მზად ვართ თანამედროვე ომისთვის? - კვირის პალიტრა

მზად ვართ თანამედროვე ომისთვის?

უკრაინაში, სირიასა და მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ანალიზი დაეხმარებოდა ქართულ არმიას ახალი ტიპის ომებისთვის მომზადებაში...

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისა ხდება, თუმცა, მიუხედავად მეოთხედსაუკუნოვანი არსებობისა, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ქართული არმია საბოლოოდ ჩამოყალიბდა და მისი ბრძოლისუნარიანობა მაღალ დონეზეა.

ასეთი, არცთუ ოპტიმისტური, შეფასების მიზეზი არის ანალიზი შეიარაღებული კონფლიქტებისა, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩვენს მეზობლად თუ შედარებით მოშორებით წარიმართა.

ერთ-ერთი პირველი შეიარაღებული კონფლიქტი 21-ე საუკუნეში სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლმა თავის მთავარ მიზანს მიაღწია, ამ ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო რუსული არმიის რეფორმირება, რადგან აგვისტოს ომში გამოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ბევრი ნაკლი, რომლებსაც ომში საქართველოზე ძლიერი ქვეყანა რუსეთს არ აპატიებდა.

რეფორმების შედეგად რუსეთის არმიის ნაწილი, განსაკუთრებით კი - მისი სამხრეთი სამხედრო ოლქი თითქმის მთლიანად გადაიარაღდა, შეცვალა მოქმედების ტაქტიკა და 2014 წლის გაზაფხულზე მოსკოვმა წარმატებული ელვისებური ოპერაცია ჩაატარა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის დასაპყრობად, მოგვიანებით კი - უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტული მოქმედებების გასაღვივებლად.

თავის მხრივ, უკრაინის არმიამაც, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისას სავალალო მდგომარეობაში იყო, მოახერხა მობილიზება და მოწინააღმდეგეს საშუალება აღარ მისცა, გასცილებოდა დონბასს და უკრაინის სხვა რეგიონებიც დაეპყრო.

მეზობელი აზერბაიჯანი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა აგვისტოს ომსა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, სწორი დასკვნაც გამოიტანა და დაიწყო თავისი არმიის გადაიარაღება თანამედროვე შეიარაღებით.

იმის თქმა გვინდა, რომ დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის არმიები ყველაზე უკეთ არიან მომზადებული თანამედროვე ტიპის საბრძოლო მოქმედებებისათვის. აქ, უპირველესად, იგულისხმება უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და მისი ოპერატიულად გადაცემა/დამუშავება (ამასთან, აზერბაიჯანმა პოსტსაბჭოთა შეიარაღებულ კონფლიქტებში პირველად გამოიყენა დამრტყმელი ფუნქციის უპილოტოებიც), საარტილერიო ცეცხლის კორექტირება უპილოტოების დახმარებით, მართვადი, მათ შორის - მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გამოყენება, რომლებიც "გაისროლე-დაივიწყე" პრინციპით მოქმედებს (მაგალითად, აზერბაიჯანის მიერ ისრაელში ნაყიდი "სპაიკები"), საჰაერო თავდაცვის სისტემების დანერგვა საბრძოლო დანაყოფების სხვადასხვა დონეზე.

რაც უნდა რთული იყოს ამის აღიარება, დღეს ქართული არმია ზემოხსენებულით ვერ დაიკვეხნის, არადა, დასანანი გახლავთ, რომ თანამედროვე შეიარაღების პირველი ნიმუშები საუკუნის დასაწყისში სწორედ საქართველოში გამოჩნდა. გავიხსენოთ თუნდაც "თბილავიამშენისა" და ებრაული "ელბიტის" მიერ ერთობლივად მოდერნიზებული Su-25KM "სკორპიონი" და მის ბაზაზე შექმნილი "მიმინოები", ისრაელში ნაყიდი უპილოტო "ჰერმესები", "ელბიტთან" ერთად მოდერნიზებული T-72SIM1 ტიპის ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე დაყენებული ჯი-პი-ესით მართვადი RM-70-ები, მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემები - "სპაიდერები"...

ეს ყველაფერი ქართულ არმიას აგვისტოს ომამდე ჰქონდა (სხვა საკითხია, რატომ არ გამოვიყენეთ ისინი უფრო ეფექტურად), მაგრამ დღეისათვის მათი ნაწილი ან განადგურებულია (მაგალითად, "ჰერმესები"), ან კაპიტალური რემონტი სჭირდება, ან მათი მარაგი თითქმის ამოწურულია (ბოლო ორ კატეგორიაში მოხვედრილ შეიარაღებისა და აღჭურვილობის ტიპებს განზრახ არ ვაზუსტებთ).

რეალობა ასეთია: დღეს ქართულ არმიას ძალიან გაუჭირდება, აწარმოოს ისეთი საბრძოლო მოქმედებები, სადაც მასშტაბურად და ეფექტურად გამოიყენებს სადაზვერვო და ცეცხლის მართვის, საჰაერო თავდაცვის, საჰაერო იერიშის მიტანის თანამედროვე საშუალებებს, რაც მკვეთრად ზღუდავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.