"ჰამერი" დავჯავშნოთ თუ "დიდგორი" გავაუმჯობესოთ? - კვირის პალიტრა

"ჰამერი" დავჯავშნოთ თუ "დიდგორი" გავაუმჯობესოთ?

SCTV პროგრამით მოდერნიზებული "ჰამვის" სრული საბრძოლო მასა 8,4 ტ-მდე გაიზარდა, სტანდარტულად შეჯავშნული "ჰამვი" კი მხოლოდ 6,2 ტ-ს იწონიდა

იარაღის ცნობილი ამერიკული კორპორაცია - Textron Systems Marine & Land Systems -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯონათან დალრიმპლის განცხადებით, საქართველო დაინტერესდა "ჰამერების" დაჯავშნის იმ პროექტით, რომელსაც სწორედ ეს კომპანია ახორციელებს.

მან ჯერ კიდევ 2009 წელს შექმნა მაღალი გამავლობის საარმიო მანქანა HMMWV-ის (რომელსაც ხშირად "ჰამერად" მოვიხსენიებთ, თუმცა, ამერიკელები "ჰამვის" ეძახიან) ახალი ჯავშნიანი ვარიანტი, რომელიც ეკიპაჟის დაცვას ძველ მოდელებზე მეტად აძლიერებდა.

გაძლიერებული "ჰამვით" დაინტერესდა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობაც, რადგან მათი მებრძოლები, მიუხედავად "ჰამვების" შეჯავშნისა, ერაყსა და ავღანეთში ხშირად იღუპებოდნენ გზებზე აფეთქებების შედეგად.

"ჰამვების" ჯავშნის სისუსტე გამოცადეს ქართველმა სამხედროებმაც, როდესაც ერაყში მათ თავს დაესხნენ და სამწუხაროდ, რამდენიმე დაიღუპა კიდეც. ერაყში ერთ-ერთ ასეთ თავდასხმაში მოხვდა ამ სტატიის ავტორიც, როდესაც ჩვენი ჯავშანკოლონის პირველი "ჰამვი" გზის პირას დამონტაჟებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. "ჰამვის" ეკიპაჟის რამდენიმე წევრი მსუბუქად დაიჭრა. უფრო ტრაგიკულ შედეგს იმიტომ გადავურჩით, რომ ნამსხვრევები მარჯვენა საბურავის დისკს მოხვდა. 25-30 სმ-ით უკან, კარს რომ მოხვედროდა, მსუბუქ ჯავშანში იოლად გააღწევდა...

მაგრამ "ჰამვების" ჯავშნის გაძლიერება აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობისთვის მალე არააქტუალური გახდა, რადგან მებრძოლები "ჰამვებიდან" უკეთ დაცულ MRAP-ებზე (ასე უწოდებენ ნაღმებისა და ჩასაფრებებისგან კარგად დაცულ მანქანებს, რომლებსაც ავღანეთში დღემდე იყენებენ ქართველი სამხედროებიც) გადასხეს და "ჰამვების" ჯავშნის გაძლიერების პროგრამა დავიწყებას მიეცა.

ამ ამერიკულმა კონცერნმა სამ-სამი ახლებურად შეჯავშნული "ჰამვი" გასული წლის ბოლოს ჯერ კოლუმბიაში, ხოლო წელს, თებერვლის დასაწყისში - კოლუმბიასა და უკრაინაში გაგზავნა. კოლუმბიელ სამხედროებს ქალაქის ქუჩებში ადგილობრივი ნარკობარონების კარგად შეიარაღებულ ჯგუფებთან უწევთ გამკლავება და ამიტომაც ინტერესდებიან გაძლიერებული ჯავშნის მქონე "ჰამვებით". რაც შეეხება უკრაინელებს, გასულ წელს პენტაგონმა კიევს 200 ცალი ნახმარი "ჰამვი" აჩუქა, რომელთა უმეტესობა უჯავშნოა. უკრაინელ სამხედროებს სურთ, მანამდე დაჯავშნონ ეს მანქანები, სანამ დონბასში აქტიური საბრძოლო მოქმედებები განახლდება.

მაგრამ რატომ უნდა იყოს დაინტერესებული საქართველო "ჰამვების" ახლებურად დაჯავშნით?

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკულმა მხარემ ქართულ არმიას გადმოსცა რამდენიმე ათეული შეჯავშნული და შეუჯავშნავი "ჰამვი", რომლებსაც თავდაპირველად ავღანეთში გასაგზავნი ჩვენი კონტინგენტის მოსამზადებლად ვიყენებდით, მაგრამ იქ ქართველი სამხედროებიც, ძირითადად, MRAP-ებით გადაადგილდებიან.

დღეს ჯავშნიანი "ჰამვების" მცირე ნაწილი ქართული არმიის სპეციალური ოპერაციების ძალთა შეიარაღებაშია, დანარჩენი (მათ შორის შეუჯავშნავი "ჰამვებიც") კი - კრწანისის სასწავლო ცენტრში დგას.

რამდენინე უჯავშნო "ჰამვის" ახალი ჯავშანკორპუსით აღჭურვა ქართული არმიისთვის ამინდს ვერ შესცვლის, მაგრამ იქნებ ახლებურად დაჯავშნული "ჰამვების" ახალი პარტიის შეძენაა დაგეგმილი, რაზეც ამერიკული იარაღის კორპორაცია Textron Systems Marine & Land Systems-ის ვიცე-პრეზიდენტმა მიგვანიშნა?

ისე, თუკი ასარჩევად გვექნება საქმე, ამერიკული "ჰამვების" ახალი პარტიის ყიდვას ხომ არ აჯობებს, ეროვნული პროდუქტის - ჯავშანმანქანა "დიდგორის" დახვეწასა და გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ?