მოასწრებენ კი ამერიკული "აბრამსები" თბილისის დაცვას? - კვირის პალიტრა

მოასწრებენ კი ამერიკული "აბრამსები" თბილისის დაცვას?

კრიზისის დროს NATO-ს ევროპული ბაზებიდან საქართველოში ამერიკული საბრძოლო ტექნიკის ოპერატიულად გადმოსროლას რუსეთი აუცილებლად შეუშლის ხელს...

გასულ კვირას თბილისში, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა თითქმის სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პენტაგონი ამუშავებს გეგმას, აგრესიის შემთხვევაში რამდენად სწრაფად შეძლებს დისლოკაციის ადგილებიდან საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცებისა და საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლას!

ფაქტობრივად, ამერიკელმა გენერალმა თქვა ის, რასაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ველოდით, ანუ "შეშფოთება-აღშფოთების" ნაცვლად სამხედრო მხარდაჭერა აღგვითქვა!

ახლა გასაგებია, მაისის შუა რიცხვებში საქართველოში დაწყებულ ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებაში - "ღირსეული პარტნიორობა" - მონაწილეობის მისაღებად პენტაგონმა ევროპიდან რატომ გადმოიყვანა "ბრედლის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

მაშინ ყურადღება გამახვილდა ქართულ მიწაზე ამერიკული საბრძოლო ჯავშანტექნიკის პირველად გამოჩენაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკელი გენერლების მთავარი ჩანაფიქრი გახლდათ, დაედგინათ, რამდენად ოპერატიულად მოახერხებდნენ ბულგარეთიდან ქართულ პორტებში საზღვაო ტრანსპორტით საბრძოლო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადმოსროლას.

კარტი გაიხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფლად ამოვისუნთქოთ და ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის იმედად თავი არხეინად ვიგრძნოთ.

საქმე ის არის, რომ მოსკოვშიც არ სძინავთ და კრიტიკულ მომენტში ისინი ყველაფერს იღონებენ, რომ ამერიკულმა დახმარებამ საქართველომდე ან დაგვიანებით, ან საერთოდ ვერ მოაღწიოს.

ამერიკული დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის საქართველოში გადმოსროლის სამი - სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო - გზა არსებობს, თითოეულს კი თავისი უპირატესი და სუსტი მხარეები აქვს.

ბუნებრივია, ყველაზე ოპერატიულად შეიძლება ამერიკული სამხედრო დახმარების საქართველოში გადმოსროლა საჰაერო გზით, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოყენებით (ოღონდ ცოცხალი ძალის, რადგან მძიმე საბრძოლო ჯავშანტექნიკის ჩამოტანას დიდი რესურსი დასჭირდება), მაგრამ თუ აგრესორმა ქვეყანამ მოასწრო ქართული აეროდრომების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების დაბომბვა და მწყობრიდან გამოყვანა (არადა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციამ თითქმის ყველა აეროდრომი დაგვიბომბა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა და ესეც პოლიტიკური მოსაზრებით არ გააკეთა, თორემ ტექნიკურად ეს პრობლემა არ იქნებოდა), მაშინ ეს შესაძლებლობა გამოირიცხება.

სახმელეთო გზა, რომლითაც შეიძლება ამერიკული საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლა, მხოლოდ თურქეთზე გადის. მართალია, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ინჯირლიყში, დისლოცირებულია დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა, მაგრამ ის საჰაერო ძალებისაა და იქ შეიარაღებაში მძიმე ჯავშანტექნიკა არ აქვთ. ერთადერთი მიმართულებაა გერმანიის ამერიკული სამხედრო ბაზებიდან, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, "აბრამსებისა" და "ბრედლების" ავტოლაფეტებით ჩამოყვანა საქართველოში. ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არ არის. 2008 წლის აგვისტოს ომის დრო თურქეთმა სცადა ქართული სანაპიროსკენ გეზაღებული ამერიკული სამხედრო ხომალდების ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოსვლის დაბლოკვა და რა გარანტია გვაქვს, რომ კრემლის შიშითა თუ Mმორიდებით, თურქეთმა კვლავ არ შეაფერხოს საქართველოს დასახმარებლად წამოსული ამერიკული ჯავშანტექნიკა?

მესამე, საზღვაო გზა, ერთი შეხედვით, უფრო მიმზიდველი ჩანს, რადგან ბულგარეთის ბურგასისა და ვარნის, ასევე - რუმინეთის კონსტანცას პორტებიდან გამოსულ, ამერიკული "აბრამსებით" დატვირთულ ბორნებს ბათუმისა და ფოთის პორტებამდე საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეიძლება პირდაპირი თავდასხმა არ განახორციელოს ამერიკულ ბორნებზე, მაგრამ მწყობრიდან გამოიყვანოს ბათუმისა და უპირველესად - ფოთის პორტების ნავმისადგომები, ან სულაც - საზღვაო ნაღმები ჩაუშვას ამ პორტების სიახლოვეს, რაც დიდი ხნით შეაჩერებს ნაოსნობას საქართველოს სანაპიროსთან სავაჭრო გემებისთვისაც კი, რაც საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

როგორც ხედავთ, არც ერთი გზა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში ამერიკული სამხედრო დახმარების ოპერატიულად გადმოსროლას უზრუნველყოფდა, არ არსებობს.

თუკი აშშ-ის ხელისუფლებას რუსული აგრესიის შემთხვევაში მართლაც ჩაფიქრებული აქვს საქართველოს სამხედრო დახმარება, ყველაფერს აჯობებს, არ დაელოდონ კრემლს და ქართულ მიწაზე წინასწარ მოხდეს ამერიკული საბრძოლო ტექნიკის დასაწყობება, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა გერმანიაში.

მომავალ წელს საქართველოში არაერთი ერთობლივი სამხედრო წვრთნა და სწავლება იგეგმება, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ისე - ამერიკულ დანაყოფებთან ერთად.

უპრიანი იქნებოდა, რომ ამ სწავლებების ჩატარების მოტივით საქართველოში ჩამოტანილი და დასაწყობებული ყოფილიყო აშშ-ის არმიის მძიმე საბრძოლო ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები, საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები.

სხვადასხვა წვრთნაზე ჩამოსული უცხოელი სამხედროები მათ, ქართველ კოლეგებთან ერთად, სწავლებისთვის გამოიყენებდნენ, ხოლო კრიზისის დროს ამ შეიარაღებით ქართული მიწის დაცვაც შესაძლებელი იქნებოდა...