ვინ გაიტაცა კოპიტნარიდან ქართველების "Су-25"?! - კვირის პალიტრა

ვინ გაიტაცა კოპიტნარიდან ქართველების "Су-25"?!

ბევრისთვის შესაძლოა უცნობია 1993 წელს საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალებში მომხდარი ფაქტის შესახებ, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. ფაქტი ეხება კოპიტნარის აეროდრომიდან სომხეთში საქართველოს საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი Су-25К- გატაცებას, რომელიც რუსმა კაპიტანმა სერგეი ჟიტნიკოვმა მოტყუებით გაიტაცა და სომხეთის ტერიტორიაზე დასვა.

სამხედრო ექსპერტი, ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ახლა ამ საქმის დეტალებს AMBEBI.GE-სთან საუბარში იხსენებს:

"1993 წლის ნოემბერში, საქართველოში სამოქალაქო ომის დროს, ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტში დისლოცირებული იყო ქართული სამხედრო ავიაციის "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც სასწრაფოდ გადმოიყვანეს თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე. მფრინავებს შორის, ერთ-ერთი იყო რუსი მფრინავი, ჟიტნიკოვი, რომელიც საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში მიიღეს 1993 წელს. სამოქალაქო ომის დროს დასავლეთ საქართველოში ზვიადისტების წინააღმდეგ რამდენიმე გაფრენაც მოასწრო. გასაოცარი ის იყო, რომ მაშინ ქართველი მფრინავები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და უნდოდათ ქვეყანაში მსახურება, არ მიიღეს და რატომღაც ეს რუსი მფრინავი მიიღეს.

კოპიტნარიდან გამოფრენამდე ჟიტნიკოვმა მეორე მფრინავს, ზვიად ბექაურს უთხრა, რომ იმ თვითმფრინავში, რომლითაც თავად უნდა გამოფრენილიყო, საათი არ მუშაობდა, მეორეში კი, რომელიც ახალი იყო, საათი მუშაობს და ახალ თვითმფრინავზე დავჯდებიო. ქართველი მფრინავიც დაეთანხმა. საუბრის ეს დეტალი მოგვიანებით გაიხსენეს. ჩაჯდა ეს რუსი მფრინავი ამ ახალ სუ-25-ში, ორივე გამოფრინდა. ქართველი თბილისში ოციოდ წუთში დაეშვა, თუმცა რუსი მფრინავი არ ჩანდა, იფიქრეს ჩამოვარდაო და დაიწყეს ძებნა. ველის აეროდრომის ლოკატორმა სომხეთისკენ მფრენი აპარატი დააფიქსირა. მოიერიშის საძებნელად ორადგილიანით ზვიად ბექაური და მაიორი ოლეგ ცატიაშვილი აფრინდნენ და სევანის ტბამდე ეძებეს, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟიტნიკოვმა თვითმფრინავი სომხეთის ტერიტორიაზე, ზვარტნოცის აეროპორტში დასვა, ანუ გაიტაცა", - გვიამბობს ალადაშვილი.

კითხვის გაგრძელება