ათწლეულის ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები Trident Juncture 2015 - რისთვის ემზადება ნატო?! (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ათწლეულის ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები Trident Juncture 2015 - რისთვის ემზადება ნატო?! (ფოტოგალერეა)

წვრთნებში გამოყენებულ სცენარში რუსეთის წინააღმდეგ ნატო -ს წარმოსახვითი ომიც იყო

ევროპის სამხრეთით ნატო - ს საომარი თამაშები დასრულებულია. ჩრდილო ატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა წარმატებით ჩაატარა ათწლეულის ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები, სახელწოდებით Trident Juncture 2015. მასში მონაწილეობდა 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ნატო - ს არაწევრი პარტნიორები, 36 000 ჯარისკაცი, 230 სამხედრო ერთეული, 140 საჰაერო საბრძოლო ტექნიკა, 60-ზე მეტი გემი და წყალქვეშა ნავები. (ფოტოგალერეა)

წვრთნები ორი წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა უკრაინის მოვლენებისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გავლენით მისი სცენარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნატო -ს ჯარები მონაწილეობდნენ ფიქტიურ სამხედრო ოპერაციებში როგორც რეგულარული არმიების, ასევე ტერორისტების და უცხო ქვეყნის მიერ ზურგგამაგრებული სეპარატისტების წინააღმდეგაც, მათ გამოიყენეს "ჰიბრიდული ომის" ტაქტიკაც, რომელიც მოიცავს პროპაგანდის, ახალი სადაზვერვო და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას მტრის წინააღმდეგ. საწვრთნელი ოპერაციები მიმდინარეობდა იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში და შედგებოდა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბრძოლის კომპონენტებისაგან. საზღვაო ოპერაციები ხმელთაშუა ზღვაზე იყო ორიენტირებული. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ბალტიისპირეთის შემდეგ ნატომ საზღვრების გამაგრება სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის აუზში დაიწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა: ათწლეულის ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები Trident Juncture 2015

ნატო -ს ხელმძღვანელობის განცხადებით, ალიანსი ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას და აუცილებელია ამ ახალ პირობებთან ადაპტაცია. წვრთნების მიმდინარეობისას გამოსცადეს ახლად შექმნილი სუპერსწრაფი რეაქციული ძალები, რომლებიც ნატო -ს საპასუხო ძალებში შედის და გასულ სამიტზე შეიქმნა. აღნიშნულ ძალებს 48 საათში შეუძლიათ მოახდინონ სრული მობილიზება და მოემზადონ შეტევისთვის.

თუმცა, ნატო -ს წვრთნების ერთადერთი მიზანი თავდაცვის გაძლიერება არ ყოფილა. ალიანსის ხელმძღვანელობა ღიად აცხადებს, რომ სამხედრო ძალების დემონსტრირება პოტენციური მოწინააღმდეგეებისადმი პირდაპირი პოლიტიკური გზავნილია. "ჩვენი მიზანი წვრთნა და ვარჯიშია, თუმცა ამით ჩვენ, ასევე, ღია გზავნილს ვაკეთებთ ჩვენი მოკავშირეებისა და ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგის მისამართით. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ყველა მოკავშირე"- განაცხადა ნატო -ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წვრთნების მიმდინარეობისას. გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზების მშენებლობას ბალტიისპირეთში, შავი და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე.

"ნატო მზად არის დაიცვას ნებისმიერი მოკავშირე ნებისმიერი საფრთხისგან.. ამ ახალ მსოფლიოში, ნატო -ს წევრებს და მოკავშირეებს უნდა შეეძლოთ სწრაფად და გადამწყვეტად მოქმედება" - აცხადებს ნატო -ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ. ვერშბოუს თქმით, ამჟამინდელი ვითარება ევროპისთვის გაცილებით არასტაბილურია ვიდრე ცივი ომის პერიოდში. მან აქცენტი ყირიმის ანექსიაზე, სირიაში რუსეთის ქმედებებზე და ტერორიზმის საფრთხეზე გააკეთა.

ალიანსის ხელმძღვანელობა არ უარყოფს, რომ წვრთნებში გამოყენებული სცენარი რუსეთის წინააღმდეგ ნატო -ს წარმოსახვითი ომიც იყო. ფიქტობრივად, სცენარის სახელწოდებაა "სოროტანი". ნატო -ს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სორ" - ნორვეგიულად სამხრეთს ნიშნავს, ხოლო "ოტან" - ნატო -ს ფრანგული სახელწოდებაა. ერთ-ერთი ვებ-გვერდის ინტერპრეტაციით კი თუ მას პირიქით წავიკითხავთ - "ნატოროს"-ს მივიღებთ, რაშიც ნატო -სა და რუსეთის კონფრონტაცია იგულისხმება. ნატო -ს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წვრთნების სცენარი მიმდინარე საერთაშორისო კრიზისებზე დაყრდნობით შემუშავდა და მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ საფრთხეებთან.

სცენარში გაერთიანდა თითქმის ყველა გამოწვევა, რომელთა წინაშეც ევროპა დგას დღესდღეობით. სცენარის მიხედვით, ნატო -ს სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს ძალიან არასტაბილურ რეგიონ "ცერაზიაში", რომელიც ალიანსის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. ოპერაციების მიზანი კრიზისის დასრულება და მისი შემდგომი ესკალაციისა და გავრცელების თავიდან აცილებაა.

წარმოსახვითი კრიზისი უკრაინაში და სირიაში მიმდინარე კონფლიქტების ნაზავია. ფიქტიური პროდასავლური დემოკრატიული სახელმწიფო, სახელწოდებით "ლაკუტა", მეზობელი დიქტატორული ქვეყნის აგრესიის მსხვერპლი ხდება. აგრესორი სახელმწიფო უარს აცხადებს საერთაშორისო არბიტრაციაზე და ცდილობს სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაიგდოს ხელში მეზობელი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები და ბუნებრივი რესურსები. დიქტატორული სახელმწიფო "კამონი" მეზობელ ქვეყანაში რეგულარულ არმიას ანთავსებს და სეპარატისტული ძალების მობილიზებას ახდენს. "ლაკუტა" წესრიგის აღდგენაში დახმარებას სამხედრო ალიანს ნატო -ს სთხოვს. ნატო -ს ჯარებს მთელ რიგ პრობლემებთან უწევთ გამკლავება: ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რეგიონული არასტაბილურობა, ტერორისტების მიერ მძევლების აყვანა და კონფლიქტის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი.

აღსანიშნავია, რომ ნატო -ს ოპერაცია არის არა თავდაცვითი, არამედ შეტევითი ხასიათის, რადგან ფიქტიურ ომში ნატო -ს წევრ არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება პირდაპირი საფრთხე. ოპერაციის განხორციელების საფუძველი კი გაეროს წესდების მე-7 თავია, რომელიც სახელმწიფოებს საერთაშორისო უსაფრთხობისა და მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

წვრთნები 6 ნოემბერს დაიხურა ოპერაციით, რომელშიც ამერიკის, პურტუგალიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა ფლოტმა შტორმით აიღო სანაპიროზე განთავსებული მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზა, რასაც 15 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ წლობით ნაშენები ევროპული უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგა. ვლადიმერ პუტინის მხრიდან რამდენიმე ნატო -ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგაც გაისმა მუქარის ტონი. ნატო -ს აღნიშნული წვრთნები სწორედ ამ მოვლენებზე საპასუხო რეაქციაა. ფაქტია, ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციას ბოლო 13 წლის განმავლობაში ამ მასშტაბის წვრთნები არ ჩაუტარებია. გაკეთებული განცხადებებიდან გამოვლინდა, რომ ალიანსი საფრთხედ არა მხოლოდ რომელიმე ნატო -ს წევრ ქვეყანაზე აგრესიას, არამედ ევროპის სამხრეთ და აღმოსავლეთ მოსაზღვრე რეგიონების არასტაბილურობასაც მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ოპერაციებზე დამკვირვებლის სტატუსით იყო მოწვეული რუსეთის ფედერაციის სამი სხვადასხვა წარმომადგენლობითი ჯგუფი.

მოამზადა ნატო მუჯირიშვილმა