ქართული ჯავშანსასწრაფო არაბეთის ომში მიდის! - კვირის პალიტრა

ქართული ჯავშანსასწრაფო არაბეთის ომში მიდის!

საქართველო, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად საუდის არაბეთში რამდენიმე ასეულ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას გაყიდის.

ხელშეკრულების თანახმად, წლის ბოლომდე "დელტამ" საუდის არაბეთს 90 მლნ ლარის 100-ზე მეტი ჯავშანსასწრაფო უნდა მიაწოდოს, საერთო კონტრაქტით კი მათი რიცხვი შეიძლება რამდენიმე ასეულამდე გაიზარდოს.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოიჩენს თავს ქართული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა იემენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში თავს, რადგან ამ ომში ჩაბმული საუდის არაბეთი თბილისიდან ჩატანილ ჯავშანსასწრაფოებს უცილობლად გაგზავნის წინა ხაზზე, სადაც საუდელებს პირადი შემადგენლობის არცთუ მცირე დანაკარგი აქვთ.

30 იანვარს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, "დელტა" მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავ "რუსლანში" ჩატვირთავს 12 ცალ DIDGORI-Medevac-ს და საუდის არაბეთში გაგზავნის.

ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში  ადგილზე სერიულად აწყობილი ჯავშანტექნიკის დიდი პარტიის გაყიდვის პირველი შემთხვევა, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და რაც მთავარია პოლიტიკურ მოგებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

ფინანსური მოგება განსაკუთრებით წაადგება "დელტას" კოლექტივს, ჯერ ერთი მის თანამშრომლებს სიამაყეს და თავდაჯერებულობას შემატებს და მეორეც - შემოსული თანხებით შესაძლებელი გახდება სხვა კონკურენტუნარიანი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროექტების (რომლებიც "დელტაში" ნამდვილად არ აკლიათ) განხორციელება და სხვა საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მიღება.

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია საქართველოდან საზღვარგარეთ 70 წელზე მეტია გადის, მაგრამ 1991 წლის ბოლომდე ეს საბჭოთა კავშირის სახელით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ საზღვარგარეთ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი არანაკლებ 26 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი გაყიდა. თბილისში აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების დიდი პარტიის ექსპორტი საქართველოს საინტერესო პერსპექტივებს უჩენს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე.

გაიგეთ მეტი ქართულ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანაზე

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. უნივერსალურ 4×4 შასიზე აგებული ჯავშანმანქანა მთლიანად დაპროექტებულია, აწყობილია და შემოწმებულია სახელმწოფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" მიერ.

ჯავშანმანქანას გააჩნია მაღალი დონის EN1063 B7+ სტანდარტის შესაბამისი ჯავშანდაცვა, რაც ორ ფენიანი ჯავშნით მიიღწევა. ჯავშანფილები უზრუნველყოფს ახლო მანძილიდან ნასროლი 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავებას.

მანქანის უკანა ნაკვეთურში განთავსებულია ოთხი ერთეული საკაცე და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა.

ცარიელი მანქანის წონა - 8200 კგ

ძრავის სიმძლავრე - 356 ცხ.ძ

თვლების ფორმულა - 4X4

მაქსიმალური სიჩქარე - 120 კმ/სთ

სვლის მარაგი - 500 კმ

ეკიპაჟი - 2 კაცი

დაჭრილების გადაყვანის შესაძლებლობა - 4

ირაკლი ალადაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)