"იშვიათად მინახავს დედა, რომელიც შვილის დაღუპვის ამბავს ასე გმირულად შეხვდა" - ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

"იშვიათად მინახავს დედა, რომელიც შვილის დაღუპვის ამბავს ასე გმირულად შეხვდა" - ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა.

ეს ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მთავრობის სხდომაზე გაახმაურა და ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.

"გუშინ ავღანეთში ერთი ჯარისკაცი დავკარგეთ. პირველ რიგში, მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. წუხელ მთელი ღამე იქ ვიყავით და შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელსაც აცნობეს შვილის დაღუპვის შესახებ და, რომელიც ას ე გმირულად შეხვდა ამ ამბავს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვასილ ყულიჯანიშვილი

გლოვის ნიშად სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე.

ამასთანავე, პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თინა ხიდაშელის  თქმით, დაჭრილ ჯარისკაცს დღეს გერმანიაში კლინიკაში გადაიყვანენ, შემდეგ კი ის სამშობლოში დაბრუნდება.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებს გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის იჯახს.