"რუსული სამხედრო სისტემების რადიუსში ხვდება თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია და თურქეთის ნაწილი" - რისთვის ემზადება ოკუპანტი?! - კვირის პალიტრა

"რუსული სამხედრო სისტემების რადიუსში ხვდება თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია და თურქეთის ნაწილი" - რისთვის ემზადება ოკუპანტი?!

"რუსეთისა და თურქეთის ძველი ომების ანალიზიც მიანიშნებს იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი სწორედ სამხრეთ კავკასიის ქვედა ნაწილში გადიოდა"

"ადამიანებს ბედნიერად ცხოვრება სურთ და არა "კალაშნიკოვის" კაკანი და ტყვიამფრქვევების ბათქა-ბუთქი. დავიღალეთ..."

რამდენიმე დღეა ქართული (და არა მარტო) საზოგადოების ყურადღება რუსეთის მორიგ ქმედებაზეა მიპყრობილი, - ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მასშტაბურ სამეთაურო წვრთნებს იწყებს. როგორც რუსული მედია, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით იტყობინება, კავშირგაბმულობის ჯარების სამეთაურო - საშტაბო სწავლება ოლქის 35 პოლიგონზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყო. სწავლებაში სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 1 500-მდე ერთეულია ჩართული.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მოსკოვმა ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, მძიმე ტექნიკა და შეიარაღება განათავსა... საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო სწავლებები არ წყდება. ბევრი გარემოების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი კითხვა, - რისთვის ემზადება რუსეთი? რა აქვს ჩაფიქრებული და ვისი მისამართით, თუ ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობას გავითვალისწინებთ, მღელვარების საფუძველი ნამდვილად არსებობს...

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- იქიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, სადაც რუსეთის IV და VII საოკუპაციო ბაზებია დისლოცირებული, გვინდა, თუ არა, ისინი მუდმივად ატარებენ სამხედრო სწავლებებს.

2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, განათავსა შედარებით თანამედროვე და შორსმოქმედი საბრძოლო საშუალებები, მათ შორის, საზენიტო - სარაკეტო სისტემები და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც თავისი შესაძლებლობებით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავენ...

ამ დროისთვის რუსეთს სამხრეთ კავკასიაში სამი სერიოზული სამხედრო პლაცდარმი აქვს, ესენია, - ოკუპირებული ცხინვალის, აფხაზეთისა და სომხეთში, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა. ამ ბაზებზე განლაგებული სამხედრო სისტემების რადიუსში ხვდება თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია, თუ არ ვიგულისხმებთ აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და თურქეთის ნაწილს. ამ შესაძლებელობებით რუსეთს შეუძლია თავისი სამხედრო ზემოქმედება განახორციელოს, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ ჩვენს მეზობელ თურქეთზე, რადგანაც ოკუპირებული გალის რაიონიდან ისკანდერ "ემ" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსის მოქმედების რადიუსი არანაკლებ 500 კილომეტრია და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ დიდ ნაწილს სწვდება. ასევე, მათ აქვთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომელსაც თუ გალის რაიონში ჩაიტანენ, დაახლოებით 300 კილომეტრის რადიუსში საჰაერო სივრცის გაკონტროლება შეეძლებათ...

- ასეთ შემთხვევაში პრევენციის, ამ სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად, რა შეუძლია გააკეთოს ქართულმა მხარემ?

- ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, თუ რეალურად მოხდება შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის. იმის მიხედვით, თუ რა სისწრაფით დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა, გამორიცხული არაფერია. თუ სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდა, შესაძლოა, გარკვეულწილად შავი ზღვის რეგიონზეც გადმოინაცვლოს. ძველი ომების ანალიზიც მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთ-თურქეთის ომების ძირითადი ნაწილი სწორედ სამხრეთ კავკასიის ქვედა ნაწილში, ანუ საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებზე გადიოდა... თუმცა, მე მაინც მგონია, რომ სიტუაცია აქამდე არ მივა...

როგორც აფხაზეთში მცხოვრებლები არაოფიციალურ საუბრებში აცხადებენ, მათ მობეზრდათ მუდმივად ლამის ყაზარმულ გარემოში - სროლებისა და აფეთქებების ფონზე ცხოვრება, რაზეც სოციალურ ქსელებში აშკარად და აგრესიულად აპროტესტებენ.

ბადრი ჯახუა, სოხუმელი:

- აღარ გვინდა ამდენი საომარი ვითარება, არც ვირტუალური, არც წარმოსახვითი და მით უფრო, არც ნამდვილი, - მშვიდი, ნორმალური და დალაგებული გარემო გვინდა. ახალგაზრდების განათლების პერსპექტივა და ინფრასტრუქტურის განვითარება და არა განუწყვეტლივ რუსი სამხედროების წვრთნების ყურება... ადამიანებს ბედნიერად ცხოვრება სურთ და არა "კალაშნიკოვის" კაკანი და ტყვიამფრქვევების ბათქა-ბუთქი. დავიღალეთ, უბრალოდ, დავიღალეთ ამდენი წინასაომარი, საომარი და პოსტსაომარი ვითარებით...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)