როგორი ჯარისკაცები გვჭირდება დღეს?
თემა, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, ორმოც წელს გადაცილებულ ქართველ მამაკაცთა უმრავლესობისათვის კარგადაა ცნობილი. საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურზე მოგახსენებთ. საბჭოთა არმია ერქვა, თორემ არსით იყო რუსული, ანუ იმპერიული – ერთ ყაზარმაში შეყრილი სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, ტრადიციების ახალგაზრდები, რომლებსაც სიცოცხლის ფასად უნდა დაეცვათ ,,საერთო სამშობლო“.
რა თქმა უნდა, ამისი არავის სჯეროდა, არც ამ ბიჭებს და არც იმათ, ვისაც მათგან "სამშობლოს დამცველი" ჯარისკაცები უნდა გამოეწვრთნა. ეს უკუღმართობა იყო ყველა იმ უმსგავსობის სათავე, საბჭოთა ჯარში რომ ბატონობდა. იქ ახალგაზრდა სწავლობდა ყველაფერს, ბრძოლის გარდა – საბჭოთა კავშირის ხალხთა ყველა ენაზე გინებას, მოვალეობის შესრულებისგან თავის დაძვრენას, პირმოთნეობას, სისასტიკეს, ძალმომრეობას...
მოვალეობის შესრულებისაგან თავის დაძვრენაში ისეთ საქმიანობასაც ვგულისხმობ, როგორიც იყო, მაგალითად, მთელი დღე-ღამის („სუტკის“) განმავლობაში ე.წ ,,ტუმბოჩკასთან“ დგომა, ჭურჭლის რეცხვა, კარტოფილის ფცქვნა, იატაკის რეცხვა, ტუალეტის ხეხვა...
ქართველები ამას ,,ზემლიაკობის“ პრინციპის დაცვით ახერხებდნენ, ჩეჩნები შეურაცხადებივით იქცეოდნენ, სლავებს ,,დედოვშინა“ ჰქონდათ, შუა აზიელები თავს იდებილებდნენ. საბოლოოდ საკეთებელი მაინც კეთდებოდა დამფრთხალი, შიშისაგან ადამიანის სახედაკარგული ,,შნირებისა“ და ,,მალადოების“ ხელით.
ასეთი იყო ჯარი, რომელსაც არ ჰქონდა რწმენა და რომლის არსებობის ერთადერთი საფუძველი იყო ძალადობა.
დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში სამსახურს ვერ მოვესწარი. თუმცა, უკანასკნელ წლებში ბევრ ჯარმოხდილ ახალგაზრდასთან მისაუბრია და რასაც ისინი მიამბობენ, საოცარია. ალბათ, ყველა მშობელი ისურვებდა, რომ მის შვილს ასეთ ჯარში ემსახურა. ასე იყო 2008 წლამდე. შემდეგ თითქოს რაღაც შეიცვალა. მანამდე ღია (დასაშვებ ზღვრამდე) სისტემა, გადაიქცა აბსოლუტურად დახურულ, ბურუსით მოცულ ორგანიზაციად, საიდანაც დროდადრო ექოსავით მოდის ამბოხებებისა და უთანხმოებების ხმა. უფრო ზუსტად, მოდიოდა. ახლა საერთოდ აღარაფერი ისმის...
თუმცა, იშვიათად მაინც ისმის. მაგალითად, ახლახან სამხედრო ექსპერტმა, ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა ასეთი ცნობა გაახმოვანა: თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო ნაწილებში გაუქმდა დამლაგებლის თანამდებობა. შესაბამისად, ამიერიდან თავად ჯარისკაცებს მოუწევთ იმ საქმის შესრულება, რომელსაც დამლაგებლები ასრულებდნენ. სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ერთი შეხედვით ნაკლებად საყურადღებო გადაწყვეტილება, გამოიწვევს მწვავე კონფლიქტს როგორც ჯარისკაცთა შორის, ასევე მეთაურებთან ურთიერთობისას.
ადრე ქართულ ჯარში შავი სამუშაოს შესრულებისთვის ე.წ. ,,დედოვშინა“ იყო.
ზემოთ ორმოც წელს გადაცილებულები ვახსენე. ვფიქრობ, ისინი დამეთანხმებიან, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი შტატის გაუქმება, არც იმის თქმა იქნება სწორი – არაფერი მოუვათ, თავად ხეხონ და რეცხონ თავისი დასვრილიო. ამ ჯარისკაცებს ხვალ შეიძლება ბრძოლაში მოუწიოთ ჩაბმამ და იქ მხოლოდ რწმენა და ერთმანეთის თანადგომა თუ დაამარცხებინებთ მტერს.
რუსული ჯარის მთავარი სისაძაგლე ის იყო, რომ იქ არავის სჭირდებოდა ჯარისკაცი, რომელსაც ღირსება ჰქონდა.
დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)