რუსული აგრესიის შეკავების მორიგი მცდელობა - რა გეგმები აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს?! - კვირის პალიტრა

რუსული აგრესიის შეკავების მორიგი მცდელობა - რა გეგმები აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს?!

"დღეს რა ძალაც რუსეთს აქვს უშუალოდ ნატო - ს აღმოსავლეთ საზღვრებთან, კერძოდ დასავლეთი სამხედრო ოლქის შეიარაღება, საკმაოდ ანგარიშგასაწევია"

რუსული აგრესიის შესაკავებლად ნატო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის განლაგების აპირებს.

გამოცემა The Wall Street Journal -ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში თითო ბატალიონს გააგზავნიან. მეორე გეგმის მიხედვით კი, მთელ რეგიონში ნატო-ს მხოლოდ ერთი ბატალიონი - 800-დან 1 000 ჯარისკაცამდე განლაგდება. სამხედრო კონტინგენტი უშუალოდ ნატო-ს ოფიციალურ სარდლობას დაექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოები ამ ინიციატივას მხარს უჭერენ, გერმანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ევროპისგან იზოლირება არ სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავის სამიტამდე ნატო რუსეთთან მოსაზღვრე სახელმწიფოებში დამატებით სამხედრო კონტინგენტს არ გაგზავნის. თუმცა, ალიანსში სულ უფრო ირწმუნებიან, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დაანახებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ნატო საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მზად არის.

უკვე დაწყებულია თუ არა სამხედრო სამუშაოები ამ საკითხზე და როგორი იქნება რუსეთის პოზიცია, ამ და სხვა კითხვებით ჟურნალ "არსენალის" რედაქტორ, ირაკლი ალადაშვილს მივმართეთ.

- გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ბალტიისპირეთში მცირე ამერიკული დანაყოფების გადასროლა ხდება კიდეც, მაგალითად, ესტონეთში 10 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი, 5 ტანკი და 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანა უკვე ჩაიტანეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან ამინდს ვერ შექმნის იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში რუსეთის ტერიტორიაზე ამ ყველაფერს რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის უზარმზარი სამხედრო არმადა უპირისპირდება. ამის მიუხედავად, ეს მაინც წინ გადაგმული ნაბიჯია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ნატო და პირველ რიგში ამერიკელები გამოფხიზლდნენ და უკვე სერიოზულად ფიქრობენ ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერებას.

- აქამდე როგორ იყო?

- მართალია 2004 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები უკვე იყვნენ, მაგრამ მთელი ათი წლის განმავლობაში მათ ტერიტორიაზე ნატო-ს არავითარი საბრძოლო დანაყოფი არ არსებობდა, შეიარაღებული კონფლიქტი რომ მომხდარიყო, ნატო მათ დახმარებას ვერანაირად ვერ მოასწრებდა.

- არის თუ არა ნატო საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მზად?

- ძალიან რთული კითხვაა, გააჩნია ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე და რა ძალებზეა ლაპარაკი. დღეს რა ძალაც რუსეთს აქვს უშუალოდ ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან, კერძოდ დასავლეთი სამხედრო ოლქის შეიარაღება, საკმაოდ ანგარიშგასაწევია და საერთო საბრძოლო მოქმედებები რომ ვივარაუდოთ, თუ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებენ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პირველ რიგში რიცხოვნობიდან გამომდინარე, აუცილებლად ექნება უპირატესობა.

- თუმცა რუსეთის მიმართ ნატო-ს გეგმებს ყველა ქვეყანა არ ეთანხმება, მაგალითად გერმანია...

- აზრი აქამდეც გაყოფილი იყო. შეიძლება ამის აფიშირება არ ხდებოდა, მაგრამ ნატო-ს 28 ქვეყნიდან ყველა ერთ აზრზე არ არის. იგივეა საქართველოსთან დაკავშირებით, მაპ - ის მონიჭებაზე ან ნატო-სთან დაახლოებაზე ორგანიზაციის ბევრი წევრი ქვეყანა, რამდენიმე კი განსაკუთრებით, თავს იკავებდა, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ გამოჩნდა? ასეა ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ამერიკელებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სხვათა შორის პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი დაჟინებით მოითხოვენ, ნატო-ს საბრძოლო დანაყოფები მათ ტერიტორიაზე განთავსდნენ, რადგან იციან, რომ თუ შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, ნატო გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებული ბაზებიდან მათ დროულად ვერ დაეხმარება.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა