გენშტაბში ახალი უფროსი მოდის... მეორედ - კვირის პალიტრა

გენშტაბში ახალი უფროსი მოდის... მეორედ

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სავარძელს თავის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უთმობს.

სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ გენშტაბის უფროსის შეცვლა მოსალოდნელი იყო. მართალია, პრეზიდენტს შეეძლო, გენერალ კაპანაძისთვის უფლებამოსილება ერთი წლით გაეხანგრძლივებინა, მაგრამ ეს არ მოხდა.

ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას სამხედროები კარგად იცნობენ.

45 წლის გენერალმა სამხედრო კარიერა 1991 წელს ეროვნულ გვარდიაში ჯარისკაცობით დაიწყო. მერე გახდა სერჟანტი, მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. მან სამხედრო კარიერის თითქმის ყველა საფეხური გაიარა და აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში, გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 2009 აპრილამდე იმუშავა, რადგან დაუპირისპირდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაიას, რომელიც ცდილობდა, ჩარეულიყო გაერთიანებული შტაბის ფუნქციებში. ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, თუმცა ერთი მინისტრის ორი უკიდურესად დაპირისპირებული მოადგილის ერთად მუშაობის პერიოდი ოთხიოდე თვე გაგრძელდა - 2009 წლის აგვისტოს ბოლოს ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, ჩაჩიბაიამ კი მეორე დღესვე დატოვა თავდაცვის სამინისტრო. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, ერთ წელიწადში კი აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროს მრჩევლად გაამწესეს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ ვლადიმერ ჩაჩიბაია გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას დაუბრუნდა და აქ იმუშავა 2015 წლის სექტემბრამდე, სანამ ავღანეთში, გაეროს დახმარების მისიაში, უფროს სამხედრო მრჩევლად არ დანიშნეს.

გენშტაბიდან გენერალ ჩაჩიბაიას მეორედ წასვლა, ალბათ, გამოწვეული იყო მისი და გენშტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის უთანხმოებით. ამ დაპირისპირების შესახებ ხმები დადიოდა შეიარაღებულ ძალებში.

2016 წლის სექტემბერში გენერალ ჩაჩიბაიას გენშტაბში დაბრუნება და თანაც - უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე, მოასწავებდა, რომ ის შეცვლიდა თავის ოპონენტს, გენშტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს, რომელსაც სამწლიანი ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება.

გენშტაბის ახალ უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეიარაღებულ ძალებში რთული ვითარება დახვდება, გნებავთ - პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის და გნებავთ - ტექნიკის გამართულობის თვალსაზრისით.

გაერთიანებული შტაბისა თუ გენშტაბის ყოფილი უფროსების უმეტესობის მთავარი პრობლემა ის გახლდათ, რომ ისინი უფლებას აძლევდნენ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ხელმძღვანელებს, უხეშად ჩარეულიყვნენ გენშტაბისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო საქმიანობაში. ისინი ამ საქმიანობაში ვერ ერკვეოდნენ, თანაც ამას კონსტიტუცია კრძალავს, მაგრამ გენშტაბის ყოფილი უფროსების ნაწილი ამას, ალბათ, იმიტომ თანხმდებოდა, რომ მაღალანაზღაურებადი თანამდებობა შეენარჩუნებინა.

თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია არ ჰგავს იმ ჩინოვნიკს, რომელიც ლანძღვა-გინებით შევა გენშტაბში (არადა, სამწუხაროდ, წინათ ასე ხდებოდა...), მაგრამ გენშტაბის ახალ უფროსს მოუწევს, მტკიცედ, თუნდაც ხშირი და ცხარე კამათით, დაიცვას თავისი პოზიცია.

ჭეშმარიტება ხომ სწორედ არგუმენტირებულ კამათში იბადება...

ირაკლი ალადაშვილი