"მკვლელობის კადრები რომ ვნახეთ, გადავწყვიტეთ, ასე გადაგვეხადა სამაგიერო ოკუპანტისთვის" - სამხედრო ოპერაცია "გიგა" - კვირის პალიტრა

"მკვლელობის კადრები რომ ვნახეთ, გადავწყვიტეთ, ასე გადაგვეხადა სამაგიერო ოკუპანტისთვის" - სამხედრო ოპერაცია "გიგა"

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მებრძოლმა ქართველებმა პრორუსი სეპარატისტების პოზიციების სიღრმეში დივერსიული სპეცოპერაცია ჩაატარეს. ოპერაცია, რომელსაც მათივე ინფორმაციით, 12 რუსი სამხედრო შეეწირა, ქართველმა ლეგიონერებმა სოფელ ხურჩასთან ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლულ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიუძღვნეს...

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, ეს იყო ლოგიკური პასუხი იმ ცინიკურ მკვლელობაზე, რომელმაც ქართული საზოგადოება შეძრა. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, აღნიშნული ინფორმაცია, კარგა ხანს დაუჯერებელი იყო. მოგვიანებით, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სპეცოპერაციის მონაწილეებმა გაავრცელეს სათაურით, - "მათთვის ვისაც ამ სპეცოპერაციის რეალურობის არ სჯერა".

"ქართულმა ლეგიონმა 12 ივნისს დებალცევოს მიდამოებში ჩაატარა სპეცოპერაცია "გიგა" ბრძოლა მიმდინარეობდა 8-10 მეტრის მანძილზე. დადასტურებული ინფორმაციით შეტაკების შედეგად, განადგურებულია 12 რუსი სამხედრო მოსამსახურე (ოფიციალური მონაცემებით). ბრძოლაში, "ქართულ ლეგიონთან" ერთად 25 მოტოქვეითი ბატალიონის მე-3 ასეული მონაწილეობდა", - იტყობინებიან უკრიანიდან ქართველი მეომრები.

მამუკა მამულაშვილი:

- 12 ივნისს "ქართული ლეგიონის" მიერ მოწინააღმდეგის ზურგში განხორციელებულ დივერსიისას, საერთო ჯამში, 12 რუსი სამხედრო დაიღუპა, 10 კი დაიჭრა. სროლების შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო, ლეგიონის ორმა წევრმაც, მაგრამ ღვთის წყალობით, ბიჭები ახლა კარგად არიან. ორივე მათგანი ამ ეტაპზე კიევში სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯაბა და მამუკა თანამებრძოლებს მალე დაუბრუნდებიან...

ვიცი, რომ ეს ოპერაცია, ასე კონკრეტულად ქართველების მიერ ჩადენილი, ბევრისთვის მოულოდნელი და დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ძალზედ საპატიო მიზეზი ჰქონდა, - ამ სპეცოპერაციის დაგეგმვა გიგა ოთხოზორიას არაკაცურმა და მუხანათურმა მკვლელობამ გადაგვაწყვეტინა. მკვლელობის კადრები რომ ვნახეთ, სიმწრის ცრემლები წამოგვივიდა და გადავწყვიტეთ, სწორედ ასე გადაგვეხადა სამაგიერო ოკუპანტისთვის... ეს მხოლოდ მოკრძალებული საქმეა ამ ბიჭის ხსოვნისთვის.

- გვიამბეთ ამ სპეცოპერაციის შესახებ...

- ჩვენი ბიჭები, ექვსკაციანი ჯგუფი შევიდა მოწინააღმდეგის ზურგში და მათ ცეცხლი ყუმბარმტყორცნებიდან და ხელის ტყვიამფრქვევებიდან გაუხსნა. მანამდე კი კოორდინატები უკრაინელ არტილერისტებს გადასცეს და ცეცხლის კორექტირებაც მოახდინეს. შედეგად, დაიღუპა რუსული არმიის 12 ჯარისკაცი, დაახლოებით ამდენი დაიჭრა, საარტილერიო ცეცხლმა კი 40 სეპარატისტი გაანადგურა. დანაკარგი ავტოტექნიკაშიც ჰქონდათ...

უკრაინაში მყოფი ქართველების თქმით, კარგა ხანია ბრძოლები განახლდა.

ირაკლი ქურასბედიანი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი:

- ისინი მუდმივად ცდილობენ ჩვენს პროვოცირებას, ჩვენ კი, მაქსიმალურად ვცდილობთ, პროვოკაციას არ წამოვეგოთ. თუმცა, ზოგჯერ პასუხის გაცემა გარდაუვალია. "ქართული ლეგიონი" ამ ეტაპზე 25-ე ცალკეული ბატალიონის შემადგენლობაშია და ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში, წინა ხაზზეა. ქართველების გარდა, უკრაინის არმიის შემადგენლობაში, ოფიციალურად სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არ ირიცხებიან... მე ამჟამად, M სექტორში ვმუშაობ.

ეს არის, მარიოპულიდან დონეცკამდე ტერიტორია, რომელიც შიროკინოსა და მარინკისაც მოიცავს. ქართული ლეგიონის ბიჭები, აქედან შორს არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, გავიგეთ ამ ოპერაციის შესახებ. რამდენჯერმე მკითხეს, ამ ოპერაციის შესახებ, ადგილობრივი მეთაურობა თუ იყო საქმის კურსშიო, - აქ თავისი ნებით, ბატალიონის მეთაურიც კი ვერ გაისვრის. ასე რომ, ნებისმიერი ნაბიჯი სექტორების სარდლობასთან შეთანხმებითა და მათი მითითებით ხდება. საერთოდ, არც ერთ ომში ქვემოდან ზემოთ არაფერი იგეგმება.

ბოლო დროს მთელი ფრონტის ხაზზე ვითარება საკმაოდ დაიძაბა. აქ ყოველდღეა დანაკარგი, ჩვენი და იმათი მხრიდანაც. თავად ომი, ალბათ დიდ ხანს არ მორჩება... აქ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რუსებს იქით მიჰყავთ სიტუაცია, როგორც აფხაზეთში, 90-იან წლებში გააკეთეს, იგივე გაიმეორონ, ანუ სტატუსქვო დაამყარონ... ამის განხორციელებამდე კი, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სოფელი, დასახლებული პუნქტი თუ უბრალოდ ტერიტორია წაიღონ. ამას, ჯერჯერობით ლოკალური სახე აქვს, მაგრამ შესაძლოა მალე გამოვიდეს კონტროლიდან და ფართომასშტაბიან ოპერაციაში გადაიზარდოს. ამის ნიშნები არის.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)