ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-03-2010
ლარსზე ერთ ტყვიას(?!) არ გადმოვატანინებთ...
ლარსზე ერთ ტყვიას(?!) არ გადმოვატანინებთ... 1-ელ მარტს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნამ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგანაც, მათი აზრით, ყაზბეგის რაიონში სიტუაციის დაძაბვის რეალური საფრთხე იქმნება.

არსებობს სხვა სახის საფრთხე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ლარსიდან რუსული შეიარაღების სომხეთში გადაზიდვასთან. ამ საკითხით საქართველოზე მეტად აზერბაიჯანია შეშფოთებული, რაც სრულიად გასაგებია.

ოფიციალურმა ბაქომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით არცთუ ორაზროვანი განცხადება გააკეთა - თუკი ლარსის გავლით რუსეთიდან სომხეთში იარაღი შევა, აზერბაიჯანი შესაბამის ზომებს მიიღებსო.

ბაქოს განცხადებას დაუყოვნებლივ უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, - რუსეთიდან ერთი ტყვიის გადმოტანასაც არ დავუშვებთო...
ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მართალია, საბჭოთა პერიოდში სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლის სფეროში მუშაობდა, მაგრამ მცირე უზუსტობა მაინც გაეპარა - ნასროლი და შესაბამისად, უკვე გამოუყენებელი ტყვიების გადმოტანა სომხეთს რუსეთიდან ნამდვილად არ სჭირდება, სხვა საქმეა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისა და საბრძოლო დანიშნულების (მათ შორის ჭურვებისა და რაკეტების) სახარჯო მასალის მომარაგება.

ერევანში ძალიან კარგად იციან, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი გამალებით იარაღდება - ბაქო ინტენსიურად ყიდულობდა საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას უკრაინაში იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს (ალბათ ახალი პრეზიდენტი იანუკოვიჩიც არ იქნება ამის წინააღმდეგი). ამ შეიარაღების მცირე ნაწილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით უკრაინიდან აზერბაიჯანში გადაჰქონდათ, დიდი ნაწილი კი საზღვაო ბორნებით ნიკოლაევიდან და ოდესიდან ფოთში ჩამოდიოდა, იქიდან სარკინიგზო ეშელონებით, საქართველოს მთელი ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანში მიჰქონდათ. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო სარკინიგზო გადაზიდვისას ამ გზით აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარებმა უკრაინიდან შედარებით მოძველებული БТР-70 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებისა და АК-74 ტიპის ავტომატების პარტია მიიღეს (ჩვენ შეგნებულად არ ვაზუსტებთ ციფრებს).

ამის შემდეგ ერევანი, ბუნებრივია, ცდილობს, თვითონაც გაზარდოს არსენალი, რადგან საჭირო სახარჯო მასალა - ვაზნები, ჭურვები, რაკეტები, ნაღმები - ზედმეტი არასოდესაა, არავინ იცის, შესაძლო ომი რამდენ ხანს გაგრძელდება და იქნება თუ არა საბრძოლო საჭურვლის შევსების დრო და საშუალება.

სომხეთის მთავარ სამხედრო მომმარაგებლად ისევ რუსეთი რჩება. მართალია, რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი სახმელეთო გზა აზერბაიჯანის გავლით დიდი ხანია ჩაკეტილია (ისე, როგორც აქამდე საქართველოზე გამავალიც), მაგრამ შეიარაღებას სომხეთი რუსეთიდან მაინც იღებდა. ამისთვის ერევანი საქართველოს საჰაერო სივრცეზე გამავალ საჰაერო ტრასას იყენებდა.

წარმოიდგინეთ, რუსეთიდან სომხეთში მიფრინავს Ил-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, მას საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერი აცილებს და აზრზეც არ არის, რომ АК-74-ისთვის საჭირო 40 ტონამდე ვაზნები მიაქვს...

ეს კიდევ არაფერი, რადგან ის სომხეთის კუთვნილი თვითმფრინავია და ერევანს აქვს უფლება, თავის ქვეყანაში შეიტანოს შეიარაღება.

უარესი ისაა, რომ საქართველოზე გამავალი საჰაერო ტრასით რუსეთის შეიარაღებული ძალების Ил-76 და Ан-12 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები დაფრინავენ და რუსეთიდან სომხეთში შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას ეზიდებიან სომხეთში დისლოცირებული გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გასაძლიერებლად...

ამაში დასარწმუნებლად სომხეთის დედაქალაქის ახლოს, "ერევან-იუჟნის" (ერებუნი) სამხედრო აეროდრომის ნახვაც კმარა, სადაც რუსული МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებთან ერთად მუდმივად იმყოფება 2-3 რუსული სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76 ტიპის თვითმფრინავი.

ამით გვინდა ვთქვათ, რომ თუკი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც ვერ შევძელით საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთიდან სომხეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების შეუმოწმებული გადაფრენების აღკვეთა, სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთიდან სომხეთში სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი განხორციელდეს.

საინტერესოა, ეტყვის თუ არა საქართველოს ხელისუფლება უარს ერევანს, თუკი მან თბილისს ოფიციალურად სთხოვა სომხეთის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის რუსეთიდან ლარსის გავლით სომხეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვა.

რატომღაც გვგონია, რომ პასუხი დადებითი იქნება, რომელსაც გაამართლებენ ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების აუცილებლობით.

ეს, ცხადია, აზერბაიჯანს ძალიან გააღიზიანებს, რასაც შეიძლება ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობის დაძაბვაც მოჰყვეს.

თუმცა, მეორე მხრივ, ერევანსაც რჩება კონტრარგუმენტი - თუკი აზერბაიჯანს შეუძლია უკრაინაში ნაყიდი შეიარაღების სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვა დასავლეთიდან აღმოსავლეთით, მთელი საქართველოს გავლით, მაშინ სომხეთს რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთით საქართველოს საავტომობილო გზებით რუსეთში ნაყიდი შეიარაღების გადატანის უფლება?!

ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლებამ, დღევანდელი მძიმე რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი უნდა აირჩიოს, ანუ არ დაუშვას რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერება სომხეთში, ჩვენს სამხრეთ საზღვართან.

თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ამის იმედი ნაკლებად რჩება...
Geronti
22 მარტი 2010 20:22
///თუკი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც ვერ შევძელით საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთიდან სომხეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების შეუმოწმებული გადაფრენების აღკვეთა, სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთიდან სომხეთში სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი განხორციელდეს.///

მთლიანობაში სტატია საინტერესოა, მაგრამ ეს არგუმენტი, უკაცრავად და ყურით მოთრეული მგონია.
GEO
22 მარტი 2010 14:24
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სომხები კი არ იარაღდებიან რუსეთიდან ამ შემთხვევაში, არამეტდ რუსები აძლიერებენ თავიანთ ბაზებს სასომხეთში, რაც შესაძებელია გამოყენებულ იქნას სამხრეთ კავკასიაში სხვადასხვა კონფლიქტების ესკალაციის შემთხვევაში. სომხეთი ამ შემთხვევაში არის რუსეთისთვის სტატეგიული პლაცდარმი
სხვა სტატიები
2009 წლის აგვისტოს დასაწყისი ძალზე დაძაბული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ომი ერთი წლის დამთავრებული იყო, რომ ჩრდილო კავკასიაში მოსკოვმა მორიგი გრანდიოზული სამხედრო სწავლება - ღფდრფპ-2009 გამართა; ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი დისლოცირებული იყვნენ რუსული საოკუპაციო ჯარები.
KvirisPalitra.Ge ოკუპირებული აფხაზეთის ბაბუშერის აეროპორტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსნები რუსული კომპანიის, ZALA
AERO-ს პროდუქციის, ორი ტიპის უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატის პრეზენტაციას დაესწრნენ.
KvirisPalitra.Ge სოხუმიდან მანაგუამდე, ნიკარაგუის დედაქალაქამდე პირდაპირი ხაზით 11878 კმ-ია, ცხინვალიდან მანაგუამდე კი კიდევ უფრო მეტი - 12126 კმ. მიუხედავად ამ უზარმაზარი მანძილისა,
KvirisPalitra.Ge საქართველოს პრეზიდენტის ახალაშენებული სასახლე, ისევე როგორც თავდაცვისა და განსაკუთრებით შსს-ს შენობები თავიანთი დიზაინით მაშინვე იპყრობენ ყურადღებას.
მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ცოტა ხნის წინ ვაზიანში, პირველი საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე უბედურება დატრიალდა - ერთმა სამხედრომ მეორე ავტომატის ჯერით დაცხრილა.
KvirisPalitra.Ge აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თბილისში რამდენიმესაათიანი ვიზიტის შემდეგ ყველამ - პოლიტოლოგებმა, კონფლიქტოლოგებმა თუ ეკონომისტებმა თავ-თავიანთი კომენტარები გააკეთეს.
KvirisPalitra.Ge დღე-დღეზე ალბათ ხელი მოეწერება უპრეცედენტო დოკუმენტს, რომლის ძალითაც NATO რუსეთისგან შეიძენს შვეულმფრენებს და ავღანეთში გაგზავნის.
KvirisPalitra.Ge თბილავიამშენში აღარ მალავენ, რომ ყველაფერი 26 ივნისის საღამოს გადაწყდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თბილავიამშენის ხელმძღვანელს, პანტიკო თორდიას კაბინეტში დოკუმენტები დაუდო ხელმოსაწერად.
იმ დროს, როდესაც პრეზიდენტები - ობამა და მედვედევი ვაშინგტონის ერთ-ერთ კაფეში ჰამბურგერებს მიირთმევდნენ და ერთმანეთს მეგობრობას ეფიცებოდნენ, თურმე რუსული არალეგალური სადაზვერვო ქსელი აქტიურად მუშაობდა აშშ-ის დედაქალაქში საიდუმლო ინფორმაციების მოსაპოვებლად.
KvirisPalitra.Ge ამ დღეებში სომხურმა საინფორმაციო სააგენტო "პანორამამ", ირანულ ინტერნეტგამოცემა "ასრ ირან"-ზე დაყრდნობით, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს ისრაელის ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა,