ქართველი გენერალი "ვარსკვლავური ომებისთვის" ლაზერულ იარაღს ქმნიდა - კვირის პალიტრა

ქართველი გენერალი "ვარსკვლავური ომებისთვის" ლაზერულ იარაღს ქმნიდა

გენერალ სულაქველიძის ლაზერული პისტოლეტის მთავარი დანიშნულება კოსმოსურ სივრცეში მოწინააღმდეგის თანამგზავრის ოპტიკური ხელსაწყოების მწყობრიდან გამოყვანა გახლდათ

"ვარსკვლავური ომებისთვის" მზადება კოსმოსში პირველი ადამიანის გასვლისთანავე დაიწყო. 1961 წლის 12 აპრილს დედამიწის ორბიტაზე გასული პირველი კოსმონავტი იური გაგარინი "მაკაროვით" იყო შეიარაღებული. პისტოლეტი საპარაშუტო სისტემის ხელუხლებელ მარაგში იმ შემთხვევისთვის შეიტანეს, თუკი მიწაზე დაშვებულ გაგარინს გარეული ცხოველებისგან თავის დაცვა დასჭირდებოდა.

მოგვიანებით, როდესაც ორბიტაზე საბჭოთა კავშირი და აშშ, ერთმანეთის ჯიბრზე, თითქმის ყოველთვიურად ახალ-ახალ თანამგზავრს გზავნიდნენ, მოსკოვისა და ვაშინგტონის დაპირისპირების ხმელეთიდან კოსმოსში გადანაცვლება რეალური გახდა.

საბჭოთა გენერლები არ გამორიცხავდნენ, ამერიკელ ასტრონავტებს, პენტაგონის დავალებით, დედამიწის ორბიტაზე მფრენი საბჭოთა უპილოტო და პილოტირებული ხელოვნური თანამგზავრების ხელში ჩაგდება განეზრახათ.

სწორედ კოსმოსურ ორბიტაზე თავდასაცავად (ან ვინ იცის, შეიძლება ამერიკულ თანამგზავრებზე თავდასასხმელად) საბჭოთა კავშირის გენშტაბმა ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტის შექმნა დაუკვეთა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო აკადემიის მეცნიერებს, კერძოდ, იმ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, რომელსაც ჩვენი თანამემამულე, პროფესორი, გენერალ-მაიორი ვიქტორ სულაქველიძე ხელმძღვანელობდა.

სიმართლე ითქვას, 1982 წლიდან საბჭოთა კოსმონავტების მიწაზე დასაშვები აპარატის ხელუხლებელ მარაგში "მაკაროვის" პისტოლეტების ნაცვლად უკვე გამოჩნდა უნივერსალური სამლულიანი პისტოლეტი ТП-82, მაგრამ ის მაინც ტაიგაში დაშვებული კოსმონავტებისთვის იყო განკუთვნილი, რომ მათ, სანამ იპოვიდნენ, მტაცებელი ცხოველებისგან თავი დაეცვათ.

კოსმოსურ სივრცეში ახლო მანძილზე საბრძოლველად საბჭოთა კოსმონავტებს სჭირდებოდათ ისეთი იარაღი, რომელსაც არ ექნებოდა უკუცემის ძალა და ამასთან, არ დააზიანებდა თანამგზავრის კორპუსის გარსს; მწყობრიდან გამოიყვანდა მხოლოდ ოპტიკურ ხელსაწყოებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოწინააღმდეგის ასტრონავტებს დააბრმავებდა (დროებით ან სამუდამოდ).

სწორედ ასეთი იარაღი იყო ლაზერული პისტოლეტი, რომლის კონსტრუირება შეძლო გენერალ სულაქველიძის სამეცნიერო ჯგუფმა. მათ თავიდანვე სწორად გათვალეს - ლაზერული პისტოლეტის გაბარიტები პისტოლეტ "სტეჩკინისას" არ აღემატებოდა და ჰქონდა ჩვეულებრივი მჭიდი 10 მმ კალიბრის 8 ვაზნით.

ვაზნაში არც ტყვია იყო და არც დენთი. მასში ჩამონტაჟებული გახლდათ პიროტექნიკური ნარევი, რომელსაც ზემოდან ვოლფრამის შემცველი პასტა ჰქონდა გადასმული. გასროლისას პისტოლეტის სასხლეტის წინ ჩამონტაჟებული ჩვეულებრივი "კრონას" ბატარეიდან ელექტროიმპულსი მიეწოდებოდა ვაზნას, მისი შიგთავსი ფეთქდებოდა, დიდი ენერგია წარმოიქმნებოდა, რომელიც პისტოლეტის ლულაში მოთავსებული სპეციალური ლინზების სისტემის გავლით მიზნისკენ ლაზერის სხივს გასტყორცნიდა.

პისტოლეტის ლულიდან გამოტყორცნილი სინათლის ენერგია 10 ჯოულამდე იყო. ის ვერ გახვრეტდა თანამგზავრის გარსს, მაგრამ საკმარისი იყო, რომ 20 მ-ის დისტანციიდან მწყობრიდან გამოეყვანა ოპტიკური ხელსაწყოები და დაეზიანებინა ადამიანის თვალები. ხელახალი გასროლის წინ სულაქველიძის ლაზერული პისტოლეტი ხელით გადაიტენებოდა, რა დროსაც, როგორც ჩვეულებრივ პისტოლეტებში, უკვე გამოყენებული ვაზნის მასრის ექსტრაქცია ხდებოდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოებად ითვლებოდა, თუმცა, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ "კოსმოსური ომების" საფრთხეც წარსულს ჩაჰბარდა და სულაქველიძის ერთადერთმა ლაზერულმა პისტოლეტმა საბოლოო ნავსაყუდელი სამხედრო აკადემიის მუზეუმში პოვა.

ლაზერული პისტოლეტის კონსტრუირება მართლაც ორიგინალური და საინტერესო იყო, თუმცა, გენერალი სულაქველიძე უფრო სერიოზულ თემებსაც ამუშავებდა, კერძოდ, ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვულ) ქობინებს, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. სავარაუდოდ, გენერალი სულაქველიძე მეორე ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, "ტოპოლების" ბირთვული ქობინების გაუმჯობესებაზეც ზრუნავდა. ჯერჯერობით კვლავ საიდუმლოა, მაგრამ პროფესორ სულაქველიძეს შემუშავებული ჰქონდა ჩვეულებრივი ჭურვების აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგიის გენერირების მეთოდები ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში, რაც მომავლის იარაღად ითვლება, რადგან მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსაყვანად არის განკუთვნილი.

ვიქტორ სულაქველიძე 1984 წელს გარდაიცვალა. ის საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჩვენი დოსიე:

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, ინჟინერი ვიქტორ სამსონის ძე სულაქველიძე 1919 წლის 15 დეკემბერს დაიბადა ვანის რაიონის სოფელ მთისძირში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული (შემდგომში - პოლიტექნიკური) ინსტიტუტი და როგორც წარჩინებული ახალგაზრდა სპეციალისტი, სამხედრო-საარტილერიო აკადემიაში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად.