბრძოლო კომპლექტს ატანდნენ თითოეულ თვითმფრინავს.

მეორე შეთავაზება რადიოტექნიკური დაზვერვის პასიურ სისტემა Vera-ს ეხებოდა, რომელიც ჩეხებმა 7 მლნ დოლარი დაგვიფასეს. როგორც გენერალი სალუქვაძე იხსენებს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ანალოგიური დანიშნულების - რადიოტექნიკური დაზვერვის პასიური სისტემის - Кольчуга-М-ის შესაძენად მან 2004 წელს მოლაპარაკება უკრაინულ მხარესთანაც გამართა და უკრაინელებს პირვანდელი ფასი 15 მლნ დოლარი 9 მლნ-მდე შეამცირებინა, თუმცა, გენერალი უპირატესობას მაინც "ვერას" ანიჭებდა. 2005 წლის თებერვალში იგი თანამდებობიდან მოხსნეს და თავდაცვის სამინისტრომ "ვერას" ნაცვლად მაინც "კოლჩუგა" შეიძინა და თანაც - 16,5 მლნ დოლარად (რატომ არ და ვერ გამოიყენეს "კოლჩუგები" ეფექტურად აგვისტოს ომში, სხვა საუბრის თემაა).

11 წლის შემდეგ სიტუაცია მეორდება, თუმცა, ამჯერად ჩეხეთი ქართულ მხარეს გაუმჯობესებულ Vera-NG-ს სთავაზობს.

"ვერას" ძირითადი ღირსება ის არის, რომ ის პასიურ რეჟიმში (ანუ რადიოტალღების გამოსხივების გარეშე) აფიქსირებს და აცილებს იმ მობილურ ობიექტებს (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი, ავტომობილი, ხომალდი), რომლებიც რადიოტალღებს ასხივებს. მათ შორის შეიძლება იყოს თვითმფრინავის საბორტე რადიოლოკატორი, რადიოკავშირის, ნავიგაციისა და იარაღის მართვის სისტემები, სახელმწიფოებრივი კუთვნილების განმსაზღვრელი მოპასუხე "ჩემი-სხვა", რადიოელექტრონული ხარვეზების გამშვები დანადგარები და სხვა.

Vera-NG-ს 360-გრადუსიან სექტორში მაქსიმუმ 322 კმ-ის სიშორეზე შეუძლია ერთდროულად აღმოაჩინოს და გააცილოს 200 სამიზნე, თანაც - 20 მ-ის სიზუსტით. ინფორმაციის განახლება 1-5 წმ-ის ინტერვალით ხდება.

რაც მთავარია, პასიურ რეჟიმში მომუშავე "ვერას" მოწინააღმდეგე რადიოლოკაციური საშუალებების გამოყენებით ვერ აღმოაჩენს და ანტისარადარო მართვადი რაკეტით ვერ ააფეთქებს, როგორც ეს აგვისტოს ომის დროს თბილისის ზღვის სიახლოვეს მოხდა.

ერთი წლის წინ ორი Vera-NG ჩეხებისგან NATO-მ შეიძინა 16 მლნ ევროდ და ჩრდილო იტალიაში განათავსა. მსოფლიოს 48 ქვეყანას ასამდე "ვერა" აქვს შეძენილი, რაც მის პოპულარობაზე მეტყველებს.

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჩეხეთში მაინცდამაინც "ვერას" საყიდლად ჩავიდა, მაგრამ პასიურ რეჟიმში მომუშავე რადიოტექნიკური დაზვერვის მობილური საშუალებების დაჯგუფება, რომელიც დროის რეალურ რეჟიმში ინფორმაციას მიაწვდის საჰაერო სივრცის კონტროლის ერთიან სისტემას, ურიგო არ იქნებოდა.