მოსკოვში რატომ სწავლობდი ომსაო? - კვირის პალიტრა

მოსკოვში რატომ სწავლობდი ომსაო?

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 150-მდე უფროსი ოფიცრის უკანონო დათხოვნაში სდებენ ბრალს...

ორგანიზაცია "ვეტერანები ვეტერანებისთვის" თავმჯდომარე დავით დავითაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ შეიარაღებული ძალებიდან 150-მდე უფროსი ოფიცერი დაითხოვა. მისი განცხადებით, ოფიცრებს სამსახურიდან მათი გაშვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის მიაჩნიათ, რომ 90-იანი წლების შუახანებში ისინი რუსეთის სამხედრო აკადემიებში სწავლობდნენ.

დავითაშვილის თქმით, ამ ოფიცერთა უმრავლესობა 1992-93 წლების აფხაზეთის ომის მონაწილეა და მიღებული აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანის სტატუსი; ამასთან, გათავისუფლებული ოფიცრები რამდენიმე თვეში ან ერთ-ორ წელში ისედაც ამთავრებდნენ სამხედრო სამსახურს და პენსიაზე უნდა გასულიყვნენ, მაგრამ დათხოვნის გამო სამხედრო სამსახურის სტაჟი არ იქნება სრული და საკმარისი სამხედრო პენსიის მისაღებად.

აფხაზეთის ომის შემდეგ, 1994 წლის აპრილიდან 1998 წლის აპრილამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო გენერალ-ლეიტენანტი ვარდიკო ნადიბაიძე, რომელიც არც მალავდა, რომ როგორც ყოფილი საბჭოთა არმიის ოფიცერს, ქართული არმიის ჩამოყალიბება სწორედ ასეთ ყაიდაზე სურდა. მისი ბრძანებით რუსეთის სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასობით ქართველი ოფიცერი გაიგზავნა. რაც უნდა ითქვას ნადიბაიძეზე, ერთი რამ უდავოა - მან ჯარის ყაზარმაში შეყვანა მოახერხა და ოფიცრებს წვერის გაპარსვაც აიძულა.

ბევრმა მონდომებულმა ქართველმა რუსულ სამხედრო აკადემიებში მიიღო ის თეორიული ცოდნა, რაც ასე აკლდა ქართულ არმიას აფხაზეთის ომში, ხოლო ზოგიერთმა ჭკვიანმა და მოხერხებულმა ოფიცერმა ის ოპერატიული რუკებიც გადაიღო, რომლებზეც აფხაზეთის ომში რუსულ-აფხაზურ-ჩეჩნური დანაყოფების მოქმედება იყო დატანილი.

1998 წლის გაზაფხულიდან, როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვარდიკო ნადიბაიძე დავით თევზაძემ შეცვალა, რუსეთის სამხედრო აკადემიებში ქართველი ოფიცრების სწავლება არააქტუალური გახდა - ქვეყანამ გეზი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ აიღო (სიტყვით მაინც)...

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პირველივე თვეებში, ცხადი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო აკადემიებში განათლებამიღებულ ქართველ მაღალჩინოსან ოფიცრებს მომავალი წარმატებული კარიერის დიდი იმედი არ უნდა ჰქონოდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული სამხედრო აკადემიების შემდეგ არაერთი სასწავლო კურსი გაიარეს ევროპულ თუ ამერიკულ სამხედრო სასწავლებლებში.

რა თქმა უნდა, ისინი არ იყვნენ დამნაშავე, რომ რუსეთზე ორიენტირებული თავდაცვის მინისტრი მათ მოსამზადებლად რუსეთში გზავნიდა - ეს ხომ საქართველოს იმდროინდელი  ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილი იყო.

მეორე მხრივ, ვინ თქვა, რომ რუსეთის სამხედრო აკადემიებში მიღებული ცოდნა უარსაყოფია? პირიქით, იმ ახალგაზრდა ბატალიონის მეთაურებისთვის, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში პირველად მოხვდნენ ბრძოლის ველზე, ვინმეს რომ კარგად ესწავლებინა სავარაუდო მოწინააღმდეგის - რუსეთის არმიის საბრძოლო მოქმედების ტაქტიკა, მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ეს პირველ რიგში ეხება მე-4 ქვეით ბრიგადას, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო დაეღუპა...

ეს ომის ვეტერანების ჯგუფურად გაყრის პირველი შემთხვევა არ არის. თუკი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ყველაზე ცნობილ სამხედრო მეთაურებს აიძულებდნენ არმიის დატოვებას, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს უკვე ჯგუფურად ხდება, გავიხსენოთ თუნდაც 200-მდე პოლკოვნიკისა და ვიცე-პოლკოვნიკის დათხოვნა საახალწლოდ.

შესაძლოა, ზოგიერთი ოფიცერი მართლაც არ შეეფერებოდეს დაკავებულ თანამდებობას, მაგრამ მათი საქმეების ინდივიდუალურად და ობიექტურად განხილვაა საჭირო და არა - ყველას ერთი ხელის მოსმით გათავისუფლება; სხვა თუ არაფერი, მათი საბრძოლო გამოცდილება ბევრ ახალგამომცხვარ და წარმოუდგენელი სისწრაფით დაწინაურებულ ოფიცერს არც კი დაესიზმრება...

P.S. ქართული არმიის რიგებიდან დროზე ადრე დათხოვნილები ეჭვობენ, რომ სახელმწიფოს ფინანსების დაზოგვა სურს და სამხედრო სტაჟის შესრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მათი გათავისუფლების მიზეზიც სწორედ ეს არის...