"გიო ისეთი სიცოცხლით სავსე იყო, ისეთი სიამაყით იტყოდა ხოლმე ქართველი ვარო" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა - კვირის პალიტრა

"გიო ისეთი სიცოცხლით სავსე იყო, ისეთი სიამაყით იტყოდა ხოლმე ქართველი ვარო" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში პრორუსული ძალების გააქტიურებას, კიდევ ერთი ქართველის, 24 წლის გიორგი ბარათელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბიჭი რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას, ნაღმის აფეთქების შედეგად, ბუტივკის შახტასთან დაიღუპა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში უკრიანაში მცხოვრებმა ქართველებმა ამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

მომხდართან დაკავშირებით, ჩვენ უკრაინაში მებრძოლ ქართველს ვესაუბრეთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- 11 გავისტოს იყო დაკრძალვა... ვერ წავედით, საქმემ არ გაგვიშვა. გიო ისეთი სიცოცხლით სავსე იყო, ისეთი სიამაყით იტყოდა ხოლმე ქართველი ვარო, რომ მახსენდება, ცრემლები მახრჩობს. სოხუმში დაიბადა, მაგრამ არც ახსოვდა იქაურეობა, 24 წლის იყო. დედა უკრაინელი ჰყავს. დნეპროპეტროვსკთან ახლოს აქვთ სოფელი... იქ გაიზარდა, უკრაინის მოქალაქე იყო, მაგრამ ქართველი იყო სულით და ხორცით, ამბობდა, ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერს გავაკეთებო, მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა, - სიცოცხლე გაწირა. ჩვენ აქ უპირველსად საქართველოს ვიცავთ, გიოს ორი სამშობლო ჰქონდა, ორივეს ბედნიერი მომავლისთვის იბრძოდა.

- მოხალისე იყო?

- გიო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონში მსახურობდა. ბუტივკის შახტასთან, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, ნაღმ-მტყორცნის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა. მისი თანამებრძოლები იგონებდნენ, იმხელა სტიმულსა და ხალისს გვაძლევდაო... 93-ე ბრიგადის 1-ელმა ბატალიონმა ახლა მეორე ქართველი დაკარგა, - თამაზ სუხიაშვილი იანვარში, დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. ბევრი არაფერი ვიცი მასზე, აქ საკუთარ პრობლემებსა და ემოციებზე არ ვლაპარაკობთ, აქ მხოლოდ საქართველო გვაერთიანებს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)