"სხვა ქალბატონებიც საკმაოდ ბევრია, ბავშვებთან არავინ დაიჭერდა საქმეს" - რას ყვება სამხედრო მფრინავი, რომელიც აფრიკაში მსახურობდა - კვირის პალიტრა

"სხვა ქალბატონებიც საკმაოდ ბევრია, ბავშვებთან არავინ დაიჭერდა საქმეს" - რას ყვება სამხედრო მფრინავი, რომელიც აფრიკაში მსახურობდა

"უცხოელ სამოქალაქო პირებს პატარა გოგონები სექსუალურ მომსახურებას, მიზერულ თანხად ან სულაც წყლისა და პურის სანაცვლოდ სთავაზობდნენ"

როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, არსებობს ეჭვი, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა არასრულწლოვან გოგონებზე იძალადეს.

ქართველ საზოგადოებაში ამ ინფორმაციას ცხარე კამათი მოჰყვა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სურათს დადებს საერთაშორისო გამოძიება, რომელიც ყველა იმ ქვეყნის სამხედროებთან მუშაობს, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში იყვნენ ჩართულნი.

სამხედრო მფრინავი, ვეფხვია მსხვილიძე ერთ-ერთია, ვინც აფრიკაში სამუშაოდ საკუთარი სურვილით წავიდა და ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა. ის აფრიკაში არსებულ ვითარებაზე მოგვითხრობს...

- აფრიკაში ვინც ყოფილა და ვისაც ჰქონია ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ადგილობრივები უცხოელებთან შანტაჟზე ძალიან ხშირად მიდიან.

მათი წლოვანების განსაზღვრა ძალზე ძნელია, თითქმის შეუძლებელია, - მათი დაბადების ზუსტი თარიღი უმეტეს შემთხვევაში დაუდგენელია. გარდა ამისა, აფრიკულ ქვეყნებში კორუფცია ჩვეულებრივი რამ არის, უცხოელები, მათთვის ფულის მოპოვების ერთ-ერთ საშუალებად აღიქმება. იქ უკიდურესი სიღატაკეა, ერთი დოლარი საკმაოდ დიდი ფულია, არ არის წყალი და საკვები და იმისთვის, რათა იარსებონ, ისინი ცდილობენ უცხოელები დააშანტაჟონ, რათა შემდეგ, თუნდაც ერთი დღის საკვების ფული მოიპოვონ.

- თქვენი ინფორმაციით, რამდენად ხდება იქ სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცების კონტროლი, თუნდაც ადგილობრივებთან ურთიერთობისას? და კიდევ, ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია თუ არა მსგავსი ფაქტების შემთხვევაში, სამართალდამცველებს მიმართონ?

- მე სადაც ვიყავი, სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები იქაც იყვნენ, თუმცა დახურულ ბაზაზე, სადაც  უცხო ადამიანები, მით უფრო, ადგილობრივები, ნამდვილად ვერ მოხვდებოდნენ. თავისუფალი დრო, მაინცდამაინც არ ჰქონდათ და ქალაქში გასვლასაც ხშირად ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ჩვეულებრივ სამოქალაქო პირებისგან მსმენია, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხოელ სამოქალაქო პირებს პატარა გოგონები ძალიან მიზერულ თანხად ან სულაც წყლისა და პურის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ. შემდეგ, მიდიან პროვოკაციაზე, - მე არასრულწლოვანი ვარ და შენ ჩემი გაუპატიურება გინდოდაო, ან გადამიხდი ამა და ამ თანხას, ან მივდივარ პოლიციაში დ განვაცხადებ, რომ შენ ჩემთან არასრულოწლოვანთან გინდოდა სექსუალური კავშირის დამყარებაო. ეს კი, ცხადია, კანონით ისჯება. ადგილობრივი პოლიცია მათ მხარს უჭერს, მიდის "ეჭვმიტანილ" უცხოელთან და ეუბნება, - მოდით, პრობლემები რომ არ შეგექმნათ, გადაახადეთ ეს თქვენთვის მიზერული თანხა, შარი რად გინდათ და თქვენც კარგად იყავით და ისიცო... ქართველ ბიჭებთან დაკავშირებით, ცხადია, სულ სხვანაირი სიტუაციაა, - ისინი ფულს არ გადაიხდიდნენ, რადგან დარწმუნებული ვარ მათთან არანაირი ურთიერთობა არ ექნებოდათ. ბოდიშს ვუხდი მკითხველს, მაგრამ ამისთვის სხვა ქალბატონებიც საკმაოდ ბევრია, ბავშვებთან არავინ დაიჭერდა საქმეს... გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც ეს ფაქტი ფიქსირდება, ჩვენი სამხედროები იქ არ იმყოფებოდნენ.

- გსმენიათ ისეთი ფაქტის შესახებ, როდესაც ასეთი ბრალდება ვინმეს, კონკრეტულად კი, საერთაშორისო მისიით მყოფი სამხედროს მიმართ გახმაურდა და დაუმტკიცდა?

- არა, რამდენიმე წელი ვიყავი იქ, ნახევარი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოვლილი გვაქვს, საკმაოდ ბევრ სამშვიდობოს ვიცნობდი, თან მუდმივი როტაცია ხდებოდა, უკრაინელები, პაკისტანელები, ეგვიპტელები, ინდუსები, მაგრამ მსგავსი ფაქტის შესახებ არასდროს გამიგია.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება იმ სამხედრო მოსამსახურეებს კითხავს, რომლებიც დანაშაულის შესაძლო ჩადენის დროს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, ხდება იმ მწირი ინფორმაციის შეჯერება, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)