რაში დასჭირდა ერევანს 3 000 კმ-ზე მფრენი Су-ები... - კვირის პალიტრა

რაში დასჭირდა ერევანს 3 000 კმ-ზე მფრენი Су-ები...

Су-30СМ-ს რუსეთი 50 მლნ დოლარად ყიდულობს, ხოლო მის საექსპორტო ვარიანტს Су-30VღB-ს ინდოეთში 83 მლნ დოლარად ყიდის

თანამედროვე რუსული შეიარაღების ხშირი გადასროლა სომხეთში შეიძლება თურქეთს უფრო ემუქრებოდეს, ვიდრე აზერბაიჯანს...

რეგიონული მასშტაბის სენსაციად იქცა იანვრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურმე სომხეთი რუსეთში თანამედროვე, მრავალი დანიშნულების მძიმე გამანადგურებლების - Су-30СМ-ების ყიდვას აპირებს.

სენსაცია ის კი არ არის, რატომ აქვს ამის სურვილი სუვერენულ სომხეთს, არამედ ის, სად და როგორ აპირებს ის 38-ტონიანი გამანადგურებლის გამოყენებას, რომელსაც ერევნიდან სანქტ-პეტერბურგამდე ძირს დაუშვებლად ჩაფრენა შეუძლია?

აზერბაიჯანთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სომხეთი, რა თქმა უნდა, მოიფიქრებს, სად და როგორ გამოიყენოს ეს ძვირად ღირებული რუსული გამანადგურებლები, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ სომხეთში გამოჩენილი ახალი რუსული საბრძოლო ტექნიკა აზერბაიჯანზე მეტად, თურქეთისკენ იქნება დამიზნებული.

სირიაში მიმდინარე სახმელეთო ბრძოლების ანალიზი მეტყველებს, რომ მოსკოვი ბაშარ ასადის ძალებს უბიძგებს, უპირველესად სირია-თურქეთის საზღვარი დაიკავონ, რათა თურქეთის სპეცსამსახურებმა ვეღარ შეძლონ მათ მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი რაზმების დახმარება; ამასთან, გამოირიცხოს ქურთების პოზიციებზე თურქეთის არმიის დანაყოფების შეტევა.

დღეს მოსკოვი სირიაში მთავარ მოწინააღმდეგედ "ისლამურ სახელმწიფოს" კი არა, თურქეთს აღიქვამს, რადგან სირიაში ერთმანეთს შეეჯახა რუსეთისა და თურქეთის იმპერიული ინტერესები და ეს პრობლემა იოლად ვერ მოგვარდება.

სომხეთში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისა და შორი რადიუსის მქონე მრავალდანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავების გადასროლით (დაგეგმილია ერევანთან, ერებუნის აეროდრომზე 18 რუსული МиГ-29 ტიპის გამანადგურებლის თანამედროვე МиГ-29СМТ მოდიფიკაციით ჩანაცვლება) მოსკოვი არა მარტო სამხრეთ კავკასიის რეგიონში იძლიერებს პოზიციებს, არამედ ძლიერდება NATO-ს წევრი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის საზღვართანაც. ამის გამო ჩნდება ეჭვი, რომ 50 მლნ დოლარად ღირებული Су-30СМ-ები შეიძლება სომხეთს არც სჭირდება (თუნდაც იმიტომ, რომ ერთი ასეთი გამანადგურებლის ფასად ერევანს რუსეთში უფრო საჭირო სხვა შეიარაღების ყიდვა შეუძლია), მაგრამ ამ გზით მოსკოვი ნიღბავს უკვე აღიარებული მოწინააღმდეგის - თურქეთის საზღვართან თანამედროვე შემტევი შეიარაღების გადასროლას.

რუსული ავიაცია თურქეთს ალყაში აქცევს

დღეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საავიაციო დანაყოფები თავმოყრილია თურქეთის სამხრეთ საზღვართან (სირიაში 40 რუსული საბრძოლო თვითმფრინავია), ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, საიდანაც თურქეთის შავიზღვისპირა სანაპირომდე სულ რამდენიმე ასეული კილომეტრია და იწყება რუსული ავიაციის გაძლიერება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილთან, სომხეთის ტერიტორიაზე.